- ლანა თოდუა ზუგდიდელია. ამჟამად, გერმანიაში იმყოფება სასწავლებლად და წინასაუნივერსიტეტო მოსამზადებელი კურსების სკოლაში მეცადინეობს, როგორც გვითხრა, ეს, ენის დახვეწაში ეხმარება. ოქტომბრიდან კი, ჰამბურგის უნივერსიტეტში აპირებს სწავლის გაგრძელებას.
-ლანა, რა უნდა იცოდნენ ზუგდიდელებმა შენზე…
-პირველ რიგში, უნდა იცოდნენ ის, რომ მთელი ცხოვრება ვიბრძვი და ბრძოლის გარეშე არასდროს არაფერი გამოდის და თუ გამოვიდა ისეთი ტკბილი ვერ არის, როგორც საკუთარი ძალებით მონაპოვარი. დავამთავრე რუხის საჯარო სკოლა. 2014 წელს ჩავირიცხე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 50% სახელმწიფო გრანტით. სტუდენტობის პერიოდში, აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას სხვადასხვა ინტელექტუალურ-შემეცნებით პროექტში, ვგეგმავდი მე თვითონაც და ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ფორმალურთან ერთად, ჩემში, არაფორმალური განათლება გაღრმავებულიყო – ეს ხდებოდა ტრენინგებისა და მასტერკლასების საშუალებით. და თავის საქმეში რეალიზებული ადამიანის გამოცდილების გაზიარებით, გავხდი ის, ვინც ვარ დღეს. ჩემთვის, აკადემიური მოსწრება ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და 6 სემესტრის განმავლობაში, პრეზიდენტის სტიპენდიანტიც ვიყავი. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ გითხრათ: სადაც მონდომებაა, იქ მუშაობაც, ტრენინგებიც და პროექტებიც ესწრება მაღალ აკადემიურ მოსწრებასთან ერთად. 19 წლის ვიყავი, როდესაც პირველი სოლიდური ხელფასი მივიღე–ვიმუშავე გაყიდვების სფეროში, შემდეგ ბანკში. ბაკალავრიატის დიპლომის აღების შემდეგ, ჩავაბარე მაგისტრატურაში,–ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში და თავიდანვე ავიღე აკადემიური,–2018 წლის შემოდგომაზე წამოვედი გერმანიაში.
-რატომ გადაწყვიტე გერმანიაში წასვლა?
-გერმანიაში წასვლა თბილისში სწავლის პერიოდში, ბოლო კურსზე ყოფნის დროს გადავწყვიტე, როდესაც დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რა იქნებნოდა ჩემს ცხოვრებაში და კარიერაში შემდეგი ეტაპი. მივხვდი, რომ ის ყველაფერი, რასაც მივაღწიე იმ მომენტისთვის, არ იყო ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი, ამიტომ ახალ გამოწვევებს დავუწყე ძიება. მალევე მიიპყრო ჩემი ყურადღება გერმანიამ, ქვეყანამ, რომელიც უზრუნველყოფდა უფასო უმაღლეს განათლებას სტუდენტებისთვის. ეს რკინის არგუმენტი აღმოჩნდა ჩემი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 9 თვეა, ვცხოვრობ გერმანიაში და ვიბრძვი სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად.
-თავიდან, ალბათ გაგიჭირდა უცხო გარემოში თავის დამკვიდრება…
-როცა უცხო გარემოში გადმოდიხარ საცხოვრებლად, თავისთავად, გჭირდება რაღაც პერიოდი ადაპტაციისთვის. ჩემს შემთხვევაში, დიდი ხანი არ გაგრძელებულა, რადგან საათივით აწყობილ ქვეყანაში რიტმიდან ვერ ამოვარდები. მე შემიძლია ვთქვა, რომ გარემომ ძალიან შემიწყო ხელი და დღეს ჰამბურგს ჩემს მეორე ქალაქად ვასახელებ, მაგრამ ყოველთვის არის ერთი, და ეს არის ნოსტალგია, ის რაც აქაურ ცას ამუქებს.
-გერმანელებს თუ გააცანი ჩვენი ქვეყანა?
-რა თქმა უნდა, სადაც კი შესაძლებლობა და საშუალება მაქვს, ყველგან ვსაუბრობ. ერთხელ, მითხრეს, საქართველო გამოგონილი სამყარო გვეგონა წიგნებიდანო. რამდენიმე მეგობარი გეგმავს უკვე, რომ იმოგზაუროს საქართველოში. ფოტო-ვიდეო მასალა მომარაგებული მაქვს. პირველი აღდგომა მქონდა საქართველოდან შორს, საერთოდ ყველაფერი ხომ პირველად ხდება ჩემს ცხოვრებაში, რადგან ცხოვრება ახლა დავიწყე. აქ გერმანელ და ქართველ მეგობრებთან ერთად აღვნიშნეთ, ჩვენი ტრადიციები, წითელი კვერცხიც შევღებეთ და გაგიჟდნენ.
-შენთან ერთდ, სხვა ქართველი სტუდენტები არიან?
-ამ პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა, გავიცანი რამდენიმე ქართველი. ქართული ხმა ისეთი მოსასმენია უცხო მიწაზე… როცა პირველად შევხვდი ქართველს გერმანიაში, ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
-როგორია გერმანიიდან დანახული საქართველო?
