- ლილე კვირკვია ნარაზენის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა. ახალგაზრდა შემოქმედი ამბობს, რომ პოეზია მისთვის სულის სიმშვიდეა, ლექსის სტრიქონებით გადმოსცემს წუხილს, დარდს და იქვე დასძენს, რომ მისი საუკეთესო მეგობარი კალამი და ფურცელია.
“ყველანაირად ვცდილობ, თითოეულ ლექსში ჩავაქსოვო მთელი გრძნობა, ის რაც მიხარია, ან მაწუხებს.
როდესაც ლექსის წერას ვიწყებ, ჩემს მაგიდაზე ერთი მეორის მონაცვლებით, საწერ კალამთან და ფურცლებთან ერთად, მრავლად აწყვია ყავის ფინჯანი, რადგან ყავა მამშვიდებს და ხელს მიწყობს ლექსის შექმნაში.
ერთ მშვენიერ დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში აღმოვჩნდი ღონისძიებაზე, ბოლოს ჩემი ინიციატივით წავიკითხე ერთ-ერთი ლექსი, რომლის შემდეგ ჩემით დაინტერესდა ახალგაზრდა მწერალთა და შემოქმედთა ორგანიზაცია “ერთობის ძალა”-ს ხელმძღვანელი, ბატონი შალვა ქარჩავა. შემდეგ პირველად მივიღე მონაწილეობა პროექტში “წარმოაჩინე შენი ინტელექტის” ფარგლებში და აქტიურად ჩავერთე სხვადასხვა ღონისძიებაში. ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 24 იანვარს გაიმართა ჩემი პოეზიის საღამო, რომლისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი ბიბლიოთეკის დირექტორს, ქალბატონ მადონა მაქაცარიას და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის განათლებისა და კულტურის ცენტრის დირექტორს, ბატონ გიორგი ფიფიას ერთობლივ პროექტ “წარმოაჩინე ახალგაზრდა პოეტები”-ს ჩართულობისთვის და მადლობის სიგელის გადმოცემისთვის.
…
დრო არ გადის, წუთს წამი არ ემატება
თითქოს, მალე, არსებობით დავიღლები.
ყოველი დღე ტკივილები მემატება
სულ ცოტაც და სულ ცოტაც და დავიცლები
ვდგავარ ხალხში ბავშვი ბავშვად, რომ დაბერდა
იცით ჩემი სამყაროა აპათია?
შენი ხელი ხომ ჩემს გარდა სხვას ვერ სწერდა
ღმერთმა ჩემი ყველა ცოდვა მაპატია.
სხვას არ ვჩივი მაპატიოს არსებობა,
მაპატიოს დღემდე სუნთქვის არ შეწყვეტა
მაპატიოს დედაჩემის ყველა ცრემლი,
დედაჩემის ამ წუთამდე მე რომ მწერდა.
ვაღიარებ, დამნაშავე ცოცხალია,
დამნაშავე ახლა ზის და ამ ლექსს გიწერს.
ვიცი, დედი ჯოჯოხეთი არ ამცდება,
ისიც ვიცი, რომ რთული გზის გავლა მიწევს.
დრო არ გადის, წუთს წამი ვერ ემატება,
მე ჩემი ,,მე“ მოვკალი და ტკივილს ვსძლიე,
სხვას არ ვითხოვ, ღმერთო ჩემო, სხვა არმინდა,
დედაჩემის ცრემლები, გთხოვ, მაპატიე…
კარგად ვარ!
კარგად ვარ, თქვენ როგორ გიკითხოთ ძვირფასო,
რა მიჭირს უბრალოდ დარდებით ვივსები,
და ზოგჯერ თქვენ ჩემში, იმდენად ძვირს ფასობთ,
რომ ამ ღვინოსავით ბოლომდე ვიცლები.
არ მინდა, არავინ თავს მარტოც კარგად ვგრძნობ,
და ზოგჯერ, რომ ვსტყუი, ძალიან მეტყობა,
ყოველდღე ვიცვლები და ჩემს თავს ვეღარ ვცნობ
თუმცა ის თვალები? – ყოველთვის მეცნობა.
დუმილში ჩავატევ ჩემს რითმებს, სტრიქონებს,
ვპოეტობ და ზოგჯერ ზურგს მაქცევს ლექსები.
იცოდეთ, პოეტი არასდროს იგონებს
არაფერს და მეც არ ჩამოვრჩე ვეცდები.
კარგად ვარ, მშვენივრად, რა ჩემი ბრალია,
გამყიდეს თვალებმა, მე ხომ ეს ვიცოდი,
თითქოს, რომ წახვიდე ეს შენი ვალია,
არა, მე ხომ სულ სხვა ვიღაცას ვიცნობდი.
როგორ ხარ? -ნურასდროს დამისვამ ამ კითხვას
“არა ვარ საერთოდ”- ეს არის პასუხი.
მე შენთვის თვალებით, იმდენი, რამ მითქვამს
სიტყვებით რამის თქმას ჩემგან ნუ დაუცდი.
ჩემო ლილე ვკითხულობ შენს ლექსებს და ჩემი ბავშვობა თვალწინ მიდგას,შენ დედიკოს ნიჭი დაგყვა სიხარულო მე შენ მეამაყები.