გიორგი ჯიქია მსოფლიოს სამგზის, ევროპისა და კავკასიის ჩემპიონია კარატე დოში. ხუთი წლიდან სპორტითაა დაკავებული. ადრეული ასაკიდან გადაწყვიტა, საკუთარ შეცდომებზე თავად ეგო პასუხი, დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილებები და წარმატებისთვის მიეღწია.
13 წლისამ შესძლო მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ტოკიოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე. ცხრა წელია, საქართველოს ნაკრებში ირიცხება და ამ ხნის მანძილზე, მსოფლიოს მასშტაბით, წარმატებით ასპარეზობს სხვადასხვა შეჯიბრებაზე. სპორტსმენი ფასიან ტურნირებშიც ღებულობს მონაწილეობას. სწავლობს თბილისში, ევროპულ აკადემიაში.
გიორგი ჯიქია: „პირველად შეჯიბრზე, რვა წლისამ მივიღე მონაწილეობა და პირველი ადგილი მოვიპოვე. მას შემდეგ, სულ წარმატებები მაქვს. 140 პირველი ადგილი მაქვს მოპოვებული, 39 მეორე და 22 მესამე. ერთხანს, ბელგიის გუნდში ვიყავი. თურქეთში ინდივიდუალურ კატეგორიაში, 67 წონიანებში, მეორე ადგილი ავიღე. ხოლო საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი მოვიპოვეთ და გავხდით ევროპის ჩემპიონი. მოგვიანებით, დუბაიში ინდივიდუალურ კატეგორიაში ავიღე პირველი ადგილი, გუნდურში კი, მეორე. მაქსიმუმს ვაკეთებ იმისათვის, რომ ჩემი ქვეყანა და ქალაქი ღირსეულად წარმოვაჩინო. მოტივაცია, ძალისხმევა და შრომა მაძლევს იმის საშუალებას, რომ დასახული მიზნები განვახორციელო.
-ვინ არიან შენი მასწავლებლები?
-ჩემი მასწავლებლები არიან, ბატონები: მამუკა ყურაშვილი და გელა ანთია. ბატონ მამუკასთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ის ნებისმიერ დროს ცემს გვერდითაა და ჩემს პროფესიულ ზრდას ხელს უწყობს.ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია გახლავთ. ამ ადამიანებს დიდი წვლილი და ამაგი მიუძვით ჩემს პროფესიულ განვითრებაში. ჩემი დიდი სურვილია, იმ ადამიანებს, ვინც გვერდში მიდგანან იმედები არ გავუცრუო და ის კაპიტალი რაც ჩემში ჩადეს ორმაგად დავუბრუნო.
– გულშემატკივრებზე რას იტყვით?
-ოჯახის შემდეგ, ჩემი დიდი გულშემატკივარი გახლავთ ბატონი მერაბ ქვარაია, რომელიც მუდამ ჩემს გვერდითაა. შეჯიბრებების დროს მირეკვას, მეხმიანება და რჩევებს მაძლევს, მასთან საუბარი ჩემთვის ერთგვარი თერაპიაა.
– ასპარეზობის წინ ალბათ, ძალიან ნერვიულობ.
-სანამ ჰოტელიდან გავალ, პირჯვარს ვისახავ და უფალს ვთხოვ მოწინააღმდეგესთან ღირსეულად გამამარჯვებინოს, ამასთანავე, ძალიან დიდ პასუხისმგებობას ვგრძნობ, გულშემატკივრების წინაშე, რა თქმა უნდა, ყველა გამოსვლას, თან ახლავს, ემოციები და განცდები. 15 წლის ვიყავი, როცა ოჯახის წევრებს განვუცახდე,- დამოუკიდებლად უნდა მეცხოვრა. თავიდან ჩემს გადაწყვეტილებას სკეპტიკურად შეხვდენ, მაგრამ მე ჩემი გავიტანე. სახლიდან წამოვედი და დამოუკიდებლად დავიწყე მუშაობა. რთული ეტაპების გავლა მომიწია, მაგრამ კარგი ცხოვრებისული გამოცდილება მივიღე. რეალობის შეგრძნება არასდროს დამიკარგავს, პირიქით, დავინახე ცხოვრების დადებითი და უარყოფითი მხარეები, ეს ერთგვარი გამოწვევა და ჭიდილიც იყო ცხოვრებასთან.
