ზურაბ კვარაცხელია “ზვიადისტებზე”, “ნანაშ ნინაზე” და 9 აპრილზე


“ზუგდიდელების” სტუმარია სახალხო მოძრაობა “სამეგრელოს” რეგიონული რწმუნებული, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი ზურაბ კვარაცხელია.

-თქვენ საკუთარ თავზე არ გიყვართ საუბარი, იქნებ გამონაკლისი დაუშვათ „ზუგდიდელებისთვის“, ორიოდ სიტყვით, თქვენს შესახებ?

-უწინარესად, ნება მომეცით თქვენ და თქვენს რედაქციას  გადაგიხადოთ უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ მაძლევთ შესაძლებლობას გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება გარკვეული საკითხების მიმართ. რაც შეეხება საკუთარ პერსონაზე საუბარს: მაპატიეთ, მაგრამ ბევრს ვერაფერს ვილაპარაკებ, გარდა იმისა, რომ ყმაწვილკაცობიდან ვარ “ეროვნულ-პატრიოტულ მოძრაობაში” ჩართული. ჯერ კიდევ ბავშვობაში, დიდი კონსტანტინეს ნაწარმოებებმა გამიღვივეს ნაციონალისტური გრძნობები. რა თქმა უნდა ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, რაც აბსოლუტურად გამორიცხავს სხვა ერების მიმართ სიძულვილს. მერე ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში მოღვაწეობა გახდა ჩემი ცხოვრების ერთგვარი გზამკვლევი და მასტიმულირებელი. ბედნიერი ვარ, რომ ამ გენიალური და ჩვენი სამშობლოს ისტორიაში უაღრესად მნიშვნელოვანი ფიგურების შარავანდედის ნათელი თვალსაწიერიდან არ მცილდება. ვოცნებობდი და ვოცნებობ ერთიანი და დამოუკიდებელი კოლხურ-იბერიული სახელმწიფოს აღდგენა-აღორძინებაზე. შეძლებისდაგვარად, დღემდე, ვიბრძვი ამ ოცნების განსახორციელებლად. თუმცა, უკვე 55 წლისა მოვიყარე, მაგრამ ეს ჩემი საკრალური ოცნება თუ მიზანი ჯერჯერობით და სამწუხაროდ, განუხორციელებელი დარჩა. ამასობაში, პირადი ცხოვრებაც როგორღაც განზე დამრჩა. ვერა და ვერ შევძელი პირადულის და საზოგადოებრივის ერთმანეთთან სინთეზირება საკუთარ თავში. რამეს ვნანობ მეთქი, რომ გითხრათ, არ ვიქნები მართალი, რადგან დიდი ხანია ფილოსოფიურად ვუყურებ ამას ყველაფერს. როგორც ჩანს, განგების ნებაა ესეც. რა გაეწყობა, არ ვყოფილვარ ოჯახისთვის შექმნილი და მორჩა. კარგით, საკუთარ თავზე უკვე ბევრი ვილაპარაკე და უხერხულად ვგრძნობ თავს.

-ბატონო ზურაბ, თქვენ ფეისგვერდს თვალ-ყურს ვინც მიადევნებს, ცალსახად იტყვის, რომ თქვენი ცხოვრების მთავარი თემები ზვიად გამსახურდია და მეგრული ენაა…

