დღიური N8. ლიკა როგავა “პირველი თოვლი, კორონატესტი და ფიქრები ბერტა ფონ ზუტნერზე…”


შეგახსენებთ, ზუგდიდელი ლიკა როგავა, სვანეთში, მესტიაში, კარანტინში იმყოფება და სპეციალურად “ზუგდიდელებისთვის”  სვანურ დღიურებს წერს.  დღიური N8:

“21 აგვისტო, 2020 წელი,

კარანტინის მე-11 დღეა, უჩვეულოდ ადრე დაიწყო დილა, დღეს კოვიდ ტესტი ჩაგვიტარეს. მაინც რთულია მოლოდინი, იმისა, როგორი იქნება პასუხი. ზუსტად ვიცი, რომ უარყოფითი, მაგრამ ემოცია მაინც ახლავს ამ ყველაფერს თან.

ამდენი ღამის განმავლობაში უჩვეულო ღამე იყო ნამდვილად. ღამის 2 საათზე ბუნებამ ფერი იცვალა, თეთრად დაიკლაკნა ცაზე ელვა და გრუხუნის ხმას წვიმის ხმაც მოყვა ფეხდაფეხ. მთელი ღამე წვიმდა. დილით ნისლში და ღრუბლებში იყო გახვეული მთები. ელვა დღის სინათლემაც ვერ გაანეიტრალა. წვიმის მერე ისევ გამოჩდნენ მთები, ახალ სამოსელში გახვეული, მთაში პირველი თოვლი მოვიდა…

ახალ კაბაში გამოეწყო ჩემი დედოფალი, ანათებს და სამყაროს ახალ ძალას და ენერგიას უგზავნის. პირველი თოვლი… ვერ წარმომედგინა 21 აგვისტოს თუ შეიძლებოდა მოეთოვა, მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი წინაპრების გენიალურობაში, ფერისცვალების მერე, როდესაც აგრილდებოდა, ბაბუა იტყოდა „გვალას გეგმათუნს დო კინ დოტიბუნია“ (მთაში მოთოვს და ისევ დათბებაო), ჩამოთოვა და ახალი თოვლი განახლების ძალა იქნება ზუსტად ვიცი, იმ ძალის, რომელიც ძალიან გვჭირდება ყველას ახალ გამოწვევებთან საბრძოლველად.

დღეს, ჩემს ქალაქში, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ზუგდიდი კიდევ ერთხელ გამოავლენს ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის მშვიდობის პრემიის გამარჯვებულს, კიდევ ერთხელ იტყვის, რომ მშვიდობის ქალაქია და ამ მნიშვნელოვან გზავნილს გაუგზავნის სამყაროს. ძალიან მინდოდა ამ ღონისძიებაზე დასწრება, ძალიან მინდოდა იქ ყოფნა, მიზეზიც მაქვს. ქალთა კლუბმა პრემიაზე ძალიან ღირსეული ზუგდიდელი ქალბატონი წარადგინა, ემოციურია… პანდემიას არ აინტერესებს ჩვენი გეგმები და მეც აქ დაველოდები ლაივ-ჩართვას. წარამტებებს ვუსურვებ ჩემს გოგოებს, რომლებმაც ჩემი ქალაქის სახელი ძალიან მაღლა ასწიეს.

დღევანდელი დღიური ცოტა არეულია ჩემსავით, ხვალინდელი დღის მოლოდინი ყველაფერზე რთული და თან მარტივია. განაჩენივით ველოდები ტესტის პასუხს. ხვალ ჩემს ქალაქში დავბრუნდები, მაგრამ აქვე გაგიმხელთ რომ ამ მთებთან განშორების სევდაც არაა უცხო. ბევრზე ბევრი მინდა გიამბოთ, მაგრამ აზრებს ვერ ვუყრი თავს…

ხვალ აუცილებლად დავწერ ვრცლად და დეტალურად. მანამდე კი, სიყვარულს და მოკითხვებს გიგზავნით ჩემი სვანეთიდან.

მიშკულადეღ სი მიშგუ ქართველარ.

თქვენი ლიკა”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.