- ზუგდიდელი გიგა ალანია სპორტულ კარატეში თბილისში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს, ისტორიაში პირველად, სპორტულ კარატეში კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს პირველი ოქრო -52 კგ კატეგორიაში, კადეტებში გიგა ალანიამ მოუპოვა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა სპორტსმენი ფინალში უკრაინელ მაქსიმ ვიეჩკანოვს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
დღეს, შეჯიბრებაზე ტიტულის დაცვას შეეცდებიან ევროპის მოქმედი ჩემპიონები უტა ფონიავა და იკა სულამანიძე. უტა ფონიავა ოქროს მედლისთვის ბრძოლაში მუსტაფა ოგრაგლის, იკა სულამანიძე კი ბოსნია-ჰერცეგოვინას წარმომადგენელს, ბეხირ გრაბუსს, დაუპირისპირდება.
ინფორმაციისთვის: სპორტულ კარატეში კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე 49 ქვეყნის 1200-ამდე სპორტსმენი მონაწილეობს.