“…გვჭირდება ფერის ცვალება, იმისთვის, რომ გავბევრდეთ, გავერთიანდეთ, გავმრავლდეთ, გავბედნიერდეთ და ბედნიერების ფერით მოვრთოთ ჩვენი ქვეყანა…” სვანეთში, მესტიაში, კარანტინში მყოფი ზუგდიდელი ლიკა როგავას დღიური N6.
“19 აგვისტო, 2020 წელი…
ფერისცვალებას გილოცავთ.
სიყვარულისკენ და ადამიანურობისკენ ვიცვალოთ ზნე და ფერი, გვჭირდება ცვლილება, ძალიან გვჭირდება. წლის დასაწყისში, ახალი წლის დღეებში, როდესაც ახლის იმედი მძაფრი და სასიამოვნოა, სრულიად სხვა 2020 წელს ვფიქრობდით, ვგეგმავდით და მოვიაზრებდით. მრავლობითში იმიტომ ვწერ, რომ ყველას კარგის და ახლის მოლოდინი გვაერთიანებდა. ვერ გაამართლა ჩვენი იმედები და მოლოდინები 2020-მა, ვერ გაგავახარა და გაგვაბედნიერა. ახალი ინფექცია პანდემიად იქცა, ირგვლივ ბევრი მკვლელობა და თვითმკვლელობაა… ამ ფონზე რთულია ბედნიერების შენარჩუნება… სწორედ ამიტომაც გვჭირდება ფერის ცვალება, იმისთვის, რომ გავბევრდეთ, გავერთიანდეთ, გავმრავლდეთ, გავბედნიერდეთ და ბედნიერების ფერით მოვრთოთ ჩვენი ქვეყანა.
დღეს ფერისცვალებაა, ჩემს მეგობარს დავესესხები პოსტს „19 აგვისტოს ბებია გვეტყოდა. “ფერცვალობა” რე ბები. ამდღა ინგირს ქვერსემ ჸინ ქენანთხუ დო სირგილეე იჸი. შურდინაფილ დიხას დიტყობუ. ქანა უჯგუშობაშა ურს (დღეს ყინულის დიდი ნატეხი ჩავარდება ენგურში, ქვეწარმავალი მიწაში ჩაძვრება და აგრილდება, ქვეყანაც სიკეთისკენ შეიცვლება)…“ – ასე სჯეროდათ სამეგრელოში, ასე მჯერა მეც… ასე მჯერა აქ ცასთან და ღმერთთან ასე ახლოს სვანეთის დიად მთებში, აქ ხომ ასე ახლოა ენგურის სათავეც, კოდოდრის ხეობაც, ერთი ხელის გაწვდენაზეა აფხაზეთიც, რომელიც ქვეყნის ყველა წერტილიდან ძალიან ახლოსაა.
ენგური სათავეს მყინვარ ენგურზე იღებს, უშგულელები ამბობენ, რომ უშგულიდან იწყება ეს დიდი მდინარე, იქ ისეთი მაცოცხლებელი ძალით მოსჩქეფს მდინარე, ძნელია ეჭვი შეეგპაროს. ახალშობილი ბავშისთვის დამახასიათებელი ხმაურით მოჰქუხს და გარწმუნებს, რომ სიცოცხლის იმხელა ძალას იკრებს აქ, რომ ბარში ჩააქვს სიცოცხლის და იმედის, არსებობის და ბრძოლის ძალა.
სვანეთი – მისტიკის, რეალობის და ლეგენდების მხარეა ჩემთვის… აქ გამთენიისას, ნათლად შევიგრძენი მყინვარის კალთიდან ყინულის ჩამოტეხვის და ენგურში ჩაშვების ხმა… აქ წუხელ თეთრი ანგელოზი აფრინდა თეთნულდიდან და ჩემი ქვეყნის გამთლიანება სთხოვა ლამარიას ღვთისმშობელს… აქ მაცხოვარს წმინდა გიორგი ავედრებს თავის ივერიას და მწამს, რომ საქართველოს ფერსცვალების მთა – რომელსაც ზვიად გამსახურდია ახსენებს თავის ლექსში, სვანეთის მთებშია. აქ არის და აქედან კოდორის ხეობით ისევ ჩავალთ სოხუმში… ისევ ჩავალთ ცხინვალში და ისევ ვიმღრებთ მზის და ღმერთის სადიდებელს ერთიანი საქართველოდან… – ეს ჩემი ხმამაღალი ოცნების ამოძახილია, რომელიც მომინდა თქვენთვის გამეზიარებინა…
რეალობა…
რეალობა კი ასეთია, კარანტინის მეცხრე დღე, დილის რუტინული მისალმებები, სვანურის გაკვეთილი, მოულოდნელი სურპრიზი და… მალე რეალობაში დაბრუნების მოლოდინი…
ჩემი მეგობარი თეთნულდი სილამაზით და სიდიადით შემკული ბედნიერი და იმედიანი თვალით შეჰყურებს სამყაროს… საამაყო ნამდვილად აქვს, მისი კალთიდან ხომ თეთრი ანგელოზი აფრინდა…
ხვაი ვაჩეენახ ჩემო საქართველო…
თქვენი ლიკა”