სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც თბილისიდან ფეხით ჩამოვიდა ოკუპაციის გასაპროტესტებლად, თანამოაზრეებთან ერთად, დღეს, ენგურის ხიდზე დანიშნულ დროს მივიდა. მათ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს რუსული ოკუპაცია. აქციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, აფხაზეთში დაღუპულთა ხსოვნას.მშვიდობიან აქციაზე იმყოფებოდა მომღერალი სოფო ბათიაშვილი. მან აქციის მონაწილეებთან ერთად, საქართველოს ჰიმნი შეასრულა. მოგვიანებით, ცაში ბუშტები გაუშვეს.
სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ 13 დღე მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. “სოხუმის დაცემიდან 25 წლის თავზე აქ ჩამოსვლა ჩემთვის არის ნიშანი იმისა, რომ მე როგორც ერთმა რიგითმა მოქალაქემ, შევძელი, არ დავიზარე, ვთქვი სათქმელი და მოვუყევი ჩემს შვილს ისტორია, რომელიც მას უნდა ახსოვდეს. გზად უამრავი ადამიaნი შემხვდა, რომელმაც ზუსტად იგივე მითხრა, რომ ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებ და აჩენს იმედს, რომ არ დავიწყებულა ეს მუხტი, უბრალოდ მიძინებულია და სჭირდება გაღვიძება. ჩვენ, მთავარია არ დაგვეზაროს, არ შეგვეშინდეს, არ დაგვავიწყდეს და აუცილებლად ჩავალთ სოხუმში, გაგრაში. მთავარია, ერთობა”.
დღევანდელ აქციაზე მოვიდნენ ქალაქ ფოთის მეშვიდე საჯარო სკოლის მესამე კლასის და ზუგდიდის მეთერთმეტე საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც ადგილზე შექმნეს თემატური ნახატები. ღონისძიებაზე მოვიდნენ პროფესიული კოლეჯის “ლაკადას” სტუდენტები.
27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. 1992-1993 წლების დაპირისპირების შედეგად, საქართველომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იურისდიქცია დაკარგა, აფხაზეთმა კი ე.წ. დამოუკიდებლობა მოიპოვა. საერთაშორისო თანამეგობრობამ მოგვიანებით ეს ფაქტი რუსეთის მიერ ოკუპაციად აღიარა. ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, ომს აფხაზეთში ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. აფხაზეთიდან დევნილი 250 000-ზე მეტი ქართველი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარე კი აცხადებს, რომ დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.