ილია არქანიას პირველი ნაბიჯები მხატვრობაში


ზუგდიდელი ილია არქანია 18 წლისაა, მეოთხე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული. პატარაობიდანვე ხატავს. თორმეტი წლის იყო, როცა სამხატვრო სკოლაში მივიდა. წელს სამხატვრო აკადემიაში აბარებს, შესაბამისად, ძალიან ბევრს მეცადინეობს. დარწმუნებულია თავის შესაძლებლობებში და ფიქრობს, აუცილებლად გახდება სამხატვრო აკადემიის სტუდენტი. ასაკის მიუხედავად ილია, არაერთი სერთიფიკატისა და სიგელის მფლობელია. „ზუგდიდელებთან“ ამბობს, რომ ხატვა მისი ცხოვრებაა.

 ილია არქანია: „როცა სამხატვრო სკოლაში შემიყვანეს, მახსოვს, კუთხეში იჯდა წვერიანი ბიჭი, შემეშინდა და ტირილი დავიწყე, ეს იყო ჩემი პირველი შეხება ხელოვნების დარგის წარმომადგენლებთან. შიში და რიდი მალე დავძლიე და მეორე დღესვე, დავბრუნდი სამხატვრო სკოლაში და შევუდექი საქმეს. სამხატვრო სკოლაში დაახლოებით, შვიდი წელია, დავდივარ. ეს ის ადგილია, სადაც თავს ყველაზე კარგად და კომფორტულად ვგრძნობ, ფაქტობრივად, ჩემი მეორე სახლია. აქ სულიერად ვმშვიდდები, რადგან ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ. ჩემი პირველი ნამუშევარი სამხატვრო სკოლის დირექტორმა, ბატონმა ჯანსუღ ჭურღულიამ ნახა და მოეწონა. მაშინ, ეს დიდ წარმატებად ჩავთვალე, ემოციების, შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი. ბატონი ჯანსუღის აზრს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა, ვხატავ, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია, საქმეში ბოლომდე ვერთვები“.ილია1

 -ილია, ხატვის ნიჭი მემკვიდრეობით ხომ არ მიიღე?

-ოჯახში არავინ ხატავს, მაგრამ სწორედ ოჯახმა მომცა სტიმული და მოტივაცია, რომ ჩემს საყვარელ საქმეს ბოლომდე გავძღოლოდი, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. ერთხელ მითხრეს, არ გინდაო ხატვაო, რადგან ხელოვან ადამიანებს საქართველოში არ აფასებენო. მე არ ვფიქრობ ასე, ფიროსმანს არაფერი ჰქონდა, მაგრამ ხალხის დიდი სიყვარული მიიღო. ასე, რომ, ამან მეტი სტიმული მომცა,  არ გავჩერდე, არ მოვდუნდე და ბოლომდე მივყვე დაწყებულ საქმეებს.

-როდის ხატავ?

– ხატვა მთელი ჩემი ცხოვრებაა. როცა თავისუფალი დრო მაქვს, სულ ვხატავ. ხატვის პროცესი განსაკუთრებულად მიყვარს, ამ დროს საკუთარ თავთან მარტო ვრჩები და ყველაფერს ვაანალიზებ. ვხატავ, ნატურმორტებს, პეიზაჟებს, პორტრეტებს. როცა, ჩემს საქმეს ვაკეთებ, მაშინ დროის შეგრძნებას ვკარგავ. მახსოვს, ერთხელ, დილის ექვს საათამდე ვხატავდი, არ ვიღლები, პირიქით, ძალას მმატებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შრომა ადამიანს ერთ დღეს აუცილებლად დაუფასდება.

-როგორც ვიცი, პერსონალური გამოფენა ჯერ არ გქონია…

– გამოცდების ჩაბარების შემდეგ, ვაპირებ, ჩემს ქალაქში, პერსონალური გამოფენის მოწყობას. ეს იქნება ერთგვარი გამოცდა  და ცოდნის შეჯამება. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი და შეფასება, თუნდაც, „კრიტიკა“ ჩემი ნამუშევრების მიმართ. მე ეს აუცილებლად მჭირდება, სამომავლოდ გასათვალისწინებლად.

– შენ სხვადასხვა ღონისძიებებში მიგიღია მონაწილეობა…

-დიახ, ჩემს ნამუშევრებს სხვადასხვა ქალაქის ღონისძიებებში მიუღია მონაწილეობა. საჩხერეში ვიყავით ორჯერ, მუხრანობაზე, ჩემი ნახატი აჩუქეს საჩხერის გამგებელს. „თბილოსობაზეც“ მიმიღია მონაწილება. ზუგდიდში ნატოს კვირეულის ფარგლებში, გამოცხადებულ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და პირველი ადგილი დავიკავე. სხვათაშორის, ეს ნახატი ერთ დღეში შევასრულე.

