თუ ქართველები გაერთიანდებიან…


  • ქალაქ ზუგდიდის #12-ე საბავშვო ბაღი ე.წ. კომბინატის დასახლების მეორე უბანში მდებარეობს და მრავალ ათეულ წელიწადს ითვლის.

ქალბატონი ამალია ხუფენიაც წლებია, ამ ბაღის აღმზრდელ-მასწავლებელია. თაობებმა გაიარეს მის ხელში. ყველა პატარას უშურველად ატანს სითბოს და სიყვარულს.

-32 წლის ვიყავი, რომ დავიწყე საბავშვო ბაღში მუშაობა მასწავლებლად, მაშინ ქალბატონი ეთერ დარასელია იყო საბავშვო ბაღის გამგე. 1972 წლიდან მოვდივარ და მოვდივარ, უკვე 49 წელია ვმუშაობ ამ ბაღში. ბავშვებმა გადამატანინეს ის ტკივილები, რაც ცხოვრებაში შემხვდა. მათი სიყვარულის წყალობით მოვედი აქამდე, ერთი დღეც არ გამიცდენია სამსახური. ჩემი შვილები სკოლაში რომ გავისტუმრე, მე საბავშვო ბაღში დავიწყე მუშაობა. სანამ გავთხოვდებოდი, ჩემს დას ვეხმარებოდი შვილების გაზრდაში, საბავშვო ბაღში რომ დამყავდა დისშვილები, რომლებიც ყველას ჩემი შვილები ეგონა, ასეთი პატარა ასაკის გოგოს რა ბავშვები ჰყავსო ამბობდნენ, შემდეგ დავამთავრე სოხუმის გორკის სახელობის უნივერსიტეტი. სკოლა და სკოლამდელი აღზრდის სპეციალობით.
-პატარებთან ყოფნა კარგია, მაგრამ ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაცაა…
-დიახ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ძალიან დიდი შრომაა საჭირო, მაგრამ ეს უნდა შესძლო და ამაში თავად პატარები გვეხმარებიან.
78 წლის ვარ, დილით ადრე მოვდივარ ბაღში, ბავშვები ჟრიამულით მხვდებიან და მეც დიდი სითბოთი და სიყვარულით ვეფერები მათ.
-გიფიქრიათ, ოდესმე, სხვა პროფესიაზე?
-არასდროს!
-თქვენ გიცნობენ როგორც მაღალკვალიფიციურ პედაგოგს, რაშია თქვენი წარმატების საიდუმლო?
-მთავარია, როგორც ვთქვი, ბავშვების სიყვარული. ბავშვი თუ არ გიყვარს, არაფერი გამოგივა, ბავშვი ყველაფერს გრძნობს და ხვდება.
-რას ურჩევდით ახალბედა პედაგოგებს?
-ახალბედა პედაგოგებს ვურჩევ შეიყვარონ პატარები მთელი გულით, ბავშვები არ უნდა გამოარჩიონ, ყველა ბავშვი ბავშვია, ყველა ლამაზია და არ უნდა გამოარჩიონ, გამორჩევა სასტიკად მოქმედებს ბავშვზე.
არიან ისეთი პედაგოგები, რომლებსაც არა აქვთ დიპლომი, მაგრამ კარგი მასწავლებლები არიან, თუ ბავშვი გიყვარს და მას თუ მიუდგები თბილად, ყველაფერს მიაღწევ. მე მყავს ჯგუფში ორი წლიდან 3 წლამდე ბავშვები, ზოგი “ბებოს” მეძახის და ზოგი “ამალია მასწავლებელს”.
ამ დროს, საუბარში შემოგვიერთდა ქალბატონი ლია ფერაძე საბავშვო ბაღის გამგე:
-ჩვენთან ბაღში მოიყვანეს პატარა, ორი წლის ბავშვი მთელი თვის განმავლობაში ტიროდა და არ ჩერდებოდა ბაღში. ქალბატონმა ამალიამ, ეს პატარა ბავშვი, თავის ჯგუფში წაიყვანა, ბავშვებს სთხოვა წრე გაეკეთებინათ და შუაში ეს ბავშვი დაეყენებინათ, ემღერათ და ეცეკვათ, მერე ამ ბავშვს ქალბატონი ამალია თავისი საოცარი და თბილი სიმღერით “ნანათი” მოეფერა. იმ დღიდან, ბავშვი შეეჩვია ქალბატონ ამალიას. უკვე მესამე წელია ამ ბაღში ირიცხება. მომავალ წელს სკოლაში უნდა გავაცილოთ. ასეთი თბილი მასწავლებელია ქალბატონი ამალია. დაჯილდოებულია მთავრობის მიერ ქების სიგელებით და დიპლომებით.
-როგორ მიგაჩნიათ რა არის ღირებული ადამიანში, ქალბატონო ამალია?
-ადამიანში მთავარია სიყვარული. სულიერად უნდა გიყვარდეს ადამიანი. ადამიანები სიყვარულმა გადაარჩინა.
-ტრადიცია, რომელსაც თქვენს ოჯახში პატივს მიაგებენ?
-ჩვენ ვართ მართლმადიდებლები, ქრისტიანები.
-გქონდათ თუ არა დიდი განსაცდელი ცხოვრებაში?
-არავის არ მოვუსურვებ იმ ტკივილის განცდას, რომელიც მე განვიცადე. ჩემი რძალი მუშაობდა ფრანგულ სკოლაში პედაგოგად, ჰქონდა ავთვისებიანი სიმსივნე, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. დარჩა მეხუთეკლასელი შვილი. მეორე წელს ჩემი ვაჟიშვილი ზურაბ თოდუა წავიდა რუსეთში და იქ გარდამეცვალა. ჩემმა მეუღლემ ეს ამბავი ვერ გადაიტანა და ისიც მალევე გარდაიცვალა. ძალიან დიდი სტრესი მივიღე, რომელიც ჩემი მეგობრების და ბავშვების წყალობით გადავიტანე.
ჩემი მეუღლე საქ.ტექ მონტაჟის საწყობის გამგე იყო – პოლიკარპე თოდუა. ჩემი მეორე ვაჟიშვილი გელა თოდუა სპეციალობით არქიტექტორია, ხის მასალაზე მუშაობს, დანის წვერით აკეთებს ჩუქურთმებს. შვილიშვილი ლუკა, მეათეკლასელია სწავლობს ფრანგულ სკოლაში.
-თქვენი სურვილი ზუგდიდელებს…
–ვფიქრობ, თუ ქართველები გაერთიანდებიან, ყველაფერი კარგად იქნება. მინდა, შუღლი არ იყოს ქვეყანაში. ღმერთმა მომასწროს ჩემი ქვეყნის სიმშვიდეს.

საუბარი ჩაიწერა როზა როგავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!