ამბავი ორ ქირურგ ძმაზე


ქირურგი ძმები: ზურაბ და კონსტანტინე ჯიჯიხიები ზუგდიდში დაიბადნენ. მათი მშობლები: ნონა და მალხაზი, სიალალით და საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით ცნობილი მოქალაქეები არიან. ჯერ ზუგდიდში, შემდეგ კი, კრასნოდარში, არაერთი ქართველი თანამემამულის ხელის გამმართავი და მხარდამჭერები იყვნენ და არიან დღესაც. შვილებიც ამ პრინციპით გაზარდეს,–ზურგი არ უნდა აქციონ ადამიანს, გასაცემი სიკეთე გასცენ, ფეხზე დაუდგნენ მტერს და მოყვარეს, საქმეში იყვნენ პროფესიონალები და მართლები. ბიჭები კარგად სწავლობდნენ სკოლაში, გატაცებებიც ჰქონდათ–ზურაბს სიმღერა, კონსტანტინეს–სპორტი. მაგრამ, სკოლის დამთავრების შემდეგ, ორივემ, პროფესიად ექიმობა აირჩია. შემდეგ, ორივემ, ქირურგობა გადაწყვიტა. ზურაბი ნეიროქირურგია და კრასნოდარში მოღვაწეობს. კონსტანტინე კარდიოქირურგი და მოსკოვში, ბაკულევის ცნობილ სამეცნიერო კლინიკაში მუშაობს. ისე მოხდა, რომ პროფესიული წარმატება, ორივეს, თითქმის ერთდროულად “ესტუმრა”, თუმცა, ჩვენი მასალის წაკითხვის შემდეგ, თქვენ ნახავთ, რომ მარტივად არა, მხოლოდ დიდი შრომით. “ზუგდიდელები”, პარალელურ რეჟიმში დაუკავშირდა ძმებს–კრასნოდარში ზურაბს და მოსკოვში-კონსტანტინეს.

ზურაბ ჯიჯიხია: “–2005 წელს, წარჩინებით დავამთავრე კრასნოდარის 54-ე გიმნაზია და ჩავირიცხე კუბანის სამედიცინო უნივერსიტეტში, რომელიც დავამთავრე 2011 წელს. ამავე წელს, ჩავირიცხე ორდინატურაში ნეიროქირურგის სპეციალობით, რომელიც დავამთავრე 2013 წელს და დავიწყე მუშაობა კრასნოდარის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოში, #1 ნეიროქირურგიულ განყოფილებაში, სადაც დღემდე ვმუშაობ. პარალელურად ვსწავლობ ასპირანტურაში, რომელსაც ვამთავრებ წელს. ვმუშაობ თემაზე:”თავის ტვინის სიმსივნის ეპიდემიოლოგია კრასნოდარის მხარეში”.

-ზურაბ, გახსოვთ თქვენი პირველი ოპერაცია…

-პირველი ოპერაცია რომ გავაკეთე, ჯერ კიდევ ორდინატორი ვიყავი. შემოვიდა პაციენტი, მძიმე ქალა–ტვინის ტრავმით. ოპერაცია საოცრად რთული იყო ორდინატორის დონისთვის, თუმცა ყველაფერმა მშვენივრად და მშვიდობიანად ჩაიარა,–პაციენტი გადარჩა. მახსოვს, როგორი ამაყი ვიყავი… გმირის, გამარჯვებულის გრძნობა მქონდა, რადგან ცხოვრებაში პირველად, მე როგორც ქირურგი, საკუთარი ხელით დავეხმარე ადამიანს სიცოცხლისკენ მობრუნებაში. მას შემდეგ, ყოველდღე ვზრდი ჩემს თავს, უკვე ნეიროქირურგი ვარ, ბუნებრივია, იზრდება ოპერაციების რაოდენობა, ოპერაციების სირთულე, მაგრამ… გმირობის შეგრძნება ქრება, იწყებ გაცნობიერებას, რომ ეს არის არა იმდენად გმირობა, რამდენადაც უბრალოდ, დიდი სურვილი, გააკეთო რამე სიკეთე ამ ცხოვრებაში. ძალიან ამაყი ხარ, როცა ხედავ, როგორ დგებიან პაციენტები ფეხზე, როგორ უბრუნდებათ მეხსიერება, სმენა, მოძრაობის უნარი, როგორ უბრუნდებიან სრულფასოვან ცხოვრებას, თავიანთ ოჯახებს, შვილებს, მშობლებს და მეგობრებს. ასეთი იყო ჩემი ბოლო ოპერაცია, როცა მძიმე და შეიძლება ითქვას, უკურნებელის სენით დაავადებული ახალგაზრდა ქალის ცხოვრება, ჩემი, როგორც ექიმის, დროული ჩარევით, ისევ საინტერესო და იმედიანი გახდა. ასეთი ოპერაციებით სიცოცხლეს უბრუნდებიან ჩვენი პაციენტები და აქვე ვიტყვი იმას, რომ ასეთი წარმატებული ოპერაციები გვაძლიერებენ ჩვენ, ქირურგებს. ეს არის ნამდვილად ექიმისა და პაციენტის ერთობლივი გამარჯვება. სხვათაშორის, ეს წარმატებული ოპერაცია უყურადღებოდ არ დარჩენიათ კრასნოდარელებს.