-სამხატვრო სკოლაზე ამბობ, ჩემი ოჯახიაო…

-სამხატვრო სკოლაში ხუთი მასაწავლებელია. ყველა პროფესიონალი და თავისი საქმის მცოდნეა. სამხატვრო სკოლის აღსაზრდელებს, მასაწავლებლები ძალიან უყვართ და მათ შრომასაც აფასებენ, ამას მათი დიპლომები და სერტიფიკატები ადასტურებენ. სკოლის დირექტორმა, ბატონმა ჯანსუღმა იცის, როგორ უნდა განავითაროს ბავშვები, ხელს არ უშლის მათ ფანტაზიას. ჯანსუღი არის ჭეშმარიტი ხელოვანი ადამიანი, ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ მის შემოქმედებას. მთელმა მსოფლიომ უნდა აღიაროს მისი ნიჭი. ძალიან ჭკვიანი ადამიანია, უყვარს თავისი საქმე და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავისი ცოდნა ბავშვებს გაუზიაროს. სამხატვრო სკოლაში, ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ, ვეხმარებით და რჩევებს ვაძლევთ.ილია2

-ხელოვნების სფეროში ვინ არის შენთვის მისაბაძი ადამიანი?

-ხელოვნების სფეროში და ზოგადად პიროვნული თვალსაზრისითაც, ბატონი ჯანსუღია ჩემთვის მისაბაძი ადამიანი.

-საყვარელი მხატვარიც გეყოლება…

-ძალიან მიყვარს მიქელანჯელო, და ვინჩი. ბოტიჩელი ჩემთვის არის ყველაფერი. ეს ადამიანი იყო მორწმუნე, ხატავდა რელიგიურ სიუჟეტებს. ძალიან ძლიერი მხატვარი იყო და დიდ პატივს ვცემ მის შემოქმედებას.

-ილია, შენი ნამუშევრების შემფასებელი ვინ არის?

-ბატონი ჯანსუღი, შემდეგ ოჯახი. მათი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

-მითხრეს ლექსებსაც წერსო…

-დიახ. ლექსების წერა ადრეულ ასაკში დავიწყე. მუზა თავისით მეწვია. ჩემს ლექსებს კონკრეტული ადრესატი არ ჰყავთ, ვწერ ყველაზე და ყველაფერზე. მახსოვს, პირველი ლექსი 13 წლისამ დავწერე. ადრე, ხშირად ვწერდი ლექსებს, მაგრამ დაძაბული გრაფიკის გამო ახლა ვერ ვახერხებ. ერთი სიტყვით, დროებით ტაიმაუტი ავიღე.

-ფეისბუქზე ვერ გიპოვე…

-ადრე მქონდა, მაგრამ გავაუქმე. ჩემს ხასიათს არ შეესაბამება.

-და როგორი ხასითი გაქვს?

-დედაჩემი მეუბნება, რთული ხასიათი გაქვსო და მეც ასე ვფიქრობ.

– შეყვარებული თუ ხარ და საერთოდ როგორი გოგონები მოგწონს?

-ამ ეტაპისთვის შეყვარებული არ ვარ. მომწონს წყნარი, მშვიდი და გაწონასწორებული გოგონები.

-შენი გულშემატკივარი ვინ არის?

-პირველ რიგში, დედაჩემი. ეს ის ადამიანია, რომელიც მუდამ გვერდში მიდგას. ყოველთვის იცის, რა დროს რა მჭირდება.

-ოჯახის სხვა წევრებზეც მომიყევი…

-დედა- მარინა თორდიაა, ადრე სასტამბო საქმეს ემსახურებოდა, თითქმის თქვენი კოლეგაა.  მამა-ტოლიკ არქანიაა, ბებია-თალიკო ჯიჭონაია. ოჯახი ყველაზე ძვირფასია ჩემთვის.

-შენი თავისუფალი დრო…

-თავისუფალ დროს მეგობრებთან ვატარებ.

-როგორია სამომავლო გეგმები…

-სამომავლო გეგმები ბევრ საინტერესო იდეას უკავშირდება. ჩემი მიზანია სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება. სექტემბერში ჩემს ქალაქში აუცილებლად მექნება გამოფენა. მინდა ჩემი შესაძლებლობები საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაცდეს, ჩემი დიდი სურვილია, ჩემი ნამუშევრები გავიტანო საზღვარგარეთ. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც მცირეოდენი წვლილი შეუტანიათ ჩემს პიროვნულ ჩამოყალიბებაში.ილია3

ეკა ფარულავა

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!