#ავიცრათერთმანეთისთვის კამპანიას  ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ


  • შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის გამოწვევა მიიღეს და #ავიცრათერთმანეთისთვის – კამპანიაში ჩაერთნენ.

ზუგდიდის უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქციის ფარგლებში ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით, ბრენდირებული ხალათებითა და პირბადეებით, საინფორმაციო ბროშურები დაარიგეს, ფოტო და ვიდეომიმართვები, ასევე შთაბეჭდილების ბანერზე დატოვებული სამოტივაციო მესიჯები, ინტერნეტსივრცეში კამპანიის სლოგანით – #ავიცრათმანეთისთვის გაავრცელეს.

სტუდენტურ კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად ერთ-ერთი სტუდენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოვიდა. როგორც კესო შონია აცხადებს, ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ვაქცინაციის კამპანია არ მიმდინარეობს და არ არის დაცული კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო რეგულაციები.
„მიხარია, რომ ტარდება მსგავსი აქციები, მინდა რომ აფხაზეთშიც იყოს ასეთი კამპანიები. ყველას მოვუწოდებ აიცრან, რადგან აცრა დაგვეხმარება, რომ ვიყოთ ჯანმრთელები“,- ამბობს სტუდენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან.

თავის მხრივ, კამპანიაში ჩასართავად ზუგდიდის უნივერსიტეტის სტუდენტებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გამოიწვიეს.

ვაქცინაციის მხარდაჭერის მიზნით, სტუდენტური კამპანია – #ავიცრათერთმანეთისთვის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით, 26 ნოემბერს, ვაკის პარკში, დაიწყო. ინიციატივის შესახებ ონლაინმიმართვა სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ვადაჭკორიამ გაავრცელა.

აღნიშნული პროექტი კომპანია „ქოლგას“ მხარდაჭერით ხორციელდება.

„კამპანია – #ავიცრათერთმანეთისთვის ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით წამოვიწყეთ. ვფიქრობთ, იმუნიზაციის პროცესში ახალგაზრდა თაობის, კერძოდ კი სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – აცხადებენ ორგანიზაცია „ქოლგაში“.

სტუდენტური აქციის ორგანიზატორების განცხადებით, სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ დაწყებულ კამპანიას პერმანენტულად სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების სტუდენტები უერთდებიან. ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში სტუდენტური აქციები უკვე ჩატარდა თბილისში, გორში, ქუთაისში, თელავში, ახალციხეში, ზუგდიდსა და ბათუმში. სტუდენტური კამპანია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების აქტივობით დასრულდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.