ზუგდიდში გაიხსნა ესთეტიკური მედიცინის კაბინეტი, სადაც ქალბატონებს და არა მარტო მათ, სთავაზობენ სხვადასხვა მომსახურებას. ნომრის სტუმარი კი გახლავთ ამ კაბინეტის ხელმძღვანელი ცირა გელენავა. მას არაერთ წამყვან კლინიკაში უმუშავია, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. დღეს კი, ის ერთადერთია ზუგდიდში, რომელიც იყენებს მსოფლიო ბრენდის ფრანგულ პრეპარატს IBSA ინექციისთვის.
– დავიბადე ზუგდიდში 1986 წელს. კარგი და ლაღი ბავშვობა მქონდა. დავამთავრე #10 საჯარო სკოლა. სკოლის წლები კარგად მახსოვს, ვიყავი აქტიური, ხალისიანი მოსწავლე. სკოლამ კარგი განათლება მომცა. შემდეგ მივიღე სამედიცინო განათლება. სწავლის პერიოდში, პარალელურად ვმუშაობდი სადაზღვევო კომპანიაში. 2014 წელს გავემგზავრე მოსკოვში, სადაც ერთ-ერთ წამყვან კლინიკა „ინვიტროში“ გავიარე დერმატოლოგიის კურსი და თან ვმუშაობდი ამავე კლინიკაში. ცოტა ხნის წინ დავბრუნდი საქართველოში, ვიმუშავე თბილისში, მაგრამ იქაც ვერ გავჩერდი დიდხანს, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ზუგდიდი და ზუგდიდელები. სწორედ ამიტომ ჩემს ქალაქში შემოვიტანე ის სიახლე, რომელიც ასე პოპულარულია დიდ ქალაქებში, – გავხსენი ესთეტიკური მედიცინის კაბინეტი, რომ ვიზრუნო ზუგდიდელების სილამაზეზე.
– რატომ აირჩიეთ ეს სფერო მოღვაწეობისათვის?
– ზოგადად, ძალიან მიყვარს სამედიცინო სფერო. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ექიმები არ გვყავს, მე მაინც ეს გზა ავირჩიე. ბავშვობაში, ჩემს წარმოსახვაში, სულ ექიმი ვიყავი და ეს ოცნებაც ავიხდინე. დღეს ვამაყობ, რომ მაცვია თეთრი ხალათი, ვეხმარები ქალბატონებს გალამაზებაში, თუმცა რატომ მარტო ქალბატონებს, მამაკაცებსაც სჭირდებათ გალამაზება. მსიამოვნებს, როცა პაციენტის სახეზე კმაყოფილების ღიმილს ვხედავ პროცედურის შემდეგ. ჩემი დიპლომები და სერთიფიკატები მოწმობს, რომ ჩემი საქმე კარგად ვიცი. ეს სერთიფიკატები, მოსკოვის კლინიკებში გავლილი კურსების შემდეგ მაქვს მიღებული. მაქვს ლიცენზია, პაციენტებზე გამოვიყენო ფრანგული, მსოფლიო ბრენდის პრეპარატი IBSA რომელმაც 2015 წელს მიიღო ოქროს მედალი.
– კონკრეტულად ვუთხრათ ზუგდიდელებს რა მომსახურებას სთავაზობთ მათ.
– ეს არის სახის წმენდა, აკნეს მკურნალობა, მეზოთერაპია (რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, გამოიყენება აკნეს, როზაცეას პიგმენტური ლაქების, ზედაპირული ნაწიბურების დროს), თმის მეზოტერაპია (ჩერდება თმის ცვენა, ხდება ზრდის აღდგენა, ახალი თმის ამოსვლა), ბიორევიტალიზაცია (დატენიანება, ტონუსის მომატება, წვრილი ნაოჭების გასწორება), ცხვირ-ტუჩის ნაოჭის შევსება და ტუჩის მოცულობის ზრდა.
ქალბატონების ძირითადი მოთხოვნა ზუგდიდში, აღმოჩნდა, რომ არის ტუჩის მოცულობის გაზრდა, ნაოჭების გასწორება. მამაკაცები კი, ძირითადად თმის მეზოთერაპიას ითხოვენ. მე ვურჩევ ყველას, ვისაც ეს პროცედურები სჭირდება, დროულად მოაკითხონ ჩვენს კაბინეტს.
ჰიგიენური ნორმები უმაღლეს დონეზეა დაცული. ყველა პრეპარატი დაპლომბილია, მოყვება თავისი `სტიკერი~ და პასპორტი. წესისამებრ, პაციენტის წინ ვხსნი პრეპარატს.
– ვიყოთ გულახდილები, რამდენად მიზანშეწონილია ხშირად ამ პროცედურების ჩატარება?
– ყველა ინექცია ინდივიდუალურია, აქვს თავისი პერიოდი რა დროს, რა პროცედურა უნდა გაკეთდეს. პირველ ეტაპზე, პაციენტი გამოკვლევას იტარებს. დგინდება, მიზანშეწონილია თუ არა მისთვის ამა თუ იმ პროცედურის ჩატარება, ვუხსნი თეორიულად, ვუკეთებ ადგილობრივ ანესთეზიას, შემდეგ ვუტარებ პროცედურას.
– პირველი პროცედურა თუ გახსოვს?
– პირველი პროცედურა დამოუკიდებულად მოსკოვში გავაკეთე, შიშის მომენტი არ მქონია, პირიქით, როცა წარმატებით დავამთავრე პროცედურა და შედეგი ვნახე, გამიხარდა, ამაყი ვიყავი, რომ ეს შევძელი. ამის შემდეგ ორმაგად შემიყვარდა ჩემი საქმე.
– სამომავლო გეგმებზეც გვითხარი?
– ჩემი სამომავლო გეგმები დიდ პროექტებთანაა დაკავშირებული. ვაპირებ კაბინეტის გაფართოებას, ჩამომაქვს მოსკოვიდან სხვადასხვა აპარატურა. ასევე, კვალიფიკაციის ასამაღლებლად ივლისში ჩავდივარ მოსკოვში, უფრო მოგვიანებით კი, საფრანგეთში.
ანა სართანია

 

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!