კობა ნაყოფია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მზად არის მომდევნო დღეებში „ვივამედში“ გადასასვლელად


  • „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა. როგორც შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ნაყოფიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილს „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის შეთავაზებაზე ესაუბრა.

კობა ნაყოფიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა კლინიკაში დღეს წასვლაზე თქვა უარი, რადგან ოჯახის წევრებთან ჰქონდა შეხვედრა.

„ვესაუბრე მიხეილ სააკაშვილს იუსტიციის მინისტრის შეთავაზებასთან დაკავშირებით. აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, საუბარი არ არის მის მკურნალობასთან დაკავშირებით, არამედ საუბარია მხოლოდ გამოკვლევაზე. სააკაშვილს შესთავაზეს, რომ „ვივამედში“ გადაიყვანდნენ გამოკვლევასთან დაკავშირებით და ისევ დააბრუნებდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში. თან შესთავაზეს, ეს დღეს მომხდარიყო, რაზეც თქვა, რომ დღეს ვერ წავიდოდა, რადგან ისედაც უიშვიათესი დღეა მისი ციხეში ყოფნის პერიოდში, როდესაც ოჯახის წევრებთან შეხვედრის შესაძლებლობა ეძლევა. ამის გამო მოუწია შეთავაზებაზე უარის თქმა“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

კითხვაზე: „დათანხმდება თუ არა სააკაშვილი მომდევნო დღეებში მსგავს შეთავაზებას“, ნაყოფიამ აღნიშნა, რომ დათანხმდება.

„რა თქმა უნდა, ის ექიმების რეკომენდაციას უსმენს. სააკაშვილმა უთხრა, რომ დღეს არა, მაგრამ ხვალ, ზეგ, მომდევნო დღეებში მზად არის. დღეს ვერ გადავიდოდა, შეხვედრა ჰქონდა ოჯახთან. გაოცებული ვარ იუსტიციის მინისტრის განცხადებით, თითქოს სააკაშვილი კვებას არ იღებს. ეს არის სიცრუე. ძალიან დიდი სხვაობაა კვების არმიღებასა და ვერმიღებას შორის. მას აქვს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები და კვებას ვერ იღებს. უჭირს გადაადგილება. ბადრაგის დახმარების გარეშე ვერ გადაადგილდება. მუდმივად აქვს ტემპერატურა 37-ნახევრამდე, ეს არ არის ნორმალური პროცესი“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.