ზუგდიდელი ალექსანდრე ფიფია თავის ფრანგულ, სტუდენტურ ცხოვრებაზე


  • ზუგდიდელი ალექსანდრე ფიფია საფრანგეთში, სტრასბურგის უნივერსიტეტში და პარალელურად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე 100%იანი გრანტით სწავლობს.

ალექსანდრე ფიფია: სამართალი ყოველთვის მიმაჩნდა და ახლაც, მიმაჩნია იმ სფეროდ, სადაც შეიძლება სამშობლოსთვის და საზოგადოებისთვის მოღვაწეობა, რომელსაც შეუძლია კონკრეტული შედეგების გამოტანა. ეს ინტერესი,  მამაჩემის, გიორგი ფიფიას დამსახურებაა. მან ამ მიმართულებით გარკვეული ცოდნაც კი მომცა სამართლის ფაკულტეტისთვის. სკოლის დამთავრებამდე და უნივერსიტეტში ჩარიცხვამდე, ვმონაწილეობდი ბევრ საინტერსო პროექტში, რომლებიც პირდაპირ უკავშირდებიან ჩემს ქალაქს. განსაკუთრებული პატივისცემით და სიყვარულით მინდა, აღვნიშნო მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, სადაც რამდენიმე პროექტში და კლუბში მიმიღია მონაწილეობა. მათ შორის ქალბატონ ჯენეტ ქვარცხავას მენტორობით კლუბში „რა? სად? როდის?“  ქალბატონ ნანი მოსიძეს მენტორობით, ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბ “სარკმელში”. გატაცებული ვარ ისტორიით და ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ნინო ბარქაიას, რომელმაც ჩემს ბავშვურ ინტერესს ხორცი შეასხა და სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ ისტორია საკმაოდ კარგად ვიცი.

–ალექსანდრე, რა განსხვავებას ხედავ ქართულ და უცხოეთში მიღებულ განათლებას შორის?

-ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ცალსახად სჯობს. თსუ-ში სწავლის გამოცდილებიდან გამომდინარე, ვხედავ, რომ ბევრ რამეში როგორიცაა უნივერსიტეტის “გაციფრულება”, ნელ-ნელა ვეწევით ფრანგებს. რაც შეეხება, სწავლების პროცესს, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს თვალში დიდი განსხვავება არ არის და ზოგჯერ თსუ სჯობს…  შეიძლება მე გამიმართლა ლექტორებში და სემინარისტებში. შეიძლება ქართული ჩემთვის მეტად მშობლიური და ახლობელია, მაგრამ ფაქტია ქართული უნივერსიტეტი ჯერ-ჯერობით მეტ სივრცეს იძლევა, რომელიც სტუდენტმა უნდა შეავსოს. რაც შეეხება, ფრანგული უნივერსიტეტის პლუსებს, შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ პირველი პლუსი არის ფასი, მიუხედავად იმისა, რომ თსუ სახელმწიფო უნივერსიტიტია და გრანტის შემდეგ არაფერი მაქვს გადასახდელი, გრანტის გარეშე უშუალოდ თსუ-ში სამართლის ფაკულტეტზე სწავლა ლამის ოთხჯერ ძვირია, ვიდრე სტრასბურგის უნივერსიტეტში, იგივე ფაკულტეტზე. რა თქმა უნდა, არის სხვა ხარჯებიც, თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ფრანგული განათლების სისტემა, იმდენად მორგებულია სტუდენტს, რომ მსგავსი დონე საქართველოსთვის, ვფიქრობ, საკმაოდ შორია, ამის მიზეზი ქვეყნის სოციალური მდგომარეობაა, თუმცა მაინც საწყენია ამხელა კონტრასტი.

–როგორი იყო პირველი ფრანგული შეგრძნებები…

-მოხიბლული დავრჩი. სტრასბურგი ზუსტად გერმანია-საფრანგეთის საზღვარზე მდებარეობს და დიდი ხნის მანძილზე გადადიოდა “ხელიდან ხელში”, თუმცა ერთნაირად შეინარჩუნა ფრანგული ლამის პარიზული ატმოსფერო, ტრადიციული ალზასური მახასიათებლები და გერმანული ნეოკლასიციზმი. უშუალოდ ქალაქის გარდა, რომელიც საკმაოდ ლამაზია და შობის დედაქალაქსაც უწოდებენ, აღსანიშნავია ხალხი, რომელიც ამ ქალაქში ცხოვრობს. სტრასბურგი საკმაოდ ინტერნაციონალური ქალაქია. ქუჩებში გაიგებთ თითქმის ყველა ენას ინგლისურის გარდა. გამოვყოფდი სტრასბურგის კათედრალს, რომელიც ერთადერთია საფრანგეთში ცალი “გუმბათით” და ნოიშტადს, რომელიც მთლიანად გერმანიის შემადგენლობაში არსებობისას არის აშენებული.

-შენს გარდა, კიდევ თუ არიან ქართველი სტუდენტები?

– ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ბევრ ქართველს შევხვდი. გარდა სტუდენტებისა, ნამდვილადაა იმაზე მეტი ქართველი, ვიდრე ველოდი, რაც სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. თუ “ჩაინათაუნი” მსოფლიოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში არსებობს, ვფიქრობ, სტრასბურგშიც შეიძლება პატარა ჟეოვილის (ქართული ქალაქის) შეკრება. შეიძლება სამწუხაროდ ჩანდეს, რომ ახალგაზრდები დიდი რაოდენობით ტოვებენ საქართველოს, თუმცა ვფიქრობ, ქართველს ქვეყანაზე მეტად არაფერი უყვარს და ნამდვილად მოვა დრო, როცა მსოფლიოს სხავდასხვა კუთხეში მოპოვებული ცოდნა და გამოცდილება ქართულ სახელმწიფოს და საზოგადოებას ძალიან დაეხმარება.

-როგორია უცხო ქალაქში სტუდენტური ცხოვრება?

-ალბათ, ვერავინ წარმოიდგენს, როგორი ჩვეულებრივია ჩემი ფრანგული სტუდენტური ცხოვრება, ფრანგული გამოთქმაც არსებობს: მეტრო, სამუშაო, ძილი. ჩემი ვერსია დიდად არ განსხვავდება მეტრო, სწავლა და ძილი.

ფრანგული თუ შეისწავლე?

-ფრანგულის შესწავლა ჯერ კიდევ, საქართველოში დავიწყე და მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ მოკლე პერიოდში ქალბატონმა მედიკო ჭაჭუამ შემასწავლა. ჩამოსვლიდან მალევე ფრანგულ უნივერსიტეტში და უნივერსიტეტის გარეთაც თავისუფლად ვურთიერთობდი ფრანგებთან, უკვირდათ ხოლმე, ფრანგებს, რომ ასე მალე შესაძლებელი იყო ენის ამ დონეზე შესწავლა. სხვათაშორის, ბევრი აღნიშნავს, რომ რთული ენაა და განსაკუთრებით პრობლემას სწორი გამოთქმა ქმნის, თუმცა გულწრფელად გითხრათ, მსგავსი სირთულე არ მქონია. ნახევრად ხუმრობით დავამატებდი, რომ ფრანგულ გამოთქმაში ძალიან წამადგა მეგრული ენის ცოდნა. გამოთქმის პლასტიკა, რომელსაც მეგრულს აქვს, საკმაოდ დიდ ფონეტიკურ გამოცდილებას იძლევა. ჩემს არამეგრელ მეგობრებს ხშირად ვეხუმრები, თუ ფრანგულის სწავლა სურთ, ჯობს მეგრულის შესწავლით დაიწყონ.

როგორია შორიდან დანახული საქართველო?

-ისეთივე, როგორიც რუკაზე, უზარმაზარი მძორის ქვეშ მოყოლილი პატარა სახელმწიფო, რომელსაც ატლასივით უკავია ცა მის თავზე და ატლასივით ცდილობს თავი დააღწიოს ამ გარემოს. მე ვფიქრობ, ქართველი ხალხი იმდენად ევროპელია, იმდენად მონდომებულია და იმდენად ნიჭიერია, აუცილებლად მოიპოვებს ადგილს მზის ქვეშ. აქ საქართველოზე ამბები ერთი ათად გადიდებულად მოდის და ყველა უზარმაზარი ლუპით ვაკვირდებით. ჩემთვის ის, ასეთ დროს, მოხუც დედას გავს, რომელიც შვილს ელოდება და ნანატრ შეხვედრამდე, ისევე როგორც შვილი, დღეებს ითვლის.

პანდემიამ უნივერსიტეტები დისტანციური, ონლაინ სწავლების აუცილებლობის წინაშე დააყენა…

-ვფიქრობ, დისტანციური სწავლა ისეთი გამოცდილების მომცემია, რომლის მიღება ნამდვილად ღირდა. ცხადი გახდა, რომ საუნივერსიტეტო განათლება არასწორად გვესმის და საკმარისად არც არავინ ვაფასებთ. პანდემიამ უფრო მეტად დაგვაშორა საზოგადოებას და სხვადასხვა დოზით საზოგადოებრივი აზრის წარმომქმენელ ყველა ინსტიტუციას. უნივერსიტეტშიც ბევრი არასაჭირო ელემენტია, რომელიც დისტანცირებამ საკმაოდ კარგად გაფილტრა. მეორეს მხრივ, უნივერსიტეტი არც არაფერს იძლევა, მგონია, განათლებას ის ადამიანები იძლევიან, ვინც უნივერსიტეტში მუშაობენ. რა თქმა უნდა, გემოვნების საკითხია და აუდიტორიაში სწავლაც საჭირო გამოცდილებაა, თუმცა, ვფიქრობ, ჯერ კიდევ კარგად არ გვაქვს გააზრებული დისტანციური სწავლის ბენეფიტები. დღეს, მსოფლიოს გარშემო ტენდენციაა, გაიცეს განათლება შუამავლების გარეშე. სამართალი ასე თუ ისე სპეციფიური დარგია, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ზოგ შემთხვევაში, უნივერსიტეტის ერთადერთი პლუსი სილაბუსია, რომელიც მის გარეშე შესაძლო პოტენციურ ქაოტურობას სრულად გამორიცხავს.

–ალექსანდრე, როგორია შენი სამომავლო გეგმები და უკავშირდება თუ არა საქართველოს?

-სამომავლო გეგმები დღევანდელი მდგომარეობით, საკმაოდ ზოგადია, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში უკავშირდება საქართველოს.

მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 19 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!