- 21 -22 და 23 სექტემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარდა აქცია დევიზით “დავასუფთავოთ მსოფლიო”. აქციის ფარგლებში, გაიწმინდა და დასუფთავდა მდინარე ჩხოუშიის კალაპოტი.
ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრში” “ზუგდიდელებს” უთხრეს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებულ აქციაში მონაწილეობა მიიღო 3850- ზე მეტმა პირმა. სულ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავებული იქნა, 25 ჰექტარზე მეტი ფართობი.
განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ, მოეცა მდინარე ჩხოუშიის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება. “ზუგდიდელები” ამ ტერიტორიაზე შეხვდა ააიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის მართვის ცენტრის თანამშრომლებს, რომლებმაც გვითხრეს, რომ მდინარე ჩხოუშიის სანაპიროზე მწვანე საფარის მოთიბვის და ეკალ-ბარდებისაგან გაწმენდითი სამუშაოები ჩაატარეს. “დღეს და გუშინ დასუფთავდა ეს ტერიტორია. ახლა, თქვენც ხედავთ, რომ ნაგავი ისევ ჩაუყრიათ. მოსახლეობას მეტი ყურადღება მართებს. დაიცვან სისუფთავე და პატივი სცენ სხვის შრომას”.
აღნიშნულ ტერიტორიაზე, ფოტოების გადაღებისას, მოქალაქემ, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა, გვითხრა, რომ აუცილებელია ჩხოუშიის მიმდებარე ტერიტორია კვირაში რამდენჯერმე დასუფთავდეს და ქალაქის ხელმძღვანელობამ დააწესოს ჯარიმა იმ ადამიანებზე, ვინც იქაურობას დაანაგვიანებს. “დილით, შევესწარი “ზუგდიდდასუფთავების” თანამშრომლები, როგორ ასუფთავებდნენ ტერიტორიას. გაუწმენდიათ, მაგრამ მოქალაქეები ისევ დაყრიან ნაგავს. გამოსავალი მხოლოდ ერთია-ჯარიმა უნდა დააწესონ. კვირაში, რამდენჯერმე უნდა მოხდეს ჩხოუშიის კალაპოტისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება, სხვა შემთხვევაში, აზრი არ აქვს ამ ტერიტორიის გაწმენდას. ყველამ უნდა დავიცვათ სისუფთავე, ეს ყველას ქალაქია”.