- სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებას. სოფლის განვითარების სააგენტოს მხრიდან კონტროლის მექანიზმის გამკაცრება ითვალისწინებს პროცედურას, რომლითაც აგრომაღაზიები ვალდებულები იქნებიან, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებით განსაზღვრული პროდუქციის რეალიზაციის სისტემური აღრიცხვა განახორციელონ.
ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე, აგრომაღაზიების წარმომადგენლებს თხილის წარმოების პროგრამის ფარგლებში დარიცხული აგროქულების განაღდების სპეციალური პირობები გააცნეს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა და ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ.
უწყების ცნობით, პროგრამით დადგენილი პირობით, ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ თხილის ბაღი, არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 3 ჰა. სახელმწიფოსგან ჰექტარზე 500 ლარიან დახმარებას მიიღებენ.
პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია გაიცემა ლიბერთი ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. ქულების განაღდების პროცესი მიმდინარე წლის მარტის თვიდან დაიწყება და მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება 2024 წლის, 31 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით მოქმედ 500-ზე მეტ სპეციალიზებულ აგრომაღაზიაში.