-ნაცრისფერია, ცუდზე ცუდი ამბები მესმის ყოველდღე, და საოცრად მოქმედებს ეს ყველაფერი, განსაკუთრებით მაშინ, როცა შორს ხარ, თუმცა სადაც არ უნდა იყო, საქართველოს ნაწილი ხარ და გტკივა ისე, როგორც იქ ყოფნისას გეტკინებოდა.
-დღეს, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რას გვეტყვი…
-დღეს, საქართველოს ისე როგორც არასდროს, სჭირდება ქართველების გაერთიანება. მეამაყება თითოეული სტუდენტი და ადამიანი ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის. ბავშვებმა თვალი დაკარგეს, ბევრი სისხლი დაიღვარა, ბევრი ტკივილის ატანა მოუწია ჩემს თაობას. განვიცდი, რომ ვერ ვდგავარ მათ შორის. მეამაყება ყველა, ვინც ქართველობაზე, ჩვენს კოპწია ქვეყანაზე დარდობს. მეამაყება ყველა, ვინც პრობლემას შესაძლებლობად აქცევს… ჩემო ქართველებო, ერი ვერ შეგვედრება მსოფლიოში… ერთსულოვნებით აგორებული ტალღა, გვერდში დგომით გამოწვეული ბედნიერება, აუცილებლად გადაგვარჩენს, სხვანაირად არ შეიძლება. გულითადი მადლობა ყველას, ვინც ცდილობს საქართველოს გადარჩენას. თუ რამხელა ძალაა ამ პატარა ერში, ჩვენმა მტერმა დაინახა და ბევრჯერ მოუწევს ამის აღიარება. მე მეამაყება რომ ვარ ქართველი!
-ლანა, როგორ ფიქრობ, მიზნის მისაღწევად რა არის საჭირო?
-ყველამ უნდა იცოდეს, რომ მარტივად არაფერი მოდის და ყველაფრისთვის ბრძოლაა საჭირო. დაღმართს კი ყოველთვის მოჰყვება აღმართი. ჩემს მაგალითს თუ გაგიზიარებთ, გეტყვით, რომ ყველაფერზე მეტად მეხმარება პოზიტიური აზროვნება და გონების მუდმივი განახლება. მუდმივი მუშაობა საკუთარი თავის განვითარებაზე, არასდროს არ ვჩერდები და რაც მთავარია, ეს არ მღლის, რადგან მომწონს ის, რასაც ვაკეთებ.
-როგორია შენი ერთი დღე?
-დილას ადრე ვიღვიძებ და ღამე ვცდილობ ადრე დავიძნო, ვცდილობ, სპორტით დავკავდე, მაგრამ თუ ვერ ვახერხებ, დავდივარ ფეხით ძალიან ბევრს. დღის განმავლობაში, მთავარი დრო სწავლას ეთმობა. ვცდილობ, ჯანსაღად ვიკვებო და მთავარი – ძილის წინ კითხვაზე: “-აბა, დღეს, მე, ვის, რა ვარგე?” პასუხი მქონდეს. ვწერ, აბსოლუტურად ყველაფერს, დღის ბოლოს, ჩემს “საიდუმლო” ჩანაწერებში, – ზოგჯერ ემოციებისგან ვიღლები, ზოგჯერ უბრალოდ, მხატვრულად მინდა აღვწერო დღე. ჯამში ვაკეთებ ყველაფერს, რომ ყოველ დილას სიცოცხლით სავსემ გავიღვიძო და ფერების შეგრძნება არ დავკარგო, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ რეალობას ვარ მოწყვეტილი.
-როგორია შენი სამომავლო გეგმები?
-სწავლა უნდა დავასრულო პირველ რიგში. პარალელურად, ვცდილობ, თანამედროვეობას და ტექნოლოგიებს არ ჩამოვრჩე. ვაპირებ, ვიდეობლოგერობას, ისევ და ისევ ახალგაზრდების მოტივაციისთვის. მე რუხელი გოგო, რომელიც გავჩნდი უშუქობის, უპურობის ცუდ პერიოდში, დღეს ვარ ჰამბურგში, ვცხოვრობ და ვაკეთებ ყველაფერს განვითარებისთვის, ვპოულობ დროს მოგზაურობისთვის და მინდა ვუთხრა ყველას, რომ მე თუ შემიძლია. ანუ მათაც შეუძლიათ… არ დაელოდონ ხვალინდელ დღეს, რადგან ყველაფერი იწყება დღეს, აქ და ახლა. პარალელურად, მცირე ბიზნესი დავიწყე რუხში, ყვავილების სათბური. მინდა რომ განვავითარო, მაქვს გეგმები რომელთა განხორციელებაშიც ჩემი ოჯახი მეხმარება. გერმანელებმა იციან: წესრიგი, ბუნების პატივისცემა, თავაზიანობა, რესურსების სწორად გამოყენება. მეც ვსწავლობ ამას და მინდა, ყველა რესურსი მოვახმარო საქართველოს და ჩემს ქართველებს. აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში და თუნდაც იოტისოდენა როლი შევიტანო ჩემი ქვეყნის განვითარებაში, ჩავთვლი, რომ ქვეყანას გამოვადექი.