- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, სამ ზუგდიდელ ახალგაზრდას ფინანსური მხარდაჭერა გაუწია, მათ შორის ერთ-ერთია თამაზ ბუკია, რომელიც მეორე საჯარო სკოლის ოქროსმედალოსანი და 100 პროცენტიანი გრანტით თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. თამაზი, პროფესიული გამოცდილების მისაღებად, სტაჟირებას გადის გერმანიაში, ქალაქ აუგსბურგში.
თაზო ბუკია: -რატომ ბიზნესის ადმინისტრირება? ბავშვობიდანვე მიზიდავდა ფინანსები და მათემატიკა, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარე მივიღე. ვფიქრობდი, რომ ეს სფერო მრავლის მომცველი იყო და ჩემი თავის უკეთ გამოვლენის საშუალებას მომცემდა. როგორც კი უნივერსიტეტში ჩავაბარე, ჩემი მშობლებისგანაც წამოვიდა სურვილი საზღვარგარეთ სწავლის გაგრძლების და ეს, რა თქმა უნდა, მეც ძალიან მინდოდა. ჩემთვის გერმანიაში ჩამოსვლის მთავარი მიზანი კონტაქტების გაღრმავება და გამოცდილების მიღებაა. ვფიქრობ, აქ მეტ ცოდნას მივიღებ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. სტაჟირებას ბანკ Sparkasse Augsburg-ის ფინანსურ დეპარტამენტში გავდივარ სესხების და რისკების განხრივ. ფინანსური სისტემა აქ უფრო დახვეწილია და ყველაფერი ერთ სივრცეშია მოქცეული საქართველოსგან განსხვავებით. აქ მიღებულ ცოდნას სამშობლოში გამოვიყენებ.
-გერმანიამდე, შენს ცხოვრებაში, ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი იყო…
-დიახ. გერმანიაში აქამდეც ვარ ნამყოფი. გოეთეს უნივერსიტეტს ჰქონდა პროექტი და წარამტებას მივაღწიე. ერთი თვე გერმანიის უნივერსიტეტში ლექციებს გავდიოდი. პროექტის მიზანი გახლდათ გერმანიის უნივერსიტეტის ცხოვრების გაცნობა. პოლონეთშიც ვარ ნამყოფი. ქიმიის ოლიმპიადაში გავიმარჯვეთ მე და ჩემმა კლასელებმა და კოპერნიკის ლაბორატორიაში გაგვაგზავნეს…
-როგორ შეეჩვიე ახალ ქალაქს, გარემოს…
-თავიდან გამიჭირდა. მარტო ცხოვრებას არ ვიყავი შეჩვეული. მეგობრებისგან და ოჯახისგან მოწყვეტა ძალიან გამიჭირდა. ახლა უკეთ ვგრძნობ თავს. თანდათან ვეჩვევი უკვე. ბევრი თავისუფალი დრო მრჩება და მარტოობა რომ არ ვიგრძნო (ჩემი ახლობლები არც მაგრძნობინებ, მაგრამ მაინც) ვკითხულობ და ვეცნობი ბევრ სიახლეს. ქალაქის დათვალიერება ჯერ ვერ მოვასწარი. მაგრამ რაღაც ღირშესანიშნაობები ვნახე. ფეხბურთის დიდი მოყვარული ვარ და პირველ რიგში, სტადიონს ვესტუმრე. ჯერ მატჩს არ დავსწრებივარ, მაგრამ ახლო მომავალში ვაპირებ წავიდე და ვნახო, თუ აქ როგორ ქომაგობენ საყვარელ გუნდს.
-რა არის საზღვარგარეთ მიღებული განათლების მთავარი პლუსი?
-ვფიქრობ, საზღვარგარეთ მიღებულ განათლებას ბევრი პლუსი აქვს, რასაც შემდგომ საქართველოში გამოვიყენებ. გარდა ამისა, სხვა ქვეყანაში წასვლა ახალი თავგადასავალია. ეცნობი სხვა კულტურას, ხედავ განსხვავებებს და ბევრ ისეთ გამოწვევებს აწყდები, რაც არ გინახავს.
–გერმანული თუ შეისწავლე?
-გერმანულს ვსწავლობდი მეშვიდე კლასიდან. უნივერსიტეტში ყოფნისას ჩავაბარე C1, TestDaf და TestAs. შესაბამისად, მინდოდა, ჩემი გერმანული ენის გაუმჯობესებაც და რაც მთავარია, ჩემი მიზნის სრულყოფაში მოყვანაც. პრაქტიკების გავლა გერმანიაში დამეხმარება უკეთ გავიცნო ეს ქვეყანა, ენის ცოდნა გავიღრმავო და შემდეგ გადაწყვეტილება მივიღო, თუ რომელ უნივერსიტეტში ჩავაბარებ.
-შენს გარდა, კიდევ თუ არიან ქართველები?
-სამწუხაროდ, არა. მინდა ქართველებთან კონტაქტზე გავიდე, მაგრამ ჯერ ამის საშუალება არ მომეცა. გერმანიის ჯგუფში ვარ გაწევრიანებული და მანდ სულ იწერებიან ქართველები, რომელ ქალაქში არიან. სამწუხაროდ, ქალაქ აუგსბურგში ბევრი არაა.
-როგორია შორიდან დანახული საქართველო?
-საქართველო ძალიან მენატრება. მენატრება ხალხი, რომელიც დავტოვე. შორიდან დანახული საქართველო სევდიანია.
-წლების შემდეგ, როგორ წარმოგიდგენია შენი მომავალი?
-საქართველოში აუცილებლად,- მიღებული ცოდნით და გამოცდილებით.
მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