ედიტა კოდუა: ქუჩაში ბედნიერ სახეებს მინდა ვხედავდე


  • ედიტა კოდუა იმ ქალთა რიგებს მიეკუთვნება, რომელიც საზოგადოებაშიც და ოჯახშიც ქალის მაგალითად გამოდგება მისი ბრძოლის, შრომის, მიზანმიმართული საქმიანობის გამო. “ზუგდიდელების” სტუმარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის:  ახალსოფელის, აბასთუმანის, ჯუმის, ნარაზენის, ოფაჩხაფუს, უჩაშონას, ხეცერის, შამადელას ადმინისტრაციულ ერთეულებში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ედიტა კოდუა.

ედიტა კოდუა: -“რამდენიმე პროფესია მაქვს, ვარ მოქმედი პედაგოგი, ბუღალტერი, ჯანდაცვის მენეჯერი, მუსიკათმცოდნე. ტრენერი, დამთავრებული მაქვს რამდენიმე პოლიტიკური სკოლა. მაქვს 50 – მდე სერთიფიკატი. დღემდე გრძელდება ჩემი სწავლა-განათლება. მივიღე მონაწილეობა ტრენერთა ტრენინგებში, რომელიც მიმართულია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. მინდა, წვლილი შევიტანო ამ საქმეში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვარ პედაგოგი. 18 წლის ვიყავი, რომ ჩავირივხე მიხეილ ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე და იმავე წელს  დავიწყე სკოლაში მუშაობა მოხალისე პედაგოგად, იმდენად მომწონს ბავშვებთან მუშაობა, მათ გარეშე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება, ჩემი ცხოვრების ნაწილია მოსწავლეები, ისინი მახალისებენ, მძენენ ცხოვრების ხალისს, თითოეული მოსწავლე ჩემი მეგობარია, მე ყველა მათგანის მესაიდუმლე ვარ დღემდე, ძალიან მიყვარს ისინი და თვითონაც ასე მპასუხობენ,  აბასთუმნის საჯარო სკოლაში. მოზარდებთან ურთიერთობა მეხმარება ჩავწვდე ჩემი სამაჟორიტარო სოფლების თითოეული მოსახლის პრობლემებს. ეს დიდი სიყვარული და ყურადღება რომელსაც უხვად გავცემ არის ჩემი გამარჯვების ფორმულა. შემიძლია ყველა ადამიანს დავუდგე გვერდით დაუფიქრებლად, ჩემი ამომრჩეველია ის თუ არა, თუ ვხედავ მას ჩემი დახმარება ესაჭიროება, ყველა კლინიკის შტატგარეშე თანამშრომელს მეძახიან, სასწრაფოზე წინ მე მირეკავენ და პაციენტზე ადრე მისული ვარ დასახმარებლად კლინიკაში, ღამეებს ვათენებ მათ დახმარებაში, ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს, მაგრამ უფლის მადლიერი ვარ ამდენ ძალას და შესაძლებლობას, რომ მაძლევს ხალხის საკეთილდღეოდ. მშობლებმა, ხელი შემიწყვეს მიმეღო სრულფასოვანი განათლება. მამა, რუბენ კოდუა, აბასთუმნის მეურნეობის დირექტორი იყო, დედა, მერი ზარქუა, კულტურის სახლს ხელმძღვანელობდა. დედამთილ-მამამთილი დამსახურებული პედაგოგები იყვნენ. 55  წელი იმუშავეს აბასთუმნის საჯარო სკოლაში. 2 წელი საგამომცემლო საქმესაც ვეწეოდი თბილისში. 5 წელი ვიცხოვრე სანქტ-პეტერბურგში, სადაც ერთ – ერთ კომპანიაში ვმუშაობდი მენეჯერად. იქ დიდი გამოცდილება მივიღე. გავიარე ჯანდაცვის კურსებიც. მინდოდა საქართველოში ჩემი ბიზნესი გამეხსნა და დავბრუნდი ჩემს სამშობლოში. დავაფუძნე კომპანია “დიაბეტ – სერვისი”, რომელსაც 2000 ცალი შაქრის საზომი აპარატი აქვს – ზუგდიდელებისთვის უფასოდ გაცემული.