– მხოლოდ ზვიადი და მეგრული ენა?! არა, მთლად ბოლომდე ვერ დაგეთანხმებით, რადგან ჩემთვის მთავარია დამოუკიდებელი საქართველო და ამ დამოუკიდებელ საქართველოში მეგრული იდენტობის დაცვა. ზვიად გამსახურდიას ფენომენს ხშირად იმიტომ ვუტრიალებ, რომ ჩემი აზრით, სწორედ მასში იყო განსხეულებული ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის აღდგენა-აღორძინების საკრალური იდეა! მისი ცხოვრება, ბრძოლა, მოღვაწეობა, ინტელექტუალური მემკვიდრეობა, გნებავთ მოწამეობრივი აღსასრული, არის ის, რამაც ჩვენი ერის ნებისმიერ თაობას გზა უნდა გაუნათოს სამშობლოს გადასარჩენად გასავლელ არცთუ იოლ გზაზე.
მეგრულ ენას რაც შეეხება: რადგან უწინარესად ენაშია იდენტობა გამოხატული, ბუნებრივია, რომ მეც ვცდილობ, ჩვენი გაქრობის საშიშროების წინაშე მყოფი ენის დაცვა-გადარჩენის საკითხის სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის მეგრული ენის დღის დაწესებით აქტუალიზებას. ფეისსივრსესაც ამისთვის ვიყენებ. უკვე მრავალი წელია საქართველოს უმაღლეს სახელისუფლებო-საკანონმდებლო ორგანოს პერმანენტულად მივმართავ წერილებით, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დღემდე რჩება ოდენ ,”ხმად მღაღადებლის უდაბნოსა შინა”.

-როგორ ფიქრობთ, რატომ წამოიწია გამსახურდიას თემამ მოცემულ მომენტში და რატომ მაინცდამაინც სამეგრელოში, გამსახურდია სრულიად საქართველოს პრეზიდენტი იყო…

-არამარტო სამეგრელოში. ზვიად გამსახურდიას იუბილეს აღნიშვნასთან დაკავშირებით, თბილისშიც და დანარჩენ, თუ დარჩენილ საქართველოშიც, იქნა გარკვეული ინტერესი და ძალისხმევა გამოვლენილი. სხვა საკითხია, რომ ამას ყველა გულრწფელად როდი აკეთებს. ეროვნულ-ტრადიციულ და ქრისტიანულ ფასეულობებზე ორიენტირებულ ადამიანებს უყვართ ზვიად გამსახურდია. არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ მისი სახელით სპეკულაციას ეწევიან. განსაკუთრებით პოლიტიკური კლასის და სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლები სცოდავენ ამ თვალსაზრისით. ისინი დიდი ერისკაცისადმი გამოხატული ვითომდაც სიყვარულით და მოწიწებით ცდილობენ წესიერი, მაგრამ გულუბრყვილო ადამიანების მოტყუებას. ისინი, ამით, მზაკვრულად ფუთავენ თავიანთ ანტიეროვნულ და მოღალატეობრივ საქმიანობას. ასე, რომ არ იყოს, – ზვიად გამსახურდია, რომ ოცნებობდა და იღვწოდა ისეთი საქართველოს ასაღორძინებლად გაირჯებოდნენ. აი, ესაა სიმართლე. ვინაიდან, ჩვენი კუთხის ხალხს მაინც განსაკუთრებული დამოკიდებულება გააჩნია ზვიადის ფენომენის მიმართ, ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი უფრო დიდი დოზით აქ აისახა, აქ იქნა გამოხატული. არ მინდა არაობიექტური ვიყო, ამიტომ ვიტყვი ამასაც, რომ ამ ხელისუფლებაშიც არიან ღირსეული ადამიანები. მართალია ცოტა, მაგრამ მაინც არიან. საერთოდ კი, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების შემდეგ ყველა ხელისუფლება ანტიეროვნულია და მარიონეტული. ჩვენი სამშობლო ფაქტიურად იმართება ერთ-ერთი უცხო სახელმწიფოს საელჩოდან. ჩვენი სამშობლო ტიპური კოლონიური ქვეყანაა. სამწუხაროა, მაგრამ ასეა ეს…

-ამბობენ, მოხდება ოპოზიციური ჯგუფების შეგნებული ჩანაცვლება, ანუ “ნაციონალებს” ჩაანაცვლებენ “ზვიადისტები” და გახდებიან საპარლამენტო ჯგუფი…