– რთულ დროს მეგობრები უდგანან ერთმანეთს გვერდში…
-ძალიან ცოტა მეგობარი მყავს. ცოტა ეჭვიანი ვარ და ალბათ იმიტომ… მიჭირს ყველას ნდობა. მყავს ორი მეგობარი, მათ კიდეც ვენდობი და კიდეც ვუფრთხილდები. ჩემი საუკეთესო მეგობარი გახლავთ გოგიტა არქანია, რომელიც ევროპის სამგზის ჩემპიონია. სხვათაშორის, გოგიტა 2014 წელს გერმანიში გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ის ძალიან მეხმარება, როგორც ეკონომიურად, ასევე მორალურად. მართალია, უპირველეს ყოვლისა, სპორსტმენისთვის საჭიროა დაფასება, ხელშეწყობა, და მხარდაჭერა მაგრამ, აუცილებელია ფინანსური უზრუნველყოფაც. ჩემი წარმატებების შესახებ ქალაქის პირველებმა იციან, დახმარებას და თანადგომას რამდენჯერმე დამპირდნენ, მაგრამ… მე ძირითადად, თბილისში ვვარჯიშობ. როცა ზუგდიდში ჩამოვდივარ, პრობლემები მექმნება დარბაზთან დაკავშირებით. სავარჯიშო დარბაზი გაუმართავია, ინფრასტრუქტურა მთლიანად ჩამოშლილია, დასაფენი ხალიჩებიც არ არის. მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, მუდამ ვცდილობ ფორმაში ვიყო. ჩემი ყოველი დღე გაწერილია, შესაბამისად, დღეში ოთხ საათს ვვარჯიშობ, ამის გარდა, დილა- საღამოს დავრბივარ. ჭიდაობის ფედერაციას მივმართე თხოვნით, დროებით დაეთმოთ ჩემთვის დარბაზი, დამთანხმდნენ, რისთვისაც, მათ მადლობას ვუხდი, მაგრამ იქაც ძალიან ცუდი მდგომარეობაა. რაც შეეხება დაფინანსებას, ამ მხრივაც, რთული მდგომარეობაა. მუდამ ძიების პროცესში ვარ, მინდა ჩემი ქვეყნის სახელი ქვეყნის გარეთაც გავიტანო, მაგრამ ჩემი ძალებით მარტო ვერაფერს გავხვდები. მართალია, ფინანსურად ოჯახი და მეგობრები მეხმარებიან, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.
– ბევრს მოგზაურობ, რომელი ქალაქი დაგამახსოვრდა განსაკუთრებულად.
-ყველა ქალაქს აქვს თავისებური ხიბლი, რომელიც „რაღაცით“ გამახსოვრებს თავს. ლისაბონი ძალიან წყნარი და პატარა ქალაქია. სასიამოვნო გარემოა. განსაკუთრებული სისუფთავეა ქუჩებში. ხალხი სტუმართმოყვარეა. ნებისმიერი ქვეყანიდან, სადაც ჩავდივარ, სამსახსოვრო ნივთი ჩამომაქვს. ჩემთვის საინტერესოა ქვეყნების სამზარეულო. მაგალითად, ძალიან მომწონს იაპონური სამზარეულოს კულინარიული ხელოვნება.ძალიან მიყვარს სუში.
-შენი ჰობი…
– მიყვარს პინკ პონკის თამაში. შეიძლება ჰობად ჩაითვალოს, რადგან ძალიან მიყვარს, ჩემზე ასაკით დიდ ადამიანებთან საუბარი და ურთიერთობა. ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, სკოლაში არ მომეცა იმის შესაძლებლობა, რომ ინგლისური მესწავლა, ახლა ვცდილობ ენის დაუფლებას.
-შენს ოჯახზეც მომიყევი.
-დედა ნინო თოდუა დიასახლისია და ახლა ჩემი მოვლითაა დაკავებული. მამა გელა ჯიქიაა. მყავს და მარიამ ჯიქია, რომელიც სტუდენტია. მამაჩემს დავყავდი ყველა შეჯიბრებაზე, მუდამ თან მახლდა. ოჯახი ძალიან დამიდგა გვერდში. ისინი ჩემს ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს სცემდნენ და ასეა დღესაც. შეიძლება, ბევრი რაღაც არ მოსწონდათ, მაგრამ ყველაფერს მოთმინებით იტანდნენ და ამისთვის მათ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი.
-გიორგი შეყვარებული თუ გყავს?
-არა, არ მყავს, ჩემთვის ამ ეტაპისთვის პრიორიტეტულია განათლება და სპორტი.
-სამომავლო გეგმები როგორი გაქვს?
-შემოდგომაზე, ავსტრიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე მივემგზავრები. ვეცდები, ქვეყანაში ხელცარიელი არ დავბრუნდე. ამის გარდა, ვაპირებ, სხვადასხვა შეჯიბრებაში მივიღო მონაწილეობა, – ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად ვარ.
ეკა ფარულავა