-ექიმის ცხოვრება ადვილი არ არის. განტვირთვას როგორ ახერხებთ?

-მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ ოპერაციას, ექიმისგან მიაქვს “გულის სისხლი”, სიცოცხლის გარკვეული წუთები, გღლის, მე მაინც ვრჩები სიცოცხლისმოყვარე ადამიანად. მიყვარს მეგობრებთან, ოჯახთან დასვენება.

-თქვენზე მითხრეს, შესანიშნავად მღერისო…

– აბა, რომელ ქართველს არ უყვარს სიმღერა? მუსიკით ბავშვობიდანვე ვარ გატაცებული, სამუსიკო სკოლაში ვსწავლობდი და წითელ დიპლომებზეც კი დავამთავრე, ვუკრავდი გიტარაზე, ვიოლინოზე, ფორტეპიანოზე, მაგრამ დღესდღეისობით, ჩემთვის ყველაზე “მოთხოვნადი” გიტარა დარჩა. ვიკრიბებით მეგობრები ერთად, ვუკრავთ, ვმღერით, ალბათ ამაშია ჩადებული ძალა, განწყობა და ენერგიის მუხტი. ჩვენს ოჯახს საკუთარი მუსიკალური ტრადიციებიც აქვს, მამა კარგად მღერის, უკრავს გიტარაზე. ოჯახში, ხშირად დიდ სუფრებს ვშლით და ერთად ვმღერით.
-ალბათ, ქართველები იკრიბებით ერთად…

-სუფრასთან არიან არა მხოლოდ ქართველები… კუბანი ძალიან მეგობრული და მრავალეროვანია. როგორც გითხარით, ჩვენ, ვიწრო ოჯახურ წრეშიც კი ვმღერით… სანამ ჩემი ძმა მოსკოვში გადავიდოდა, მთელი ოჯახი ვიკრიბებოდით ვახშამზე. თითქმის ყოველი საღამო სიმღერით სრულდებოდა, აი, ასე, უბრალოდ, მთელი ოჯახი ვმღეროდით და ამით ვახარებდით ერთმანეთს. ალბათ ასეთ მომენტებშია ჩადებული ბედიერება ცხოვრებაში.

კონსტანტინე ჯიჯიხია: “–მთელი ჩემი ცხოვრება გავატარე რუსეთში. 2008 წელს დავამთავრე კრასნოდარის 54-ე გიმნაზია. სკოლის პერიოდში არ ვიყავი კარგი მოსწავლე, მშობლები მაიძულებდნენ, მესწავლა. საკუთარი თავი წარმოდგენილი მყავდა როგორც პროფესიონალი და ცნობილი სპორტსმენი. მინდოდა, სპორტული კარიერა გამეგრძელებინა, მშობლებს კი, სურდათ ზურაბივით, სამედიცინოზე ჩამებარებინა. ბოლოს და ბოლოს, მეც მივიღე გადაწყვეტილება ექიმი გავმხდარვიყავი. უნივერსიტეტში შეიცვალა მთელი ჩემი ცხოვრება. ვიგრძენი, რომ მედიცინა მიყვარს და ჩემი თავი ვიპოვე ამ საქმეში. სწავლისკენ მოვბრუნდი 180 გრადუსით. ყოველდღე ვსწავლობდი და ვვითარდებოდი. ერთი სიტყვით,  ერთი დღეც არ გამიტარებია, რომ რამე არ მესწავლა და ცოდნა არ მიმეღო. 6 წლის განმავლობაში, დავწერე 18 სამეცნიერო ნაშრომი. მესამე კურსზე ვიყავი, მოსკოვში, სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე დავიკავე პირველი ადგილი. უნივერსიტეტი დავამთავრე 2014 წელს წითელ დიპლომზე. სიმართლე გითხრათ, ცხოვრებაში არასოდეს მიფიქრია, რომ ასეთი სწავლისმოყვარე ვიქნებოდი.”

