აზიური ფაროსანასაგან მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, დღეს, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად გაფუჭებული პროდუქტები მიიტანეს. მათ ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით: “მოვითხოვთ კომპენსაციას”.
დღევანდელ აქციაზე იმყოფებოდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია. აქციის მონაწილეები შეხვედრას ითხოვდნენ მხარის გუბერნატორთან ლევან შონიასთან. მათ სამხარეო ადმინისტარციის შენობაში შეჭრა სცადეს, მაგრამ ამის საშუალება პოლიციელებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეებს შეხვდა გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია, რომელმაც შეკრებილებს განუცხადა, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა დაწყებულია, მაგრამ კომპენსაციას ხელისუფლება ვერ გასცემს. ამის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. მოძრაობა რამდენიმე წუთით შეფერხებული იყო. მოგვიანებით, “ენმ”-ს ლიდერმა, მოქალაქეებს, აქციის დაშლისკენ მოუწოდა. “ეს დაშლა დროებითია. ხალხს არა აქვს ელემენტარული საშუალება, რომ აქციაზე მოვიდნენ თავიანთი სოფლიდან, რადგან გზის ფული არ აქვს.”[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=DoMwpYZCBm4[/embedyt]
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აქცია გამაფრთხილებელი იყო. მათი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, პერმანენტული აქციების გამართვით იმუქრებიან.