ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიას თავად მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია უხელმძღვანელებს. მას ეს უფლებამოსილება საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მიანიჭეს. ლაშა გოგიამ მცირე ექსკურსი გააკეთა თვითმმართველობის მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დასამტკიცებლად კონკურსის კრიტერიუმების შესახებ.
ბრძანებით განისაზღვრა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის ტესტირების ეტაპების ჩატარების მეთოდიკა, თემატიკა და შეფასების კრიტერიუმები.
ბრძანების მიხედვით, საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველებმა უნდა იცოდნენ: საქართველოს კონსტიტუცია; ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“; ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმამართველობის შესახებ“.
ბრძანების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები ცოდნის და უნარ-ჩვევების გამოვლენის მიზნით, ორეტაპიან ტესტირებას გაივლიან. ტესტირებაში მონაწილე პირის ამოცანაა თითოეულ ტესტური დავალების ოთხი სავარაუდო პასუხიდან სწორი პასუხი გამოიცნოს, რომელიც 1 ქულით ფასდება. 0 ქულით შეფასდება არასწორი პასუხი და პასუხგაუცემელი ტესტი.
ტესტირება ქართულ ენაზე ჩატარდება, ხოლო ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტების თხოვნით, ტესტი ორ ენაზე – ქართულად და ეთნიკური უმცირესობის ენაზე შედგება.
ტესტირების დღეს ტესტირების მონაწილე ტესტირების ჩატარების ადგილზე 1 საათით ადრე უნდა გამოცხადდეს. მან თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მართვის მოწმობა. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე პირი ტესტირებაზე არ დაიშვება. ტესტირებაზე გამოუცხადებლობის ან დაგვიანების შემთხვევაში, მონაწილე 0 ქულით ფასდება.
ტესტირების დარბაზში დაიშვებიან ტესტირების მონაწილეები, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულიტესტირების ეტაპის განმახორციელებელი დაწესებულების წარმომადგენელები.
ტესტირება ელექტრონულად სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით ჩატარდება. ტესტზე მუშაობის დასრულების შემდეგ, პროგრამა ავტომატურად დაითვლის სწორი და არასწორი პასუხების რაოდენობას.
კონკურსის ტესტირების ეტაპის მონაწილის შედეგი ძალაში 2015 წლის 1 ივლისამდე დარჩება.
ტესტირების შედეგების გასაჩივრების მიზნით, შეიქმნება საპრეტენზიო კომისია, რომელიც საჩივრებს ტესტირების ჩატარების დღიდან 3 კალენდარული დღის ვადაში განიხილავს და გადაწყვეტილებებს მიიღებს. საჩივარი ტესტირებაში მონაწილე პირმა საპრეტენზიო კომისიას შესაბამისი ტესტირების ჩატარების დღიდან ერთი კალენდარული დღის ვადაში უნდა წარუდგინოს.
ტესტების შეფასების დროს მიღებული ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 60-ია. აქედან, 45 ტესტურ დავალებას, ხოლო 15 ქულა უნარ-ჩვევების ნაწილს მოიცავს.
ტესტირების ეტაპის მინიმალურ გამსვლელ ზღვარს სწორი პასუხების მინიმუმ 50% და მაქსიმუმ 75%-ის ფაგლებში შესაბამისი მუნიციპალიტეტი დაადგენს