– ვერ გეტყვით, პარლამენტში, ვინ ვისით ჩანაცვლდება, მაგრამ ე. წ. ზვიადისტების საპარლამენტო ჯგუფის ფორმირება აპრიორულად არ ნიშნავს რამე დადებით მოვლენას. “მიშას “ზვიადისტობა”, “ბიძინას “ზვიადისტობა” ავტომატურად ეროვნულ-ტრადიციულ და ქრისტიანულ ფასეულობებზე ორიენტირებას არ ნიშნავს. ეს შეიძლება ისევ ბოროტების კიდევ უფრო შესაფუთავად ჰქონდეთ განზრახული. ცხადია, მე ვერ ვიმარჩიელებ. ასეა თუ ისეა, ალბათ მალე, ყველაფერი ისედაც გაცხადდება.

რამდენადაც ვიცი ბევრი პარტია და ადამიანი “ზვიადისტობს”…

-მე მაქვს ჩემეული კრიტერიუმები, თუ რა არის ჭეშმარიტი “ეროვნული მოძრაობა” და თუ თქვენი გამოცემის ფორმატი მოგვცემს ამის შესაძლებლობას, ახლავე ჩამოგიყალიბებთ. აი ისიც: როცა გვაქვს პრეტენზია ვიყოთ ეროვნული მოძრაობის წევრი და ქვეყნის პატრიოტი, მაშინ უპრიანია, უფრო სწორედ, აუცილებელია, გვესმოდეს ისიც, რომ: ეროვნული მოძრაობის წევრობა ნიშნავს – იცავდე, დიახ, უკომპრომისოდ და დაუღალავად იცავდე ეროვნულ-ტრადიციულ და მართლმადიდებლურ-ქრისტიანულ ფასეულობებს…
ეროვნული მოძრაობის წევრობა ნიშნავს – არ გაწიო შენს სამშობლოში გლობალისტურ-მონდიალისტური იდეოლოგიის პროპაგანდა-აგიტაცია…
ეროვნული მოძრაობის წევრობა ნიშნავს – შეურყევლად იდგე ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების სადარაჯოზე…
ეროვნული მოძრაობის წევრობა ნიშნავს – ზესახელმწიფოების მხრიდან უაღრესად რთული გეოპოლიტიკური თამაშების პერიოდში – გამოავლინო სტრატეგიული აზროვნების მაქსიმალური უნარი და მინიმალური დანაკარგებით შეეცადო საკუთარი სამშობლოს ჩიხიდან გამოყვანას…
ეროვნული მოძრაობის წევრობა ნიშნავს – მეტაფორულად რომ ვთქვა – გლობალიზაციის ცუნამის შემოტევისას, აუცილებლად, გაამაგრო არსებული ჯებირები და შეეცადო დამატებითი დამცავი მექანიზმების კონსტრუირებასაც…
ეროვნული მოძრაობის წევრობა ნიშნავს – იყო უღრესად ბრძენი, პრაგმატული, რადგან ოდენ ცარიელი პატრიოტული სულისკვეთება, ნამდვილად, არაა საკმარისი და აუცილებელია ამის სინთეზირება…
ეროვნული მოძრაობის წევრობა ნიშნავს – როცა არსებობს დილემა ცუდსა და უარესს შორის – აირჩიო უფრო მისაღები ვარიანტი და არ გაწირო ერი შენი და სამშობლო შენი – საბოლოოდ გასანადგურებლად და დასაღუპავად…
ეროვნული მოძრაობის წევრობა ნიშნავს – ყოველგვარი პირადულის და ფობიების გარეშე, ნებისმიერი შენი მოქმედება დაუქვემდებარო მხოლოდ და მხოლოდ სამშობლოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს…
ეროვნული მოძრაობის წევრობა ნიშნავს – სულმნათი მერაბ კოსტავას სიტყვებით, რომ ვთქვა – “გიყვარდეს ეროვნული მოძრაობა შენში და არა შენი თავი ეროვნულ მოძრაობაში”…
სულ ესაა…