-რატომ პედიატრობა?

-ჩემი ძმა, ზურაბი, სწავლობდა პედიატრიულზე, მეტი სხვა მიზეზი არ იყო. შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ორდინატურა მოსკოვში უნდა გამევლო. მოგეხსენებათ, რომ რუსეთში არის ერთ–ერთი ყველზე ცნობილი და მაღალი დონის კარდიოქირურგიული ცენტრი “ა.ნ.ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა სამეცნიერო ცენტრი”. სწორედ აქ გავიარე ორდინატურა, ასპირანტურა და აქ ვმუშაობ დღემდე.

-ვიცით, ცნობილ ქართველ ექიმთან, ლეო ბოკერიასთან დაიცავით დისერტაცია…

-ბატონი ლეო ხელმძღვანელობდა იმ სხდომას, რომელზეც დავიცავი დისერტაცია, მაგრამ ხელმძღვანელი გახლავთ კონსტანტინ შატალოვი. ადამიანი, ვინც უკვე 5 წელია ჩემს გვერდით ერთგულად დგას. დისერტაციის დაცვამ წარმატებით ჩაიარა. ერთი იყო მასზე მუშაობა, და მეორე, თუ როგორი შეფასება მისცეს მას ჩემმა უფროსმა კოლეგებმა. რაც შეეხება, სამეცნირო დარგს, დისერტაციის გარდა, დღეისთვის, მაქვს 29 სტატია, 6 გამოგონების პატენტი,–გულის პროტეზები, ოპერაციის ახალი ტექნოლოგიები.

რას გვეტყვი ქართველ ქირურგზე, თითქმის ლეგენდად ქცეულ ლეო ბოკერიაზე?

-ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ხშირი კონტაქტი არ გვაქვს. ეს ადამიანი გახლავთ დიდი პიროვნება, საქმის პროფესიონალი და კოლორიტი. 79 წლის გახლავთ და ყოველდღიურად აკეთებს მინიმუმ სამ ოპერაციას.

-საავადმყოფოში, თქვენს გარდა, კიდევ არიან ქართველი ექიმები?

-დიახ. ჩვენთან ბევრი ქართველი ექიმი მუშაობს სხვადასხვა სპეციალობაზე. არიან ქირურგები, კარდიოლოგები, დიაგნოსტები. ქართველები ყოველ წელს მოდიან ორდინატურაში.

-თქვენი თავისუფალი დრო…

-თავისუფალი დროს ვუთმობ თვითგანვითარებას. ვმუშაობ ახალ ნაშრომებზე, ვკითხულობ წიგნებს და ვსწავლობ უცხო ენას.

-რა არის საიდუმლო, რის გამოც, დღეს, ძმები ჯიჯიხიები წარმატებულები არიან?

-ეს მოხდა უპირველესად, ღვთის წყალობით, შემდეგ კი,  დედაჩვენის ლოცვით და დისციპლინით.

-საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებთ?

-საქართველოში ყოველ წელს ჩამოვდივარ. ხშირად მინდა ჩამოვიდე, მაგრამ სამწუხაროდ დრო არ მაქვს.

-სამომავლო გეგმები…

-სადოქტორო დისერტაცია, დაოჯახება და უცხო ენის სწავლება.

-წარმატებებს გისურვებთ.

-მადლობა.
ეკა ფარულავა


კომენტარი

  1. გურიკა.

    წარმატებები ბიჭებო. მეამაყება რო ასეთი მაგარი ზუგდიდელები ხართ. გფარავდეთ უფალი.

  2. khvitia joni

    meamayebit rom aseti kargebi xart warmatebebi rom chamoxvalt zugdidshi aucileblad minaxulet joni khvitiadzalian menatrebit

  3. ნინო

    საამაყოა ასეთი ქართველების არსებობა… ულევი წარმატება თქვენ!
    ჩემს ახლობელს, რომელიც ცხოვრობს კრასნოდარში სჭირდება ნეიროქირურგის კონსულტაცია. როგორ შეიძლება დავუკავშირდეთ ზურაბ ჯიჯიხიას…
    წინასწარ გიხდით მადლობას

  4. მანანა სიჭინავა.

    სამწუხაროა სამშობლოდან გადენილი ინტელექტი, წარმატებები ნიჭიერ ახალგაზრდებს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!