დღიური N3. ლიკა როგავა: ჩემი კარანტინის სახლი „ჩუბუ“


  •  ზუგდიდელი ლიკა როგავა, როგორც იცის ჩვენმა მკითხველმა, სვანეთში, მესტიაში, კარანტინში იმყოფება და სპეციალურად “ზუგდიდელებისთვის”  სვანურ დღიურებს წერს. მაშ, ასე, დღიური N3:

“16 აგვისტო, 2020 წელი…
დღეს მეექვსე დღეა აქ ვარ, გამორჩეულ ადგილას…
დილის რიტუალი და თეთნულდთან მისალმება ჩვეულებრივზე შთამბეჭდავი იყო. იცის, რომ ყოველ დილით ველოდები მასთან შეხვედრას და ისიც იცის რომ მომენატრება. სამუდამო არაფერია ამ ქვეყანაზე (არც ჩვენი განშორება) იცის დედფალ თვეთნულდმა, რომ ერთ დღეს ისევ ამოვალ და ისევ შევხვდებით, ამოვალ და ბარის ამბებს მოვუყვები. მეგობრებს ხომ სამუდამოდ ირჩევენ.
თავში ტყუილად არ მითქვამს გამორჩეულ ადგილას ვართქო… დღეს ამ დღიურში მინდა ჩემი მასპინძელი გაგაცნოთ, ჩემი კარანტინის სახლი – ეს სასტუმრო „ჩუბუა“. ეს საოჯახო სასტუმრო 2012 შექმნა მალხაზ უდესიანმა. “ჩუბუ” – სვანურად პატარას ნიშნავს და სასტუმროც თავიდან მხოლოდ 12 ნომერს მოიცავდა, შემდეგ მოთხოვნის შესაბამისად, გაფართოვდა და დღეს სულ 30 ნომერია.

“ჩემი კარანტინის სახლი „ჩუბუ“

საოჯახო სასტუმროს ფუძე მალხაზ უდესიანის სახლი ყოფილა, ალბათ ეს არის მიზეზი იმისა, რომ აქ შემოსვლისთანავე, ოჯახის და სითბოს განცდა გეუფლება. სასტუმროს მენეჯერი ახალგაზრდა მესტიელი გოგო ანა მერლანია, გამორჩეული თავისი ხასიათით, სითბოთი და სტუმრებთან დამოკიდებულებით. 6 წელია აქ მუშაობს და ჩემი შეფასებით, იდეალური მენეჯერია. ჩემი ნება რომ იყოს, დიასახლისს დავარქმევდი, იმდენად გულისხმიერი და თბილი მასპინძელია. სასტუმროში დასაქმებულია 8 ადამიანი და ერთი შეხედვით იგრძნობა მათი დამოკიდებულება როგორც სტუმართან, ასევე ერთმანეთთან, წამები გჭირდება ეს შეიგრძნო და თავი ამ დიდი ოჯახის წევრად იგრძნო.
ჰიგიენის ნორმების უმაღლეს დონეზე დაცვასთან ერთად, ახალი კოვიდ ინფექციის გამო, დაწესებული ყველა მითითება ზედნიწევნით კარგად არის დაცული. ოთახები კომფორტული, ნათელი და დიდია, პერსონალური აბაზანებით და აივნებით, თანამედროვეობის ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტით „ვაიფაით“ .
ცალკე განხილვის და აღნიშვნის თემაა სასტუმროს მდებარეობა. ის მესტიის შემოსასლელში ერეკლე ფარჯიანის ქუჩაზე მდებარეობს და ყველა მხრიდან მთები აკრავს გარს. მთიდან მონაბერი მაცოცხლებელი ჟანგბადი და მთის მზის სითბო აქაურობას მისტიურ და ტკბილ ელფერს მატებს. სასტუმროს ეზო ხეხილით და ყვავილებით ისეა მორთული, დარწმუნებით შეგიძლია თქვა, აქ ბუნება ნამდვილ დღესასწაულს აწყობს.
ადამიანს ალბათ უნდა გაგიმართლოს ასეთ ადგილას რომ მოხვდე. აქ კედლებიც კი მეგობრულები არიან, აქ ყველა ცდილობს თავი ყველაზე კარგად იგრძნო და ამისთვის არ ენანებათ ძალა და ენერგია. სახეზე გულწრფელი ღიმილით ნებისმიერი კაპრიზის ასრულებას გპირდებიან და ზუსტად წუთებში ასრულებენ. ვერ წარმომიდგენია სხვა რა შეიძლება ადამიანმა ინატროს აქ – კარანტინში.
როდესაც სასტუმროზეა საუბარი, შეუძლებელია თავი ავარიდოთ კარანტინის კვებას. საუზმე, სადილი და ვახშამი გემოვნებით და მრავალფეროვნებით არის შერჩეული. მასპინძლებს არც ხილი და დესერტი ავიწყდებათ. ჩაის და ყავას ნებისმიერ დროს მოგართმევენ და უპირატესობას ქართულს და მაღალ ხარისხს ანიჭებენ. კიდევ რა უნდა დავწერო არ ვიცი, მაგრამ ერთი ნამდვილად ვიცი… კიდევ ბევრჯერ ამოვალ სვანეთში და კიდევ ბევრჯერ დავრჩები აქ ჩემი კარანტინის სახლში „ჩუბუში“.
ხვალ დილიდან, ამ სახლში, ოფისსაც მოვიწყობ, თათბირზეც ჩავერთები და გპირდებით, პირად შეგრძნებებს და ემოციებს გაგიზიარებთ.
მიყვარხართ და მენატრებით.

ლიკა, საოჯახო სასტუმრო “ჩუბუ”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.