ზუგდიდში საყმაწვილო მედიაფესტივალი დაფუძნდა


  • დღეს, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, პირველად საქართველოში, ჩატარდა საყმაწვილო მედიაფესტივალი „სარკმელი 2017“. მედიაფესტივალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა ქალაქის  რამდენიმე საჯარო სკოლამ.

კონკურსის ფარგლებში, მოეწყო ნორჩი ჟურნალისტების მიერ მომზადებული ბეჭვდითი და ხელნაწერი გაზეთების, ჟურნალების და კედლის გაზეთების გამოფენა. მოსწავლეების მიერ მომზადებულ მედიაპროექტებში გაშუქებული იყო ნორჩი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული სტატიები და ფოტომასალები აქტუალურ თემებზე. „სარკმელი 2017“-მა გამარჯვებული მონაწილეები გამოავლინა რამდენიმე ნომინაციაში: “საუკეთესო გაზეთის” ნომინანტი გახდა გაზეთი „მნათობიერი“ (ხარაგაულის მეორე საჯარო სკოლა). “საუკეთესო ჟურნალის” ნომინაცია მიიღო ჟურნალმა „ზღვაური“ (აჭარის მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლე), “საუკეთესო სათაურის” ნომინანტი გახდა ივდით კვიტია, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი,  “საუკეთესო ქუდის” ნომინანტი გახდა ჯვარის პირველი საჯარო სკოლის კედლის გაზეთი. “საუკეთესო დიზაინის” ნომინაცია მიიღო რუხის საჯარო სკოლამ,  ნომინაცია “აქტუალური პრობლემა” დაიმსახურა მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლემ ლანდა ქარდავამ, “საუკეთესო ფოტოს” ნომინანტი გახდა კახათის საჯარო სკოლა, ნომინაცია “საუკეთესო კალიგრაფია” მიენიჭა  ოდიშის მეორე საჯარო სკოლას, “მკითხველის პრიზი” გადაეცა ხონის მესამე საჯარო სკოლას, “საუკეთესო კედლის გაზეთის” ნომინანტი გახდა ფოთის მეხუთე საჯარო სკოლა, კრეატიული კედლის გაზეთის წოდება მიენიჭა ჟურნალ „ლამპარს“.  “ჟიურის რჩეული” გახდა აფხაზეთის სოფელ გაგიდის საჯარო სკოლის ჟურნალი.

აფხაზეთის საჯარო სკოლა ადგილზე არ იმყოფებოდა. შეხვედრის ორგანიზატორის ინფორმაციით, კონკურსანტებმა ვერ შესძლეს საზღვარზე გადმოსვლა. მათ ნაცვლად პრეზენტაცია გააკეთა ნორჩ ჟურნალისტთა კლუბ “სარკმელის” ერთ-ერთმა წევრმა.

მედიაფესტივალის სტუმარმა ჟურნალ ” ზღვაურის” რედაქტორმა ბელა ქებურიამ აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე ახალი სიტყვაა მედიასივრცეში და მსგავსი სახის ფესტივალების ჩატარება აუცილებელია. „მედიაფესტივალი საინტერესოა და ერთ-ერთი კარგი, წარმატებული პროექტი იქნება, ამაში ეჭვი არ მეპარება და დარწმუნებული ვარ, მედიაფესტივალი “სარკმელი” თავის სიტყვას იტყვის სამომავლოდ.
ხარაგაულის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგმა ნინო ბარბაქაძემ თქვა, რომ გაზეთი „მნათობიერი“ მათ სკოლაში 11 წელია გამოდის და გაზეთის რესპონდენტობა არის თითოეული მოსწავლის ოცნება. მისი თქმით, მედიაფესტივალი სამომავლოდ ძალიან დიდ საქმეებს ჩაუყრის საფუძველს მომავალი თაობების აღსაზრდელად.

ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მასობრივი ღონისძიებების ორგანიზატორმა მედეა თორიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „მედიაფესტივალის მიზანი მრავაფეროვანია-ჟურნალისტური უნარ-ჩვევების განვითარება მოზარდებში, აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, პრეზენტაციის უნარ-ჩვევების გამომუშავება. ბავშვებმა ძალიან კარგად და თამამად გამოხატეს თავიანთი სათქმელი და მიაწოდეს საზოგადოებას სწორედ ამ თავიანთი მედიაპროდუქტების საშუალებით“. მისი თქმით, მედიაფესტივალს, წელს, პირველად, ჩაეყარა საფუძველი და დარწმუნებულია, მომავალში, მედიაფესტივალს, უფრო მეტი გამოხმაურება ექნება. ტრადიციად იქცევა და ყოველ წელს ექნებათ საშუალება გაეცნონ მომავალი თაობის, ნორჩი ჟურნალისტების მედიაპროდუქტებს.

ჟიურის წევრს ირაკლი ამანათიძეს, მედიაფესტივალის დაწყება წარმატებულად მიაჩნია. „ვფიქრობ, რომ ეს დასაწყისისთვის კარგია, სტიმულის მიმცემია ჩვენი მომავალი თაობებისთვის, ბავშვებისთვის, რომლებიც ახლა მუშაობენ, იწყებენ ნორჩ ჟურნალისტთა კლუბებში საქმიანობას. რადგან წელს პირველად ჩატარდა აღნიშნული კონკურსი, შევეცადეთ, მაქსიმალურად ჰუმანურები ვყოფილიყავით.“  ამანათიძემ ყურადღება გაამახვილა გაგიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებზე, რომლებმაც ვერ შესძლეს საზღვრის გადმოკვეთა.

ჟიურის წევრს, ირაკლი ბაღათურიას, დღევანდელი დღე საინტერესოდ და იმედისმომცემად მიაჩნია. „ვისურვებდი, ყოველწლიურად გაზრდილიყოს მედიაფესტივალის მასშტაბები და ქალაქს ჰქონდეს ფესტივალის სახით, საკმაოდ მყარი მედიაფესტივალის ტრადიცია.“ მისი თქმით, საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა ჟიურისთვის კონკურსანტების გადარჩევა მათი თემატიკიდან გამომდინარე.

გაზეთ „მესამე სკოლის თაობის“ რედაქტორმა ქელი ტერიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მედიაფესტივალი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი კონკურსი აღმოჩნდა მათთვის.

კონკურსში მონაწილეებს გადაეცათ წიგნები და სიგელები, მიწვეულიქნენ მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ჯგუფების მიერ მომზადებულ კონცერტზე, ბენდი “ზუგდიდის” კონცერტზე ღია ცის ქვეშ. სასახლელები, მოგვიანებით, მედიაფესტივალის სტუმრებს გაუმასპინძლდნენ სადღესასწაულო ტორტითა და ალაფურშტით. ფესტივალის დასასრულს, ფესტივალის სტუმრები დადიანების სასახლეს ესტუმრნენ დასათვალიერებლად, შემდეგ კი, თავიანთ ქალაქებში გაემგზავრნენ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!