ამბავი ზუგდიდელებისა და ტალალაივკელების მეგობრობისა


  • 1956 წლიდან, ზუგდიდი, უკრაინის, ჩერნიჰოვის ოლქის პრილიუკის პატარა ქალაქ ტალალაივკას დამეგობრებული ქალაქი იყო. ყოველწლიურად, მონაცვლეობით, ხან უკრაინელები ჩამოდიოდნენ ზუგდიდში და ხან ზუგდიდელები ჩადიოდნენ ტალალაივკაში.

ყოველ ჩამოსვლაზე, ზუგდიდის მთავრობა, სოხუმში ხვდებოდა სტუმრებს, ჩამოჰყავდა ჩვენს ქალაქში და რამდენიმე დღის განმავლობაში, “ზე” ქართულ-მეგრულ მასპინძლობას უწევდა – ათვალიერებინებდა ზუგდიდის რაიონის სოფლებს, ორგანიზაციებს.

ვიზიტები სრულდებოდა ჩახუტებებით და მეგობრობით. განსაკუთრებით მეგობრობდნენ ის კოლმეურნეები, რომელთა კოლმეურნეობებს სოციალისტურ შეჯიბრებაში ჰყავდათ გამოწვეული ერთმანეთი ზუგდიდსა და ტალალაივკაში. სტუმრების გვერდით, ბუნებრივია, ყოველთვის, იყვნენ ადგილობრივი გაზეთის “მებრძოლის” თანამშრომლები.

გაზეთის რედაქციაც, თავის მხრივ, მეგობრობდა ტალალაივკას ადგილობრივი გაზეთის “კოლგოსპნიკ ტალალაევშჩინის” კოლეგებთან – ერთობლივად ამზადებდნენ გაზეთებში თემატურ გვერდებს ქართულ-უკრაინულ ენებზე, სადაც ქართველი და უკრაინელი კოლმეურნეები ყვებოდნენ თავიანთ შრომით გამოცდილებაზე, სიახლეებზე.

1960 წელს, სწორედ ინფორმაციას ერთ-ერთ სიახლეზე, კონკრეტულად კი, ინგირის ქაღალდკომბინატში საფუარის ქარხნის გახსნაზე, მოჰყვა უკრაინელების მორიგი ვიზიტი ზუგდიდში. უკრაინელმა სტუმრებმა დაათვალიერეს საფუარის ქარხანა და მოიწონეს. მემატიანე წერს-ზუგდიდელები შეჰპირდნენ აღფრთოვანებულ სტუმრებს, მომავალი ჩამოსვლისთვის ჩვენს საწარმოს კიდევ უფრო გაზრდილს და დამშვენებულს დაგახვედრებთო. კომბინატი 1960 წლის შემდეგ მართლაც გაიზარდა და… …და ამაზე მოგვიანებით… გაზეთი “მებრძოლი”, რომელიც სამეგრელოს მედიის ფლაგმანი იყო, 92 წლისაა, არაერთგზის ქარბორბალა გამოვლილი, მაგრამ ნებისმიერ მსურველს, “ერთს რომ არ დაიზარებს ისე” მოუყვება, ვინ ვართ ზუგდიდელები და როგორ მოვდიოდით დღემდე…

მასალა მოამზადა ნანი მოსიძემ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.