ზურაბ გუგუჩია უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის კვლევების სამშობლოში გაგრძელების საშუალებაზე

“შვეიცარიაში ყველაზე დიდი ეროვნული სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, პაულ შერერის ინსტიტუტის (PSI) უფროსი მეცნიერი და მაღალი ველის მიუონის ლაბორატორიაზე პასუხისმგებელი მეცნიერი ვარ. პარალელურად ლექციებს პრინსტონის უნივერსიტეტში და პაულ შერერის ინსტიტუტში ვკითხულობ. სანამ შვეიცარიაში ჩამოვიდოდი, ამერიკაში ვმუშაობდი და პარალელურად ვასწავლიდი კოლუმბიის უნივერსიტეტში.
ჩემი კვლევები ძირითადად ეხება მაღალტემპერატურული ზეგამტარობის მექანიზმის დადგენას, ახალი ტიპის მაგნიტური ნახევარგამტარების შექმნას, ახალი თვისებების მქონე ტოპოლოგიური ზეგამტარობის და მაგნიტების შესწავლას. მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში დაბეჭდილი მაქვს არაერთი სტატია. 100-ზე მეტ ნაშრომში ასახულია ის მნიშვნელოვანი შედეგები, რაც უცხოელ კოლეგებთან ერთად სამეცნიერო აღმოჩენებში მივიღე. 2018 წელს ამერიკის წამყვან სამეცნიერო ჟურნალში დაიბეჭდა ერთ-ერთი ჩემი აღმოჩენა ახალი ტიპის მაგნიტური ნახევარგამტარების შესახებ. იგი მნიშვნელოვანია როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი თვალსაზრისით, რადგან მას ახალი ტიპის ელექტრონიკაში გამოიყენებენ, რომელსაც სპინტრონიკა ეწოდება და მეცნიერები მის შექმნაზე ინტენსიურად მუშაობენ.
მაღალი კონკურენციის პირობებში გვიწევს მუშაობა. ძალიან სწრაფი ტემპია ჩვენს სფეროში. ახალგაზრდა მეცნიერებს ვურჩევდი, რომ დააგროვონ რაც შეიძლება მეტი უცხოური გამოცდილება, რათა გაუძლონ კონკურენციას უცხო გარემოში და მიაღწიონ შემდეგ დიდ წარმატებას კველევებში. დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ თავი დაიმკვიდროთ. კარგი მეცნიერი უნდა იყოს ცნობისმოყვარე და ჰქონდეს შემოქმედებითი აზროვნების უნარი, ზედაპირულ მიდგომებს ხშირად მეცნიერებაში მცდარ შედეგებამდე მივყავართ. სიყვარულისა და მეცნიერული ჟინის გარეშე ვერ იქნები ძლიერი მეცნიერი. ყოველთვის აკეთეთ ის, რაც გიყვართ და არასდროს დაკმაყოფილდეთ მიღწეული შედეგებით.
მიმაჩნია, რომ აუცილებელია საქართველოში შეიქმნას ნიადაგი სამეცნიერო თვალსაზრისით, რათა უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებს ჰქონდეთ საშუალება კვლევების სამშობლოში გაგრძელების”.-ამბობს გუგუჩია.
  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.