დღე, რომელმაც შეცვალა თამარ ემუხვარის ცხოვრება


  • ექიმმა თამარ ემუხვარმა სამედიცინო განათლება მიიღო და ორდინატურა დაამთავრა რუსეთის ფედერაციის ქალაქ ასტრახანში. დღეს, უკვე, მის გულისხმიერებაზე, პროფესიონალიზმზე, არაერთი მადლიერი პაციენტი საუბრობს. ქალბატონი თამარი “ზუგდიდელების” სტუმარია.

-გავიზარდე ქალაქ ზუგდიდში, ვსწავლობდი ზუგდიდის მე-14-ე საშუალო სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავირიცხე ასტრახანის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ასტრახანშივე გავიარე ორდინატურა სპეციალობით უროლოგია და ჩამოვედი ჩემს მშობლიურ ქალაქში. ჩემი პირველი ნაბიჯი, პროფესიული ზრდა, დაიწყო ენგურქაღალდკომბინატის სანნაწილში, საავადმყოფოში, დაზმერ ცანავასთნ. კარგი კოლექტივი იყო, მეგობრული, თბილი, პროფესიონალები და სულ მამხნევებდნენ როგორც ახალგაზრდა ექიმს. მაშინ 25 წლის ვიყავი. ნელ–ნელა ქალაქმა გამიცნო, მიმიწვიეს დიაგნოსტიკურ ცენტრში “სანუსი” და პარალელურად, იქაც ვმუშაობდი. შემდეგ “თანაზიარიდან” მივიღე მოწვევა და იქ თანამშრომლობაზეც არ მითქვამს უარი. 2013 წლიდან ვმუშაობ ქალაქ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, “ევექსის” ამბულატორიაში კვირაში ერთხელ, ასევე კვირაში ერთხელ, გასვლით, ვმუშაობ ჩხოროწყუსა და წალენჯიხის ჰოსპიტალებში.

-როცა ასეთი დატვირთული გრაფიკით მუშაობთ, ეს მეტყველებს, რომ ეს პროფესია თქვენი მოწოდებაა…

-ბავშვობიდან მამაჩემი სულ მინერგავდა იმას, რომ მე ექიმი უნდა გავმხდარვიყავი. მეც ეს პროფესია ავირჩიე. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, მეანგინეკოლობა გადავწყვიტე, მაგრამ ჩემს ოჯახში მოხდა საშინელი ტრაგედია, ძმა–თემურ ემუხვარი გარდამეცვალა. ჩემი ძმა ექიმი–უროლოგი იყო. ბატონ დაზმერ ცანავასთან უნდა დაეწყო მუშაობა, მაგრამ… თემურის გარდაცვალების შემდეგ, ვთხოვე ბატონ დაზმერს, ჩემი ძმის ადგილზე ავეყვანე. გავიარე ორდინატურა, და დავიწყე მუშაობა ე.ქ. კ–ში და პროფესიული გადამზადება  დავიწყე.

-პაციენტებისგან უარყოფითი ემოციური დამოკიდებულების შემთხვევა თუ გახსენდებათ?

–არ მახსენდება ასეთი ფაქტები. ბუნებით ვარ ძალიან მშვიდობიანი. წონასწორობიდან გამოსვლის მომენტი არ მქონია. მე მიყვარს ჩემი პაციენტები და ვერ ვიქნები მათთან უარყოფითი ემოციებით. ასეთი რამ არ ყოფილა ჩემი მუშაობის პერიოდში, მჯერა, რომ არც მომავალში იქნება. ემოციებისთვის არ მცალია. დღეში ოცამდე პაციენტს ვემსახურები.

-როგორი დიასახლისია ექიმი თამარ ემუხვარი?

-ცუდი ნამდვილად არ ვარ. ყოველ შემთხვევაში, ჩემი დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, ვცდილობ, ჩემი კარგი დიასახლისობით გავანებივრო ჩემი ოჯახის წევრები.

-როგორც ზუგდიდელს, რა გხიბლავთ ჩვენს ქალაქში, როგორი ქალაქი გსურთ?

-უზომოდ შეყვარებული ვარ ჩემს ქალაქზე და ვერ წარმომიდგენია სადმე წავიდე, ან სხვაგან ვიცხოვრო. ქალაქში ბევრი რაღაცა გაკეთდა და ბევრიც არის გასაკეთებელი. ქალაქს ახალი მერი ჰყავს. იმედია, რომ გააკეთებს მის გასაკეთებელს.

-რა შეიძლება იზიდავდეს ექიმს, რომელიც ძალიან დაკავებული დღის წესრიგით ცხოვრობს…

-ზოგადად ვუსმენ მუსიკას, ვარ პოეზის მოყვარული.

-ხომ არ ნანობთ თქვენს პროფესიას?

-არა, და ვიცი, არასოდეს, არ ვინანებ, მე მიყვარს ჩემი საქმე.

-ოჯახი, მეუღლე, შვილი…

-მეუღლე გახლავთ ლეო ღურწკაია. ვცხოვრობთ ოდიშში. ჩემი მეუღლეც ოდიშშის ყოფილი გამგებელია. გვყავს ერთი ქალიშვილი ანთუსა ღურწკაია, რომელიც ჩვენი ქორწინებიდან ათი წლის შემდეგ დაიბადა და ახლა ოთხი წლისაა. მამაჩემი რევაზ ემუხვარი, 47 წლის გარდაიცვალა, ინჟინერ–მშენებელი იყო, დედა–ნინელი ტურავა, რომელიც ჩემზე და ჩემს უსაყვარლეს დაზეა გადაყოლილი, ამჟამად დიასახლისია. ჩემსა და ჩემს დას შორის 12 წლის სხვაობაა, ცხოვრობს და მუშაობს ასტრახანში. გახსნილი აქვს ქართული კაფე-რესტორანი, იქაურ ხალხს ქართულ კულტურას აცნობს და ამაყობს ქართველობით.

-ქალბატონო თამარ, თქვენს ცხოვრებაში რა იყო განსხვავებული და მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ?

-ჩემთვის, ასეთი დაუვიწყარი დღე, ის დღეა, როცა შევიტყვე, ათი წლის, დიდი ლოდინის, შემდეგ, რომ გავხდებოდი დედა, რომ მეყოლებოდა შვილი. იმ დღემ შეცვალა ჩემი ცხოვრება. მე ჩემს თავს ვთვლი, ბედნიერ ქალად. მყავს უსაყვარლესი შვილი, თბილი მეუღლე და ასეთივე მზრუნველი დედამთილი და მადლობა უფალს ამ ყველაფრისთვის.

-რას უსურვებთ ზუგდიდელებს?

-მშვიდ ცხოვრებას, ერთმანეთის სიყვარულს, მხოლოდ სიყვარული თუ გადაგვარჩენს.

როზა როგავა


კომენტარი

  1. ჯამბულ

    გაიხარეთ! იმრავლეთ თავადსკუა!

  2. ნუგზარ აკობია

    ბედნიერი ცხოვრება ქალბატონ თამარ ემხვარს, პაციენტი ნუგზარ აკობია.

  3. გივი ემუხვარი

    თამარ! გილოცავ შობა-ახალ წელს.გისურვებ ბედნიერებას და წარმატებებს.მე ვარ გივი ემუხვარი,მამას კარგად ვიცნობდი,ის იყო ჩემი მასპინძელი ქაღალდის კომბინატში,უფალმა გაანათლოს მისი სული,ძალიან სამწუხაროა რომ ასე ახალგაზრდა გარდაიცვალა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!