ბაღის აღმზრდელებს მერი დაემუქრა?


დღეს, ქ. ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალების” წევრმა ანა წითლიძემ სამეგრელოს განვითარების ცენტრში გამართა ბრიფინგი. როგორც დეპუტატმა უთხრა მედიას, მან მიიღო ზარი ქ. ზუგდიდის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღმზრდელისგან, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დაემუქრა პედაგოგებს  შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტით ქალაქის მერი, თუ ისინი ხელს მოაწერდნენ განცხადებას ხელფასის მომატებისა და მე-13 ხელფასის გაცემის მოთხოვნის შესახებ. “ძალიან ცუდია, როცა მერს გარდა მუქარისა, არ შეუძლია სხვა პასუხი გასცეს პედაგოგების მოთხოვნას, როცა ქალაქის მერი საბავშვო ბაღის აღმზრდელებს უთვლის “ვისაც არ მოსწონს ამ პირობებში მუშაობა, შეუძლიათ წავიდნენ სახლებშიო”. ჩვენ დავიცავთ თითოეული მათგანის უფლებას. უკვე საქმის კურსში ჩავაყენეთ არასამთავრობოები. აღსანიშნავია ისიც, რომ მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ზამირა ღადუამ, ამ დილით, მერიაში დაიბარა კონკრეტული პირები საბავშვო ბაღებიდან და დააწერინა ახსნა- განმარტებითი ბარათები ამ საქმესთან დაკავშირებით და გააფრთხილა, რომ ისინი დაისჯებიან, თუ გააგრძელებენ მსგავს მოთხოვნებს. მე მინდა მივმართო მათ, რომ ასეთი მუქარით ვერ შეაშინებენ საბავშო ბაღის პედაგოგებს, რადგან მათ გვერდით დავდგებით ჩვენ და დადგება საზოგადოება,”- განაცხადა ანა წითლიძემ.[embedyt] http://www.youtube.com/embed?listType=playlist&list=UUla4wAFdWGSALhdLOHbAXsQ[/embedyt]

ბრიფინგზე ანი წითლიძემ მედიას მისცა მობილური ტელეფონის ნომერი ერთ-ერთი აღმზრდელისა, რომელსაც უნდა დაედასტურებინა მერიის ქმედება მათ მიმართ, მაგრამ ამ წუთამდე, ამ ნომრის აბონენტი ჩვენთვის მიუწვდომელია, რადგან ის არ პასუხობს ზარს.

“ზუგდიდელები. ჯი” საქმის გასარკვევად ესტუმრა ქალაქის მერს, მაგრამ ის არ იმყოფებოდა ადგილზე.  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაია ღუბელაძემ მედიას უთხრა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მედია მოგვიანებით მიიღებს მერის წერილობით განცხადებას.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!