“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას მათი წევრებისთვის ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. “ენმ” ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღავანლის ანა წითლიძის ინფორმაციით, მათ ამ საკითხზე საჩივარიც დაწერეს.
“ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია გახდა ჩვეულებრივი პარტიული ორგანიზაცია და “ქართული ოცნების” დანამატი, რომელიც უბნებზე ნიშნავს ცეესკოს წარმომადგენლად ადამიანებს, რომლებიც არიან საჯარო მოხელეები. ან არიან “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირები, ან არიან ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნათესავები. დღეს, წარმომადგენლად ირჩევს საოლქო კომისია ნატალია პაპასკირს, რომელიც არის საკრებულოში აპარატის უფროსი, ასევე ირჩევენ ვინმე ნია კვარაცხელიას, რომელიც არის ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ნათესავი.”
ანა წითლიძის განმარტებით, ამ პირობებში, არანაირ სამართლიან არჩევნებზე საუბარი არ შეიძლება. “წარმოუდგენელია, როდესაც საოლქო კომისია წარმომადგენლებს უბნებში ნიშნავს იმისთვის, რომ დამატებითი ადმინისტრაციული რესურსი უბნებში ჰყავდეს “ქართულ ოცნებას.” მისი ინფორმაციით, 19 საჩივარი არის დაწერილი ზუგდიდის საოლქო საარჩენო კომისიაში, რაც მისი თქმით, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საოლქო საარჩევნო კომისია არის არა ობიექტური ორგანიზაცია, ჩვეულებრივად არის “ქართული ოცნების” დანამატი. ანა წითლიძე მოუწოდებს ცეესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას, ყურადღება მიაქციოს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას და კომისიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს.
ანა წითლიძის ბრალდებებს უპასუხა #67-ე ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა. ის მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.
მირანდა მესხის განმარტებით, არანაირი ინფორმაცია არ არის დამალული. ნატა პაპასკირთან დაკავშირებით, მირანდა მესხმა აღნიშნა, რომ ის არის საარჩევნო სისტემების რეფორმების განვითარებისა და სწავლების ცენტრის ტრენერი. “რაც შეეხება ნია კვარაცხელიას, გამოცდილი კადრია, საარჩევნო განვითარების და სწავლების ცენტრის პირველი სკოლის მოსწავლეა”.