-საქართველოში, სამოქალაქო ომის პერიოდში, თქვენ მედიაში მოღვაწეობდით. შეადარეთ იმდროინდელი ჟურნალისტიკა დღევანდელს…

-მასმედიაში ჩემი ,”მოღვაწეობა” ცოტა არ იყოს გადაჭარბებულად მიმაჩნია, მაგრამ იმ ავადმოსაგონარი პუტჩის შემდეგ, წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენელთა ერთმა ჯგუფმა სოხუმში გადაწყვიტა გაზეთის დაარსება. დავაარსეთ ,”აღდგომა”, რომლის რედაქტორად ავირჩიეთ გიორგი სიჭინავა. ამ გაზეთის დაარსებაში და გამოცემაში დიდი ღვაწლი მიუძღვით აწგანსვენებულ ანზორ გვარამიას, მურმან ზაქარაიას, ნონა და ნანა ქობალიებს, რამაზ კუპრავას. გაზეთი ფაქტიურად საველე იყო და მისი საშუალებით ჩვენ ვცდილობდით პუტჩისტური რეჟიმის წინააღმდეგ ეროვნული დაუმორჩილებლობის სულისკვეთების გაღვივებას. “აღდგომა” იყო ის გამოცემა, სადაც იბეჭდებოდა ქართულ მედიასივრცეში, ასე ვთქვათ, დაბლოკილი დევნილი პრეზიდენტის განცხადებები და მიმართვები. ჩვენ ვცდილობდით, ამ გაზეთის მეშვეობით, სიმართლის ხმა მიგვეწვდვინა ადამიანებისათვის. ამ გაზეთთან დაკავშირებით ერთი კურიოზიც გამახსენდა: ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დაწყების შემდეგ შევარდნაძის რეჟიმის მიერ სოხუმის კომენდანტად დანიშნულმა გია გულუამ გამოსცა ბრძანება, რომლის ძალითაც მან აკრძალა ,”აღდგომა.” სასაცილოცაა და სატირალიც რომ “ბრავი გენერალმა” ბრძანების ტექსტში სიტყვა ,”აღდგომა” წინწკლებში არ მოაქცია… ამის შემდეგ ჩვენ იძულებული გავხდით, გაზეთი გადმოგვეტანა ზუგდიდში. “აღდგომა”, ფაქტიურად, გახდა იმ ეროვნული დაუმორჩილებლობის კომიტეტის ორგანო, რომელიც ზაურ ქობალიასთან და რამდენიმე თანამოაზრე-თანამებრძოლთან ერთად კვლავ აღვადგინეთ მე და ანზორ გვარამიამ.  სხვათაშორის, ”აღდგომა” მზადდებოდა და იბეჭდებოდა იმ შენობაში, სადაც ფუნქციონირებდა გაზეთ “ოდიშის” რედაქციაც. სადაც ასევე ახლა ფუნქციონირებს თქვენი რედაქციაც. შესანიშნავი ჟურნალისტები და უბრალოდ დიდებული ადამიანები: ზურაბ ცხონდია, ლალა ნარმანია, ჯამბულ არქანია, ნანი მოსიძე, სწორედ იმ პერიოდში გავიცანი. შესანიშნავი ადამიანები მოღვაწეობდნენ ტიპოგრაფიაშიც. კარგად მახსოვს, რომ იმ პერიოდში, გაზეთ “ოდიშის” კოლექტივს დიდი პრობლემები შეუქმნეს პუტჩისტებმა. “ოდიში”, ფაქტობრივად, დევნილი იყო რეჟიმისაგან… თქვენ ჯვარი გწერიათ, მაგრამ სამწუხაროდ, ქართული და ზოგადად მსოფლიო მედიასივრცე მეტწილად არაა ობიექტური. ცხადია, ჟურნალისტიკაში მოღვაწეობდნენ და ახლაც მოღვაწეობენ მოუსყიდავი და წესიერი ადამიანებიც, მაგრამ ზოგადი სურათი დამთრგუნველია და ნამდვილად არ ტოვებს დადებით შთაბეჭდილებას. მედიასაშუალებათა უმრავლესობა, ძირითადად, ადამიანების დეზინფორმირებასა და ტვინის გამორეცხვაზეა ორიენტირებული. ასე რომ, დიდი განსხვავება იმჟამინდელ და ამჟამინდელ მედიასაშუალებებს შორია არაა. სხვა საკითხია, რომ ამჟამად ხალხის დაბოლების ტექნოლოგიები წარმოუდგენლად არის დახვეწილი. კიდევ გავიმეორებ: თქვენ ჯვარი გწერიათ…