ჩემს ცხოვრებაში იყო სერიოზული პრობლემა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. 2004 წელს, გავიკეთე ოპერაცია. ვიყავი ჩიყვის გართულებული ფორმით ავად. სიკვდილს ჩავხედე თვალებში. მაშინ ვთქვი: თუ გადავრჩები, ხალხის ჯანმრთელობაზე მე თვითონ ვიზრუნებ მეთქი. ადამიანებმა, წლების განმავლობაში, არ იცოდნენ ვინ ეხმარებოდათ ინკოგნიტოდ დავრჩი, ისევ ვუწევდი დახმარებას. მე რეკლამისათვის არ გამიკეთებია არაფერი. უფალმა სიცოცხლე მაჩუქა და მეც გავიღე მცირედი სხვა ადამიანების გადასარჩენად.”

–ქალბატონო ედიტა, საინტერესოა დეპუტატობა რატომ გადაწყვიტეთ?

-თბილისში ვცხოვრობდი დაახლოებით 10 წელი. როდესაც ჩამოვდიოდი, გული მწყდებოდა, სოფელში არც გზა, არც გაზიფიცირება, არც გამრიცხველიანება, არც სასმელი წყალი არ იყო. სოფელი იცლებოდა, სკოლაში, სადაც  250 – მდე მოსწავლე იყო ჩემი მოსწავლეობის დროს დარჩა 80 მოსწავლე, გული მტკიოდა ამ ყველაფერზე, ერთ მშვენიერ დღეს უხუცესებმა, რომელთაც გული შესტკიოდათ სოფელზე შემომთავაზეს მეყარა კენჭი დამოუკიდებელ დეპუტატად და მეზრუნა ჩემი სოფლის კეთილდღეობისათვის. მადლიერი ხალხი ცხოვრობს სოფელში. ორჯერ ამირჩიეს დეპუტატად. ახლა, კი, მესამედ წილად მხვდა, ბედნიერება 8 სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი გავმხდარიყავი. წინასაარჩევნო კომპანიის ჩატარების დროს იმდენ სითბოს და სიყვარულს გამოხატავდა ხალხი ჩემს მიმართ, მეუბნებოდნენ რომ იცნობდნენ ჩემს საქმიანობას, მეიმედებით, ვიცით რომ დაგვეხმარები შესაძლებლობის ფარგლებში, ამიტომ ჩემი ხმა შენ, ეს სიტყვები უდიდესი საჩუქარი იყო ჩემთვის, რაც კი ოდესმე მიმიღია, ამ სიტყვებმა შემმატა სტიმული მებრძოლა გამარჯვებისთვის, ისე ხმა ცხოვრებაში არ მითხოვია, მგონია რომ ხმა შენმა გაკეთებულმა საქმეებმა უნდა მოგიტანოს და არა თხოვნამ, სოფელს ვემსახურები ყოველდღიურ რეჟიმში. ჩემთვის, შაბათ-კვირა, დასვენება არ არსებობს. მე თითოეული სოფლის თითოეული მაცხოვრებლის პრობლემა ვიცი და ვეხმარები მოგვარებაში. ვალდებულად ვთვლი, თავს მათი ჭირი და ლხინი გავიზიარო.

–ოჯახს როგორ უძღვება ქალბატონი, რომელიც 8 სოფლისთვის ზრუნავს?

-ოჯახი, რა თქმა უნდა, გვერდში მიდგას. მყავს სამი შვილი, უფროსი სანდრო მუშაობს ექიმად თბილისში “ავერსის” კლინიკაში, რადიოლოგია. მეორე ბიჭი აკაკი, ინჟინერია. მესამე შვილი ანანო, მე – 6 კლასშია. სწავლობს N1 საჯარო სკოლაში. სხვათაშორის, დიასახლისიც კარგი ვარ. ბავშვობიდან მეხერხებოდა საჭმლის მომზადება, ჩემთვის სასიხარულოა სტუმრის მოსვლა, კარგად ვაკეთებ პიცას, ხინკალს, პელმენს, და გამორჩეულად მიყვარს საცივისა და ღომის მომზადება.

-ქალბატონო ედიტა, იშვიათად არის ერთ ადამიანში თავმოყრილი ამდენი პლუსი: სილამაზე, ნიჭიერება, ენერგია, სითბო, სიყვარული, პასუხისმგებლობა. ალბათ, ბევრს აოცებთ თქვენი პიროვნებით?

-ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, უფალს უნდოდა ჩემი საზოგადოებასთან ყოფნა. დილა იწყება და დღე მთავრდება ჩემთვის უფლის მადლიერებით. მე უბრალო მოკვდავს რა შემიძლია უფლის გარეშე. ის მაძლევს ძალას გავუმკლავდე ამდენ გამოწვევას.

-ქალბატონო ედიტა, სრული ბედნიერებისათვის რა არის საჭირო?

-სულ ვნატრობ, რომ ჩემს ხალხს მივანიჭო ბედნიერება. ჩემმა პატარა შვილმა ანანომ მითხრა: ნატვრის თვალი რომ მქონდეს, ვინატრებდი მილიონს, რათა გაჭირვებულებს დავეხმაროო. თუ შევძლებ, ადამიანების დახმარებას, ეს იქნება ჩემი სრული ბედნიერება. მიხარია, რომ ჩემი შვილები ჩემნაირად აღიქვამენ ამ ყველაფერს და ჩემი ოცნებები ჩემს შვილებშიც გრძელდება. მათ არ შიათ, არ სწყურიათ, რაც აქვთ ეყოფათ. მე მინდა, ჩემი ხალხი, ვინც მე ნდობა გამომიცხადა, დეპუტატად ამირჩია, გამხადა მათი ხმა ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში იყოს ბედნიერი.

-თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს ადამიანი, რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს?

-ჩემი აზრით, ადამიანს უნდა ჰქონდეს ის თვისება, რაც უფლის გზაზე დააყენებს. ეს არის მიმტევებლობა, სულგრძელობა, ყველაზე დიდი კი ქველმოქმედების უნარი.

–რას ვერ აპატიებთ ადამიანს?

-ტყუილს. ჩემთვის მთავარია მითხრას სიმართლე, რაც არ უნდა მწარე იყოს. მე მას დავეხმარები შეძლებისდაგვარად.

–სამი რამ, რაც გჭირდებათ ბედნიერებისათვის?

– საქართველოს გაძლიერება, ისე რომ ემიგრანტები დაბრუნდნენ, ქუჩაში ბედნიერი სახეები და შესაძლებლობა იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გავახარო.

-როგორი ხართ მუშაობის პროცესში, როცა ხვდებით ხალხს მკაცრი, ლმობიერი თუ მეგობრული?

-ყველა ჩემი ამომრჩეველი თვლის, რომ ჩემი მეგობარია. მე თითოეული მათგანის ოჯახის წევრი ვარ. ჩემი ყველაზე დიდი პლიუსი კომუნიკაბელურობაა, ვარ ძალიან მეგობრული, ადამიანი, რომელსაც ერთხელაც კი ქონია ჩემთან შეხების წერტილი, ასაკის მიუხედავად, თვლის, რომ მე მისი მეგობარი ვარ, ეს ჩემი ხასიათია და ეს ძალიან მომწონს. არ გაგიკვირდეთ 3 წლის მეგობარიც მყავს და 105 წლისაც, ვცდილობ, მათი თვალითაც დავინახო სამყარო, ჩვენს ირგვლივ არსებული რეალობა, სწორედ ამაში მეხმარება სხვადასხვა ასაკის მეგობრებთან ურთიერთობა, ვთვლი რომ ყველაზე ბედნიერი და მდიდარი ადამიანი ვარ, ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის დიდი სიყვარული და მეგობრობის სურვილი ჩემთან რომელიც ამდენი ადამიანიდან მოდის, მადლობა ამდენი სითბოსა და სიყვარულისთვის ყველას ვინც უხვად გასცემთ ჩემს მიმართ სითბოს, მიყვარხართ და მეიმედებით მეც, როგორც თქვენ გეიმედებით მე, ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ დიდი სიყვარულით, მხოლოდ ეს გადაგვარჩენს, მზად ვარ გემსახუროთ, სანამ თქვენი სურვილი იქნება.

რას უსურვებთ, ქალბატონო ედიტა, ზუგდიდელებს?

-ზუგდიდი მინდა იყოს ძლიერი, მტკიცე ქალაქი, გაჭირვებული ადამიანების გარეშე. ერთმანეთის გატანას და სიყვარულს ვუსურვებ ზუგდიდელებს.

საუბარი ჩაიწერა როზა როგავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!