გაიცანით ჯგუფი N15 და “იდეათონის” გამარჯვებული “ჭკვიანი ჯოხის” ავტორები


  • GITA – Tech Park-ში კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრისა და საქართველოს Georgian ICT Cluster/საქართველოს ICT კლასტერი-ის ერთობლივი „იდეათონი“ გაიმართა თემაზე “ციფრული ტრანსფორმაცია – შრომის ბაზარი და განათლება”.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები მთელი საქართველოდან, მათ შორის იყვნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები. „იდეათონის“ პირველი ადგილის მფლობელი გახდა ჯგუფი N15, რომელიც დაკომპლექტდა ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის სამი და რუხის საჯარო სკოლის ორი მოსწავლით. მათი შექმნილი პროექტით „ჭკვიანი ჯოხი უსინათლოებისათვის“ „იდეათონის“ ჟიურისთვის საინტერესო გახდა.

ნინი ზარქუა, სოსო ჯაფარიძე, მამუკა მოლაშხია, ნიკოლოზ ჩაჩიბაია და გიგი მოლაშხია “ზუგდიდელებს” წარმატების ემოციებს უზიარებენ.

ნინი ზარქუა, რუხის საჯარო სკოლა, მე-9 კლასი: “რამდენიმე დღის წინ, ლევან მასწავლებელმა, „ციფრული ტრანსფორმაციის საქართველოს ფორუმი 2022“-ის ფარგლებში, გამართულ „იდეათონში“, “ნაბიჯი მომავლისკენ” მონაწილეობა შემოგვთავაზა. სიხარულით დავთანხმდი, მაგრამ როგორც კი უშუალოდ კონკურსზე აღმოვჩნდი, ცოტა არ იყოს შიშმა ამიტანა, ამდენი ადამიანი რომ შენგან რაღაც უცხოს და ახალს ელოდება, ხუმრობა ხომ არ არის? თუმცა ისეთ საოცარ ბავშვებთან აღმოვჩნდი ჯგუფში, რომ ეს შიში მალევე გამიქრა. მერე იყო ფიქრი, დისკუსია, მსჯელობა, იდეების კორიანტელი და… პირველი ადგილი, ფერადი სერთიფიკატი და საჩუქრები. თავიდან ყურებს არ დავუჯერე, ყველა ემოციამ ერთად მოიყარა ჩემში თავი, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ და გავბრუვდი. დიახ, ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა. მე კი, ალბათ, ამ წუთამდე არ მჯერა რადგან არ ვიცი რომელმა ემოციამ მძლია”.

იოსებ ჯაფარიძე, რუხის საჯარო სკოლა, მე-9 კლასი: “მონაწილეობა მივიღე ციფრული ტრანსფორმაციის საქართველოს ფორუმის 2022-ის ფარგლებში გამართულ იდეათონში „ნაბიჯი მომავლისკენ“ და ჩემს გუნდთან ერთად, დავიკავე პირველი ადგილი. ამ ფაქტმა ძალიან გამახარა და სტიმული მომცა ამ კუთხით გავაგრძელო სწავლა. მიყვარს ეს სფერო და მინდა ბოლომდე გავყვე მას”.

მამუკა მოლაშხია, ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის მე-9 კლასი: “შედეგების გამოცხადებამდე საკმარისად ვინერვიულეთ. ბოლოს როგორც იქნა, გამოაცხადეს: “გამარჯვებული გუნდი N15″ და არ მახსოვს, როგორ აღმოვჩნდით ხუთივე სცენაზე. სიგელები და საჩუქრები რომ მივიღეთ, პირველი, რაც გავაკეთეთ ის იყო, რომ ჩვენს პედაგოგებს დავურეკეთ და ვახარეთ ჩვენი გამარჯვება, რაც რა თქმა უნდა, მათი გამარჯვებაც იყო”.

ნიკოლოზ ჩაჩიბაია, ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის მე-9 კლასი: “იდეათონში“ ჩვენ მიერ წარდგენილი პროექტით „ჭკვიანი ჯოხი“, პირველი ადგილი მოვიპოვეთ. ეს იყო პროექტი განსხვავებული შესაძლებლობის ადამიანებისთვის-უსინათლოებისთვის. ჩვენს „ჭკვიან ჯოხს“ აქვს მისთვის განკუთვნილი სენსორები და წვდომა საქართველოს 3D მოდელთან, როდესაც უსინათლო უკარნახებს ადგილს, სადაც მას წასვლა სურს, ჯოხი მას მისთვის განკუთვნილი უსადენო ყურსასმენებით მიუთითებს გზას, მაგალითად: “5 ნაბიჯში მოუხვიე მარჯვნივ, ახლა იმყოფები გადასასვლელთან, ახლა იმყოფებით ჭავჭავაძის ქუჩაზე…” და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, იდეით დაინტერესდა ჟიური და შედეგიც მივიღეთ”.

გიგი მოლაშხია, ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის მე-9 კლასი: “ჟიურის მოეწონა ჩვენი იდეა, მაგრამ მთავარი ნერვიულობა შემდეგ იწყებოდა… დადგა დაჯილდოების მომენტი. გამოაცხადეს მესამე ადგილი, ჩვენ არ ვართ, ეს გაგვიხარდა, რადგან შეიძლებოდა უფრო მაღლა ვყოფილიყავით, გამოაცხადეს მეორე ადგილი ჩვენ ისევ არ ვართ, ეს ის დრო იყო, როცა გაავაანალიზეთ, რომ ან ძალიან დაგვწყდებოდა გული, ან ძალიან გაგვიხარდებოდა. და აცხადებენ: “პირველ ადგილზე გავიდაააა… ჯგუფი 15″. ჩვენ სიხარულისგან სამ მეტრიან ჭერსაც კი მივწვდით და გახარებულები წავედით სცენისკენ… უბედნიერესი მომენტი იყო და სწორედ ასეთი მომენტები მემახსოვრება სიცოცხლის ბოლომდე”.

ფოტოზე: მარცხნიდან: ნიკოლოზ ჩაჩიბაია, გიგი მოლაშხია, მამუკა მოლაშხია, ნინი ზარქუა და სოსო ჯაფარიძე.


კომენტარი

  1. ელიზა

    ესენი არიან საოცარი გონების და შესაძლებლობების ბავშვები. ძალაინ საინტერსო იდეები აქვთ და ამ იდეების განხორციელებას სჭირდება გარკვეული რესურსები, რაც სამწუხაროდ არ გვაქვს… როცა ვხედავ მათ მონდომებას, ვცდილობ ცოტათი მაინც დავეხმარო და საკუთარი რესურსებით ვიწერ მოწყობილობებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ვირტუალურად ბევრი პროექტი აქვთ აწყობილი, რომელიც მუშაობს, დიდი სიხარულით ელოდებიან იმ მომენტს, როდესაც რეალურად ააწყობენ…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.