ილია (ილიკო) მეუნარგია ზუგდიდელი ფარმაცევტი, რომელიც ცაიშის თერმული წყლების კვლევის სათავეებთან იდგა


  •  იცვლება დრო, იცვლებიან ადამიანები, იცვლება შეხედულებები, მიდგომები, საჭიროებები, მაგრამ არის ღირებულებები, რომლებიც არ ემქვემდებარებიან ცვლილებებს. თუნდაც, მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში. ასეთი მასშტაბური ღირებულებები მოიაზრება ეროვნულ ფასეულობებში ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების ბუნებრივი საგანძურის გათვალისწინებით.
ცაიშის თერმული წყლების საბადოები, რომელიც გასულ საუკუნეში საკავშირო მნიშვნელობებით იყო ცნობილი, არის ერთ-ერთი ასეთი ბუნებრივი საგანძური ქვეყნის, რომელსაც ჩვენი წინა თაობები უფრთხილდებოდენ, სწავლობდენენ და რომელიც სამომავლოდ ეიმედებოდათ.
ზუგდიდის ისტორიის ფურცლებში ლამაზად არის ჩაწერილი ერთ-ერთი პირველი ფარმაცევტის, ცაიშელი ილია (ილიკო) მეუნარგიას სახელი. ცაიშის თერმული წყლების აღმოჩენა და მისი მეცნიერული შესწავლა სწორედ მის სახელს უკავშირდება. ორიოდ სიტყვით ცაიშის შესახებ: სამეგრელო საქართველოს ულამაზესი კუთხეა. სწორედ, სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს დიდი ისტორიის მქონე სოფელი ცაიში, რომელიც საქართველოს მატიანეში შუა საუკუნეებიდან მოიხსენიება. ცაიშში მეუნარგიების გვარი, სწორედ ამ  პერიოდიდან ყოფილა დაწინაურებული. მეუნარგიას გვარის ხსენებისას, გვერდს ვერ ავუვლით ცაიშელ იონა მეუნარგიას, მწიგნობარს, ბიბლიოთეკარს, მემატიანეს, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრს, ილიას, აკაკის, ვაჟას თანამედროვესა და თანამოვალეს, მისი ყრმობის მეგობარს იონა მეუნარგიას. სწორედ, მისი გვარიდან გახლდათ ცნობილი პირველი პროფესორი, ლენინგრადის სამედიცინო უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული, ქვეყნის, თავისი სოფლის პატრიოტი და მოამაგე, ილია (ილიკო) მეუნარგია, რომელმაც ფაქტიურად, ცაიშის თერმული წყლების მეცნიერულ კვლევას დაუდო სათავე.
როგორც წყაროებში წერენ, ილია (ილიკო) მეუნარგიამ 1906 წელს, მოსკოვში, გააკეთებინა ცაიშის წყლის ანალიზი და გაირკვა, რომ ის გოგირდწყალბადს და სამკურნალო ნივთიერებათა დიდ მარაგს შეიცავდა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ძალიან პოპულარული გახდა განახლებადი ენერგიის გამოყენება და ათვისება, როგორიცაა მაგალითად, მზის ელემენტები, ქარისა და გეოთერმული ენერგია. ამათგან თავისი სტაბილურობით გეოთერმული ენერგია გამოირჩევა. ერთ-ერთი ცაიშელი, რომელიც წლების განმავლობაში, სანატორიუმში მუშაობდა, ერთ-ერთ გამოცემაში ამბობს, რომ სანატორიუმში, წლების წინ, იაპონელი ექიმები ყოფილან და უთქვამთ, რომ ამ წყალს გეროპროტექტული, ანუ სიბერის საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია. ქლორიდნატრუმიანი, კაჟიანი წყალი მისწრებაა იმუნიტეტისთვის, ნაღვლის ბუშტისთვის, ღვიძლის დაავადებებისთვის გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ანთების დროსაც.
ცაიშის წყლების უნიკალურობას, არამარტო ქართველი ექიმები, არამედ უცხოელი ექიმებიც აღიარებენ. მეცნიერული კვლევებით დადასტურებულია, რომ წლების განმავლობაში ამ წყლის სტრუქტურა არ შეცვლილა. ცაიშის თერმული წყლებით, თურმე მრავალმა ათასმა ადამიანმა აღიდგინა ჯანმრთელობა და მოირჩინა ისეთი დავადებები, როგორებიცაა: ნევრიტი, ნევრალგია, არტრიტი, ართროზი, ნეიროდერმიტი, ფსორიაზი ეგზემა, ქირურგიული პროფილით კი, ჩირქოვანი დაავადებები და ბევრი სხვა. ილია (ილიკო) მეუნარგია ფლობდა საკუთარ აფთიაქს, რომელიც აღჭურვილი იყო ლენინგრადიდან ჩამოტანილი ფაიფურის ჭურჭლით. მას ხშირად სტუმრობდნენ: აკაკი წერეთელი, სერგო ზაქარიაძე და სხვები. ილიას (ილიკოს) მეუღლე გახლდათ დამსახურებული პედაგოგი, ლენინის ორდენოსანი გლაფირა ხოჭოლავა, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ცაიშელების სწავლა-განათლებისა და აღზრდის საქმეში. ილია (ილიკო) მეუნარგიას კვალს გაჰყვა მისი ორი შვილი: კლარა მეუნარგია პროფესიით ექიმი-პედიატრი გახლდათ, ძაბული მეუნარგია თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის მთავარი ექიმი იყო. ხოლო ბოჩია (ალექსანდრე) მეუნარგია, ზუგდიდის აღმასკომის (აღმასრულებელი კომისიის) თავმჯდომარე, შემდეგ კი, ნავთობბაზის დირექტორი გახლდათ. მარგო მეუნარგია კი, განათლების სფეროს წარჩინებული პიროვნება იყო. დიახ, ჩვენი სასიქადულო მამულიშვილის ილიას (ილიკო) მეუნარგიას შთამომავლები დღესაც ღირსეულად მიჰყვებიან ცნობილი წინაპრების ნაკვალევს, აგრძელებენ მათ ტრადიციებს და საქმიანობენ ქვეყნის საკეთილდღეოდ.
პ.ს. ამ წერილის და ილია (ილიკო) მეუნარგიას ოჯახის შთამომავლების მიზანია, ყურადღება გამახვილდეს ცაიშის თერმული წყლების სამკურნალო თვისებებზე, რომ კურორტმა აღიდგინოს თავისი ფუნქცია, რაც ეკონომიკური თვალსაზრისითაც ძალიან პერსპექტიულია და ხელს შეუწყობს მის, როგორც სამკურნალო, ასევე ტურისტული პოტენციალის ამაღლებას, იმავდროულად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
მასალა მოამზადა ნონა გოგინავამ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!