ზუგდიდში მოშიმშილე დევნილები საავადმყოფოში გადაიყვანეს


  • ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს ეზოში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, შიმშილობის მეთოთხმეტე დღეს, შეუძლოდ გახდნენ და გადაყვანეს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში.

ერთ-ერთმა დევნილმა, რომელიც ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში ცხოვრობს “ზუგდიდელებს” უთხრა: “დღის მეორე ნახევარში ოთხივე მოშიმშილე ცუდად გახდა, გამოვიძახეთ სამედიცინო დახმარება და ექიმებმა გადაიყვანეს რეფერალურ ჰოსპიტალში. ამ დროისათვის, გაწეულია პირველადი დახმარება და ველოდებით ანალიზის პასუხებს. არ ვიცი, გააგრძელებენ შიმშილობას თუ არა. მათთან შესახვედრად დევნილთა სამინისტროდან არავინ მოსულა. მოშიმშილე ქალბატონების: ქეთევან ინალიშვილის და ნანული ბენიას შვილები იმყოფებოდნენ დევნილთა სამმართველოში. სამმართველოს უფროსი ბატონი გელა ნაჭყებია მათ დაპირდა, რომ თბილისიდან მონიტორინგის ჯგუფი ორშაბათს ჩამოვა და შეისწავლის მათ მდგომარეობას”.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს ეზოში, კარავი იყო მოწყობილი და აფხაზეთიდან დევნილი 4 პირი: ქეთევან ინალიშვილი, ჯემალ ბაძაღუა, ინეზა კვანტალიანი და ნანული ბენია შიმშილობდნენ. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ 63 წლის ქეთევან ინალიშვილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა.

დევნილები “ზუგდიდელებთან” ამბობდნენ, რომ წლებია ახალი ბინის მოლოდინში ნგრევად და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ყოფილი რაიონული საავადმყოფოს ეზოში ცხოვრობენ.

მოშიმშილე დევნილები ამბობდნენ, ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებდნენ და უკანონობას არ შეეგუებოდნენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.