2015 წლის საგამოცდო პროცესი დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო. ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში აბტიურიენტთა ტესტირება მიმდინარეობს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელ ნანა ქირიას თქმით, პროცესი მშვიდ ვითარებაში, დარღვევების გარეშე წარიმართა.
„427 არის სიაში პირველ სესიაში. 11 არ გამოცხადდა. აფხაზეთიდანაც არიან, მაგრამ ჩვენ არ გვევალება მათი დათვლა. გადმოვიდა რამდენიმე ადამიანი. სულ ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში 1800 აბიტურიენტია დარეგისტრირებული“, – ამბობს ნანა ქირია.
საგამოცდო ცენტრები 11 ქალაქში გაიხსნა: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი და ხულო. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული იყო 40 000-ზე მეტი აბიტურიენტი, თუმცა, დაახლოებით 1 300 მეთორმეტეკლასელი პროცესს გამოეთიშა. მათ ატესტატის აღება ვერ მოახერხეს.
6 ივლისიდან აბიტურიენტები გამოცდებს ზოგად უნარებში ჩააბარებენ. გამოცდები 22 ივლისს დასრულდება.