- დღეს, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ქალაქ ზუგდიდის განაშენიანების გენერალური გეგმის პირველი ეტაპის საჯარო განხილვა გაიმართა.
ქალაქის გენგეგმა “არტსტუდიო პროექტმა” შეადგინა, რომელმაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.
პროექტი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: ახალი ზონირება, ხიდების მშენებლობა, ველოტრასის განსაზღვრა, საპარკინგე ადგილების გამოყოფა, ქალაქის საზღვრების დადგენა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის შესაბამისი ნორმატივების დადგენა, სამშენებლოდ გამოსაყენებელი მინიმალური მიწის ნაკვეთის განსაზღვრა, მუნიციპალიტეტის ერთეულებს შორის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძების შემუშავება, ქალაქის დეცენტრალიზაცია, სანაპირო ზოლის განვითარება, საჰაერო სადენების მიწისქვეშ გადატანა, საკოლმეურნეო ბაზრის გადატანა.
შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მოადგილე ბესიკ ჭეჟია, მერი გიორგი შენგელია, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.