-რა ბედი ეწია “აღდგომას”?

-1993 წლის ნოემბერში, სამეგრელოში შევარდნაძის ვათანძარული ბანდების და ბალტინის რაზმის შემოსევის შემდეგ, ჩვენ იძულებული გავხდით ზუგდიდი დაგვეტოვებინა. ბუნებრივია ,”აღდგომის” გამოცემაც აქ შეწყდა, მაგრამ შემდგომ წლეებში მისი გამოცემა საკუთარი ინიციატივით განაახლა მურმან ზაქარაიამ. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამოსცემდა ამ გაზეთს, მაგრამ ეს იყო თბილისში და ეს უკვე სხვა ისტორიაა…

-თქვენ მეგრული ენის აღიარებას რა სტატუსით მიიღებთ და ეს ხომ არ მოუტანს საქართველოს და სამეგრელოს ზიანს…

-არ ვიცი მოგეწონებათ თუ არა რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ მე საერთოდ არაფერს ვამბობ ვინმეს მოსაწონებლად თუ არმოსაწონებლად. მიმაჩნია, რომ მეგრული ენა რეპრესირებულია. რეპრესირებულ ენას კი, კანონით სჭირდება რეაბილიტირება. ცალკეული ენთუზიასტების მცდელობა არაა საკმარისი ენის გადასარჩენად. უიშვიათესი გამონაკლისის გარდა – ვერც ბიზნესმენები გაბედავენ ამ საქმეში ფულის ჩადებას. საკანონმდებლო ბაზა უნდა არსებობდეს. ხელისუფლების კეთილი ნება უნდა არსებობდეს, რომელიც კანონით იქნება გამყარებული. ამას დაუღალავი და სწორი აგიტაცია-პროპაგანდა სჭირდება. ამას ერთიანობა და მობილიზაცია სჭირდება. აუცილებლად უნდა მოვთხოვოთ არსებულ ხელისუფლებას კოლხურ- იბერიულ (ქართველურ) ენათა დაცვის სახელმწიფოებრივ დონეზე აყვანა. აუცილებლად უნდა შეიქმნას საპარლამენტო სპეციალური კომისია. კომისია უნდა იყოს უაღრესად კომპენტენტური და მან უნდა შეიმუშავოს კომპლექსური პროგრამა. პროგრამაში უნდა ჩაიდოს ყველაფერი ის, რაც შეუქცევადს გახდის მეგრული ენის გადარჩენა-განვითარების პროცესს. თუ რა უნდა ჩაიდოს იმ პროგრამაში, აი, ამაზე უნდა იფიქროს საზოგადოებამაც და წინადადებებიც შესთავაზოს კომისიას. მე, მაგალითად, ვფიქრობ, რომ აუცილებელია, დაწყებით კლასებში ისწავლებოდეს მეგრული (ლაზურიც და სვანურიც) ენა. აუცილებელია სახელმწიფომ ორგანიზება გაუკეთოს მეგრულ (ლაზურზეც და სვანურზეც) ენაზე რადიო და ტელემაუწყებლობის ფუნქციონირებას. აუცილებელია, მეგრულ (ლაზურზეც და სვანურზეც) ენაზე ბეჭვდითი