დღეს, ზუგდიდი, თავის უსაყვარლეს და ულამაზეს შვილს ეთხოვება. ამ წუთებში, ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში ბატონი რეზო ბულიას ახლობელთა, მეგობართა, აღზრდილთა, აღსაზრდელთა, უბრალოდ, ზუგდიდელ მოქალაქეთა რიგი დგას. სამუდამო განსასვენებლის კართანაც ისეთივე კოხტაა, როგორც ამ ცხოვრებაში იყო. გახსოვთ, ყოველთვის გემოვნებით ეცვა, სიარულიც პროფესიული იცოდა, მთელი ზუგდიდი ესალმებოდა, ვერ გაეპარებოდი მოუკითხავად, ღიმილის გარეშე, კეთილი სურვილების გარეშე. გულში წყენას არასდროს იდებდა. თუ რამე, გეტყოდა ისე, თურმე არ სწყენიაო,-იფიქრებდი. ულამაზესად იცხოვრა, არ დადიოდა დაფრინავდა,-პროფესიული წარმატებები, ოჯახი, შვილები… რეპეტიციებზე მიუხაროდა… ნიჭს პატივს მიაგებდა,-აღსაზრდელის მშობელს დაიბარებდა და ეტყოდა,- ყურადღება არ მიაკლო, ნიჭიერია შენი შვილიო.
მისი ცხოვრების დიდი ნაწილი “ჩელას” უკავშირდება. აპრილში, ზუგდიდს, ვარსკვლავად დარჩებოდა მისი სახელი და გვარი, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩვენ ვგეგმავთ. ხშირად ვაგვიანებთ, მერეც მოვასწრებთო, ვფიქრობთ…
83 წლისა აღესრულა. თავისი ცხოვრების უმთავარესი და უსაყვარლესი საქმის, ქართული ცეკვის ილეთების აღსაზრდელებისათვის სწავლების მომენტში, აღესრულა იმ შენობაში, იმ სარეპეტიციო დარბაზში, სადაც ყველაზე მეტად შინაურად, ოჯახურად გრძნობდა თავს,- დიახ, მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლეს უკავშირდება ბატონი რეზოს პროფესიული აღმასვლის დღეები და წლები. ალბათ ამას ქვია საქმის სიყვარულში დაფერფვლა… გარდაცვალებიდან 10-15 წუთში მთელმა ზუგდიდმა დაიტირა, მუხლი მოიყარა, პატივი მიაგო, გულში ჩაიხუტა…
დღესაც კელაპტრების ციალში, ყვავილების ზღვაშია ჩაფლული, თითქოს ისევ სცენაზეა და მოკრძალებული რევერანსით გვემშვიდობება.
სასუფეველი, ბატონო რეზო, უფლის სასუფეველი და საუკუნო ხსენება.
გაზეთი “ზუგდიდი”,
ჟურნალი “ზუგდიდელები”,
ზუგდიდელები.გე