გიორგი ფიფია: ვიბრძოლოთ ჩვენი ოჯახებისთვის, ჯანსაღი და განათლებული მომავალი თაობისთვის და ერთმანეთისთვის

  • “ზუგდიდელების” სტუმარია ექიმი-ქირურგი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გიორგი ფიფია.

გაეცანით ზუგდიდელებს…

-დავიბადე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიაში, პედაგოგების ოჯახში. მყავს მეუღლე და სამი შვილი. პროფესიით ვარ ექიმი, ზოგადი ქირურგი, ვმუშაობ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, ასევე ვარ ოთხი სოფლის: ჩხორიის, ტყაიას, ზედაეწერის და რიყეს არჩეული დეპუტატი ზუგდიდის საკრებულოში პარტია “ქართული ოცნებიდან”.

– ბატონო გიორგი, როგორც ექიმს საიდან დაგებადათ აზრი, რომ ყოფილიყავით ხალხის რჩეული დეპუტატი?

-რაც თავი მახსოვს, მინდოდა ექიმი გამოვსულვიყავი. მსურდა, შეძლებისდაგვარად დავხმარებოდი ადამიანებს და მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატობა ჩემი ინიციატივა არ ყოფილა, მივიღე შემოთავაზება და დავთანხმდი. ესეც ხომ არის შანსი დავეხმარო ადამიანებს, დავუდგე გვერდით და გავიზიარო მათი წუხილი და სიხარული.

– თქვენი ცხოვრების წარმატებებში დიდი წვლილი ვის მიუძღვის?

-ჩემს წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვით, პირველ რიგში, მშობლებს: მამას, დეკანოზ გალაქტიონ ფიფიას და დედას ლალი ქანთარიას. მათ შეუძლებელი შეძლეს. ასევე, პატივცემულ ბაბუას, ცნობილ პედაგოგს გიორგი ფიფიას, რომელიც იყო მათემატიკოსი, პროფესორი და ბევრი მოსწავლის აღმზრდელი. ასევე დიდი წვლილი მიუძღვით ბაბუის მოსწავლეებს: ბატონ პანტიკო თორდიას, “თბილავიამშენის” გენერალურ დირექტორს და მის ოჯახს. აგრეთვე ბატონ დილარ ივარდავას,-ცნობილ პოეტს. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო მათ.

– უსამართლობის მსხვერპლი თუ გამხდარხართ?

-სამწუხაროდ ხდება უსამართლობა. ვცდილობ, გულში არ ჩავიდო წყენა. მადლობა ღმერთს, ისეთი არაფერი არ შემმთხვევია, რისი დავიწყებაც ვერ შევძელი.

– თქვენი პიროვნული თვისებებიდან რა გეამაყებათ?

-მირჩევნია ჩემი შვილების და მომავალი თაობის პიროვნული თვისებებით ვიამაყო.

– როცა საჯაროდ გაქებენ რას ამბობთ?

-ვამბობ, რომ გამემართლებინოს მათი იმედები.

-დარიგება, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ?

-“არასოდეს არ იჩქარო, ჯერ მოუსმინე”.

წარსულზე, როდესაც ფიქრობთ, აანალიზებთ, რა მომენტები გახსენდებათ ყველაზე მძაფრად?

-მახსოვს 90-იანები. გაჭირვების წლები, როდესაც უფროსები პურს არ ჭამდნენ, რომ ბავშვებს გვეჭამა.

რაში პოულობთ სიმშვიდეს და ჰარმონიას?

-ყველაზე დიდ სიმშვიდეს ვგრძნობ მაშინ, როდესაც ვგრძნობ ღვთის შემწეობას. მე მაქვს შეხება ადამიანის ორგანიზმთან, მის შინაგან ორგანოებთან და ღვთის შეწევნით ვიბრძვი მათი სიცოცხლისათვის. როცა ყველაფერი კარგად მთავრდება, სწორედ მაშინ გვრძნობ სიმშვიდეს და ცხოვრების ჰარმონიასაც. ბედნიერი ვარ, როდესაც პაციენტი მეუბნება ,,გმადლობთ ექიმო”!

რა შემთხვევაში შეიძლება შედეგი ვერ მიიღოთ ოპერაციის დროს?

-როდესაც არის სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანება, ან დაავადების გართულება. აი, პანდემიამ ძალიან გაართულა ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა. დიდი დარტყმა მიაყენა ჩვენს ქვეყანას და ხალხს. იმედია, შევძლებთ გავუმკლავდეთ.

სიყვარულზე რას იტყვით?

-ღვთის წყალობით, დიდი სიყვარულით შევქმენი ქართული ოჯახი. მყავს მეუღლე თინათინ ავალიანი და სამი შვილი: უფროსი გოგონა მარიამი 11 წლისაა, იოანე 9 წლის და ანდრია 7 წლის. მათთან ყოფნისას, ვცდილობ, სხვა ყველაფერი დროებით დავივიწყო და დავტკბე საყვარელი ადამიანების ცქერით. ოჯახი დიდ ძალას მაძლევს.

გრჩებათ დრო თავისუფალი დასვენებისთვის?

-ჯერჯერობით კი, თუმცა ვერ გეტყვით მომავალში როგორ იქნება, როდესაც სრულფასოვნად შევუდგები ახალ სამსახურს.

პატიება შეგიძლიათ? ხართ თუ არა მიმტევებელი?

-ვცდილობ ვიყო მიმტევებელი, თუმცა ზოგჯერ საჭიროა გული და გონება განვაცალკევო.

ბოდიშს თუ იხდით და თუ გრძნობთ ჩადენილ დანაშაულს?

– საკუთარის თავის მიმართ მეტად მომთხოვნი ვარ, დიახ, დანაშაულს ვაღიარებ და ბოდიშის მოხდაც შემიძლია.

რას უსურვებთ ზუგდიდელებს ახალ წელს?

– ზუგდიდელებს ვუსურვებ უპირველესად ჯანმრთელობას, ბედნიერებას, და უკეთეს მომავალს. მომავალში მინდა ვიყოთ უფრო ძლიერები, ჯანმრთელები და ბედნიერები. ამისათვის საჭიროა, არ დავშორდეთ და ახლოს ვიყოთ ღმერთთან. თითოეულმა ჩვენგანმა ვიბრძოლოთ ჩვენი ოჯახებისთვის, ჯანსაღი და განათლებული მომავალი თაობისთვის და ერთმანეთისთვის.

საუბარი ჩაიწერა როზა როგავამ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.