გამოცემების სტიმულირება. აუცილებელია, მეგრულ (ლაზურზეც და სვანურზეც) ენაზე მოსაუბრე ადამიანებს სახელმწიფო ენასთან პარალელურად მინიმუმ საკუთარი რეგიონის ტერიტორიაზე მაინც მიეცეთ “ნანაში ნინას” გამოყენების შესაძლებლობა. ამის გარდა, ალბათ ბევრი სხვა რამეცაა აუცილებელი. მოკლედ, პროგრამაში უნდა ჩაიდოს ყველაფერი ის, რაც საჭიროა და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მისი პრაქტიკული განხორციელება. ვიმეორებ: ერთეული ენთუზიასტების ძალისხმევა არაა საკმარისი და თუ სახელმწიფოებრივ დონეზე არ მოგვარდა ეს პრობლემა, მაშინ უახლოეს ათწლეულებში ჩვენს “ნანაშ ნინას” გაქრობა უწერია. ენის გაქრობა კი, შესაბამისად ჩვენს იდენტობასაც წაშლის, რაც ეთნოსის სიკვდილია. ვისაც ჩემი ეთნოსის სიკვდილი სურს – ჩემი სიკვდილის მოსურნეა. ჩემი და ჩემი ხალხის სიკვდილის მოსურნის მიმართ კი, ბუნებრივია, ყოველთვის მექნება ადეკვატური რეაქცია. და კიდევ, ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს ზოგადეროვნულ, ზოგადსახელმწიფოებრივ კონტექსტში. თუ ვინმე ავისმოსურნეს აქვს განზრახვა – მეგრული ენა გამოიყენოს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაშინ ჩვენც შეგვიძლია და ვალდებულნიც ვართ იმავე მეგრული ენის ფაქტორი ეფექტურად გამოვიყენოთ ეროვნული- სახელმწიფოებრივი ერთიანობის სასარგებლოდ… მავანთ კი, ამით ნამდვილად მოესპობათ მეგრულ ენაზე “ზრუნვით” მანიპულირების შესაძლებლობაც. სულ ესაა.
როგორც ხედავთ, მე ვცდილობ, ზოგადეროვნული და მეგრული იდენტობის დაცვა-გადარჩენის საკითხის ერთიანობაში და სინთეზირებულად განხილვას…
ეს არაა სეპარატიზმი. ესაა “ოქროს კვეთა”, შუალედი და რაც უფრო მალე მიხვდება და გაიცნობიერებს ამას საზოგადოება – მით უკეთესი, რადგან საზოგადოებრიობის “ტარიელ ფუტკარაძიზაცია” და ,,იურა ღვინჯილიაზაცია” ერთნაირად საშიშია ერთიანი ეროვნული ორგანიზმისათვის. ორივე არის სიმახინჯე და ორივე მათგანი თავიანთი იდეური თანამოაზრებითურთ უნდა მოიკვეთოს საზოგადოებამ. მაპატიეთ, გამიგრძელდა, მაგრამ არ მიყვარს მტკივნეულ საკითხებთან მიმართებაში ზერელე დამოკიდებულება…

-9 აპრილის შესახებ რას იტყოდით?

