ასოციაცია “იმედი” და არტ-თერაპია


  • არასამთავრობო ორგანიზაცია “იმედი”-დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის, უკვე წლებია ახორციელებს საინტერესო და საჭირო პროექტებს დევნილი ქალბატონებისთვის. რა თქმა უნდა, კოვიდპანდემიის პერიოდშიც, “იმედმა”, არ დატოვა უყურადღებოდ თავისი ბენეფიციარები, რაც მთავარი იყო ამ კრიტიკული დღეებისთვის, რომ მათ სიმარტოვე არ ეგრძნოთ.

ასოციაციამ,  პანდემიის გავრცელების პირველივე დღიდან, გააგრძელა საქმიანობა ორგანიზაციის მისიიდან გამომდინარე და განაგრძო მუშაობა დაგეგმილი საპროექტო აქტივობების დისტანციურად შესრულებისთვის. “იმედის” სამშვიდობო კლუბის წევრებისთვის ჩატარდა სხვადასხვა ონლაინ შეხვედრები kvinna till kvinnas მხარდაჭერით. წარმატებული თანამშრომლობა გააგრძელა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან, ასევე, სხვადასხვა დონორთან.

“იმედის” ორგანიზებითვე, გაიმართა “შეხვედრა–არტ-თერაპია” ქალთა სამშვიდობო კლუბის წევრებთან.

როგორც “ზუგდიდელებთან” საუბარში “იმედის” ხელმძღვანელმა ქრისტინე კილანავამ აღნიშნა, “პანდემიამ შეცვალა ქალების ყოველდღიურობა. გაზარდა ქალთა წინაშე მდგარი ვალდებულებები. ისინი აღმოჩნდნენ უამრავი ახალი გამოწვევის წინაშე, რაც იწვევდა და იწვევს უარყოფით ემოციებს: სტრესებს, ფორიაქს, დაძაბულობას. არტ – თერაპია, ეს არის ხელოვნებითი თერაპია, ანუ სტრესის დაძლევა ხელოვნების საშუალებით, განტვირთვა – შემოქმედებით პროცესისაგან მიღებული სიამოვნებით”.

შეხვედრა ჩატარდა ასოციაცია “მერკურთან” არსებული სამეგრელო – ზემო სვანეთის გენდერული ქსელის კოორდინატორის, EUAV ექსპერტის, ანტონიო კარბოტის ძალისხმევით, რომელმაც ქსელის წევრი რამდენიმე ორგანიზაციისათვის დაგეგმილი კამპანიის შედეგად მოიძია თანხა, ქალებისა და ბავშვებისათვის, COVID 19 პანდემიის შემდგომი გამოწვევების დასაძლევად.

შეხვედრაზე მოწვეული იყო სახელოსნო “იალაღის” ხელმძღვანელი, ქალბატონი მარინე ქარდავა. მისი დახმარებით კლუბის წევრებმა დაამზადეს ლამაზი აქსესუარები და ისაუბრეს პანდემიის მიერ წარმოქმნილ გამოწვევებთან ბრძოლის მათეულ გამოცდილებასა და გაკვეთილებზე.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.