ზუგდიდელი თამარ ჟვანია მერის სამგზის სტიპენდიანტია


  • თამარ ჟვანია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო (ბიზნეს) სამართლის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტია და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩი გახლავთ. თამარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სამგზის და პრეზიდენტის შვდიგზის სტიპენდიანტია.

თამარ ჟვანია: -“მჯერა, რომ ყველა ადამიანი ამქვეყნად, რაღაც მისიით არის მოვლენილი, რათა არსებული სიტუაციის შეცვლაში მისი გარკვეული წვლილი შეიტანოს და შექმნას, რაღაც ღირებული, რაც დადებითად აისახება მომავალი თაობების ცხოვრებაზე. ალბათ, ყველაზე დიდი ღირებულება, რაც ადამიანს გააჩნია თავისუფლებაა, რაც სწორედ სამართლის მეცნიერების კვლევის ობიექტს წარმოადგენს, რომ იყოს სუვერენული, დამოუკიდებელი, განვითარებაზე ორიენტირებული ქვეყნის შვილი, რის მიღწევაშიც თითოეულ ჩვენგანს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვეკისრება. პირველი ნაბიჯები კი შიდა სამართლიანობის მიღწევით უნდა გადავდგათ.

ალბათ, ამიტომ აირჩიე სამართალი…

-ჩემთვის მიუღებელი იყო საპოლიციო სისტემის ამჟამინდელი მიდგომები, შრომის უსაფრთხოების, დასაქმებულების კუთხით არსებული ზერელე და გულგრილი დამოკიდებულება, სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზები, განუხილავი და წლობით თაროზე შემოდებული საქმეები, რომლებიც არასწორი მენეჯმენტისა და არათანაბარზომიერი რეფორმების შედეგია…კორუფციისა და ნეპოტიზმის მაღალი მაჩვენებელი, რომელიც პირველი მტერია ქვეყნის განვითარებისა და საერთაშორისო მხარდაჭერის მიღების კუთხით. ამასთან ერთად, არსებობს კიდევ ბევრი საკითხი, რომლის მიმართ ინტერესმაც გადამაწყვეტინა სამართლისთვის მიმეძღვნა საკუთარი ცხოვრება და თუნდაც პატარა “ჭანჭიკის” როლი შემესრულებინა ჩემს ქვეყანაში სამართლიანი მმართველობის ხელშესაწყობად.

-ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და პრეზიდენტის სტიპენდიანტი ხარ…

-დიახ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია ამ მხრივ… რთულია, მასზე აპელირებისას მუდმივად გიწევს დაფიქრება, რათა ღირსეულად წარადგინო საკუთარი თავი, საკუთარი პროფესია და საკუთარი ქალაქი

-არაერთ პროექტზე გიმუშავია, განსაკუთრებულად რომელს გამოყოფდი?

-დიახ, ბევრ პროექტში მიმიღია მონაწილეობა. განსაკუთრებულად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სასერთიფიკატო პროგრამას გამოვარჩევდი, რომლის ფარგლებშიც არაერთ პროექტზე მოგვიწია მუშაობა, საჯარო სამსახურებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და ანალიტიკური კვლევების ჩატარება, რომელიც კვლევითი უნარების მკვეთრად გაუმჯობესებაში დამეხმარა და მეტად დამაახლოვა ადგილობრივ დონეზე მუნიციპალიტეტებთან, რათა გამომეკვლია არსებული ხარვეზები და საჭირობები, შემდგომში მის მოგვარებაზე მუშაობის კუთხით.

-აფხაზეთიდან ხარ…

-დიახ, აფხაზეთიდან ვარ, თუმცა ჩემი ცხოვრების ძირითადი ნაწილი დაკავშირებულია ზუგდიდთან. მე სამწუხაროდ, მოგვიანებით გავჩნდი, თუმცა ბავშვობის ძალიან დიდი ნაწილი იქ გავატარე, იქაური ყველაფერი სხვაგვარად ძვირფასი და შინაურულია, ჩემი წინაპრების საძვალეც აფხაზეთშია, ამიტომ მისი დავიწყების უფლება არც ერთი წამით არ მაქვს. ამ ეტაპისთვისაც, აქტიურად ვცდილობ, აფხაზეთთან კავშირი არ დავკარგო და ჩემი სახლ-კარი შევინარჩუნო.

-როგორ დაახასიათებ საკუთარ თავს?

-შრომისმოყვარე, მებრძოლი, მიზანდასახული და სიცოცხლის მოყვარულ ადამიანი ვარ.

-ახლახანს ოჯახი შექმენი…

-მეუღლე აკაკი დანელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, თუმცა მისი მიმართულება ბიზნესის ადმინისტრირება, ანალიტიკა და პროექტების მართვაა. სექტემბერში მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური და ვგეგმავთ, ერთობლივი საქმიანობის განხორციელებას ბიზნეს სამართლისა და პროექტების მართვის კუთხით.

-როგორ ფიქრობ, რა არის მიზნის მისაღწევად საჭირო?

-მუდმივი მუშაობა საკუთარ თავზე, პერსპექტივების ადეკვატური შეფასება და SWOT ანალიზის საფუძველზე მოქმედება.

წლების შემდეგ, როგორ წარმოგიდგენია შენი მომავალი?

-გეგმები ბევრი მაქვს, თუმცა არ მიყვარს მათზე წინასწარ საუბარი, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ვფიქრობ, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დავიდებ ბინას, სადაც ამ ეტაპისთვის, ალბათ ყველაზე მეტად სჭირდებათ პროფესიონალი კადრები.

მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!