ბორის ჯონსონი ირაკლი ღარიბაშვილს – მტკიცედ ვდგავართ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური არჩევანის სადარაჯოზე


  • ბატონო პრემიერ-მინისტრო! ამა წლის 27 აპრილს გაერთიანებული სამეფო და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობის განახლების 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ. მსურს, ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და კვლავ დაგიდასტუროთ, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გაერთიანებული სამეფო იმ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებობს, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის ოფიციალურ წერილშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ბორის ჯონსონის თქმით, ბოლო 30 წლის განმავლობაში, გაერთიანებული სამეფო და საქართველო თანამშრომლობენ მნიშვნელოვანი პარტნიორობის გასავითარებლად.

„აღსანიშნავია ის წინსვლა, რომლის თვითმხილველნიც საქართველოში გავხდით დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. ბოლო 30 წლის განმავლობაში, გაერთიანებული სამეფო და საქართველო თანამშრომლობენ მნიშვნელოვანი პარტნიორობის გასავითარებლად, რაც მრავალ სფეროს მოიცავს და მათ შორისაა პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, უსაფრთხოების, თავდაცვის, განათლებისა და კულტურული მიმართულებები. მახარებს ის, თუ როგორ გაფართოვდა და აყვავდა ურთიერთობა, რომლის სიმბოლოდ იქცა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ყოველწლიური ფორმატი, ისევე, როგორც ჩვენი ორმხრივი პარტნიორობისა და თანამშრომლობის ახალი შეთანხმება. ასევე, ვაფასებთ ჩვენს თანამშრომლობას რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, მათ შორის გარემოსდაცვით და კლიმატის ცვლილების მიმართულებით.

კარგად ვაცნობიერებ იმ ფაქტს, რომ პროვოცირების გარეშე, ვლადიმერ პუტინის მხრიდან წინასწარი განზრახვით განხორციელებული ბარბაროსული თავდასხმა უკრაინაზე კიდევ უფრო ამძაფრებს იმ გამოწვევებს, რომლებსაც საქართველო მრავალი წელია მამაცად უპირისპირდება. გაერთიანებული სამეფო და საერთაშორისო თანამეგობრობა მსოფლიო ერების თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და სუვერენიტეტისთვის ამ ღია აგრესიის პირისპირ დგანან. მინდა ასევე გარწმუნოთ, რომ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანის სადარაჯოზე. მოუთმენლად ველი მომდევნო წლებში ჩვენი პარტნიორობის უწყვეტ განვითარებას“, – აღნიშნავს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.