-9 აპრილის თემა იმდენად მტკივნეულია, რომ ყოველთვის მიჭირს მასზე არათუ საუბარი, გაფიქრებაც კი. 1989 წლის 9 აპრილის ღამე ნამდვილად იყო მისტერიული ღამე. ეს იყო ტრაგედიის ღამე, მაგრამ ამავე დროს, ეს იყო ჰეროიკული ღამეც. დღემდე დარდად მომყვება ისიც, რომ იმ ღამეს მე განგების ნებით იქ არ აღმოვჩნდი. იმ ღამეს გაცხადდა ჩვენი ერის მარადიული სწრაფვა თავისუფლებისაკენ, ეროვნული და სახელმწიფოებრივი დამოუკიედობლობისაკენ. ნამდვილად არ იყო შემთხვევითი ის, რომ 1991 წლის 9 აპრილს, იმ ტრაგედიიდან ზუსტად 2 წლის თავზე, დიდმა ზვიად გამსახურდიამ გამოხატა რა ქართველი ერის უდიდესი ნაწილის მიერ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმში გამოხატული ნება – გამოაცხადა ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენა. ამით ზვიად გამსახურდიამ, აღასრულა 1989 წლის 9 აპრილის იმ ავბედით ღამეს აღსრულებულთა ნებაც. ამით, მან, ზვარაკად შეწირული პატრიოტების სულებიც გაახარა და აზეიმა. ზვიად გამსახურდიამ ტრაგედია გარდასახა უდიდეს ზეიმად და ამაშიც არის უდაო მისტერია.

-საქართველოს გაერთიანებისა და გადარჩენის რა ფორმულა იცის ზურაბ კვარაცხელიამ?

-ცხადია, არაფერი განსაკუთრებული ფორმულა არ გამაჩნია. ყველა ჭკუათმყოფელმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ გავხდით მსოფლიოს გადანაწილების მოსურნე ზესახელმწიფოების გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესების დაპირისპირების, შეჯახების მსხვერპლი. მართალი გითხრათ, ჩვენს უახლოეს ისტორიაში, ჩვენმა ერმა, გამოავლინა სტრატეგიული აზროვნების სიბერწე. ჩვენი სამშობლო გადავაყოლეთ საერთაშორისო სტრუქტურებში გაწევრიანების ბოდვით აზრებს თუ იდეებს. პრაგმატულობას, საღ აზროვნებას მოკლებულები აღმოვჩნდით. არადა, აუცილებელია ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან საერთო ენის გამონახვა. ინტერესთა დაბალანსებაა აუცილებელი. ამის გარეშე, ჩვენი ქვეყნის გაერთიანების და განვითარების პერპექტივა არ არსებობს. ის კი არადა, უდიდესი ალბათობით შესაძლოა დეზინტეგრაციის პროცესი კიდევ გაგრძელდეს და სულ მალე ჩვენი მცირერიცხოვანი ერის და შაგრენის ტყავივით დამცრობილი ქვეყნის ისტორიაც საბოლოოდ დასრულდეს. აი, ესაა მწარე რეალობა. ფსევდოეროვნულობა და ურაპატრიოტიზმი დამღუპველია. სასწრაფოდ უნდა გამოვფხიზლდეთ და თვითგადარჩენის რეფლექსი ავამოქმედოთ….

-რამდენადაც ვიცი, თქვენ სოხუმელი ხართ, მეც… ოდესმე დადგება ჩვენი დაბრუნების დრო?

-პრინციპში, ამაზე უკვე გაგეცით პასუხი, მაგრამ კიდევ ვიტყვი: იმედი მაქვს სტრატეგიულად აზროვნების სიბერწისაგან განვთავისუფლდებით. იმედი მაქვს ქვეყნის გამთლიანების გასაღების ამაო ძებნას ვაშინგტონში და ბრიუსელში თავს დავანებებთ და იქ მოვძებნით, სადაც ის რეალურად არსებობს, ანუ კრემლში…

-რა არის ის, რაც იმედიანად განგაწყობთ ხოლმე…

-გულრწფელად გითხრათ, მთლად ბოლომდე მართლა არ ვიცი იმედიანად რა განმაწყობს, მაგრამ ღვთის წყალობამ, წინაპართა სულებმა და ჩვენი ხალხის ნიჭიერებამ შესაძლოა საღად აზროვნების უნარი დაგვიბრუნოს, გამოსავალი გვაპოვნიოს და ჩვენც არ შევუერთდეთ კაცობრიობის ისტორიაში გამქრალ ერთა, თუ ეთნოსთა გრძელ და შთამბეჭდავ ნუსხას… მართალია, მცირე, მაგრამ მაინც არსებობს შანსი იმისა, რომ ერთხელაც იქნება ერთმანეთს სოხუმშიც შევხვდებით და სანაპიროზე მოტლაშუნე ზღვის ტალღების ცქერითაც დავტკბებით. იქვე თითო ფინჯან სოხუმურ ყავასაც გეახლებით და კიდევ ერთ ინტერვიუსაც ჩავწერთ… შეიძლება ეს ოცნებაა, მაგრამ გვისმინოს უფალმა და აგვიხდინოს ეს ოცნება…

-არის ისეთი რამე თქვენს ცხოვრებაში, რასაც ნანობთ?

-ეხ, აწი სინანული გვიანია, მაგრამ დროის მანქანამ უკან რომ დამაბრუნოს – პირად ცხოვრებაში ალბათ გარკვეულ კორექტივებს შევიტანდი. მხოლოდ პირადულში. საზოგადოებრივს ეს არანაირად არ შეეხებოდა.

-თქვენი ოცნება…

-მინდა, დამოუკიდებელი და გამთლიანებული ქვეყანა მქონდეს. მინდა, კოლხურ-იბერიული მიწები ისევ ჩვენს სასიცოცხლო არეალში მოექცეს. მინდა ჩემი სამშობლო ერთგვარი ოაზისი იყოს დედამიწაზე, ანუ მის სახელმწიფოებრივ სივრცეში კოლხურ-იბერიული მოდგმის თითოეულ ეთნო-სუბიექტს გააჩნდეს საკუთარი თვითმყოფადობის დაცვა-შენარჩუნება-განვითარების მაქსიმალური შესაძლებლობა. ეს არის ის მოცემულობა, რომლის რეალიზებაზეც უნდა იფიქროს, იქადაგოს და იღვაწოს თითოეულმა მამულიშვილმა, თითოეულმა კოლხ-იბერმა. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ჩვენც ამ გზით უნდა ვიმოძრაოთ, რადგან ამას არა აქვს ალტერნატივა…

-და ბოლოს…

-ბოლოს, ისღა დამრჩენია, კიდევ ერთხელ მადლობა მოგახსენოთ. მინდა თქვენ და თქვენს შემოქმედებით კოლექტივს ვუსურვო წარმატებები. დაე, კვლავაც ასე ღირსეულად გეღვაწოთ. თითოეულ თქვენგანს ბედნიერებას გისურვებთ პირად ცხოვრებაშიც.

-წარმატებებს გისურვებთ.

-გაიხარეთ.

ეკა ფარულავა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


კომენტარი

  1. ბელა

    თქვენნაირი ადამიანი უნდა იყოს პარლამენტში, თანაც აუცილებლად! ეს ყველა ხელისუფალს, რომელსაც ჭკუაზე, მომავლის ჭვრეტაზე, პრეტენზია აქვს -სჭირდება.!
    რა გჭირთ ხალხნო, ამ ადამიანის დასახელება და გაყვანა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში თუ არ შეგვიძლია, საერთოდ რაიმეს გაკეთება შეგვიძლია ?! ასეთი გაწონასწორებული, ერთიანი სახელმწიფოებრივი ცნობიერების, აქ მეგრული ენის, იდენტობის შენარჩუნებაზე კი არა, ჩვენი ერის სრულყოფილი სახის აღდგენა – შენარჩუნე-
    ბაზეა ლაპარაკი იმ ხატ- სახესთან დაბრუნებაა, რასაც ქართველური რასა ქმნის.

  2. robinio555

    srul heshmaritebas gagadebs batoni zurabi sanam zurabi da misi tanamoazreebi ar movlen parlamentshi da xelisuflebashi qvekanas ar eshveleba ,

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!