ხათუნა ბეჭვაია: ჩვენ მოვალეობის მოხდის მიზნით არ დავქორწინებულვართ


რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ხათუნა ბეჭვაიამ თავისი ბედი დაუკავშირა ზუგდიდელ ბიზნესმენ მამუკა ხარებავას. 

წყვილი, თითქოს ორმოცდაათი წელიწადი ერთმანეთს ეძებდა, გრძნობების ჩამოყალიბება, საკუთარ თავთან ჭიდილი, ორივეს დაეხმარა საბოლოო გადაწყვეტილებამდე მისულიყვნენ. ბატონი მამუკა წლების განმავლობაში, რუსეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. როგორც თვითონ ამბობს, ისევ სამშობლოში დაბრუნებული და ზუგდიდში ჩამოსული, შეხვდა თავის „დიდ სიყვარულს“ ხათუნა ბეჭვაიას.
ხათუნა: -იმ ასაკში არ ვიყავით, რომ ქუჩა-ქუჩა და კარდაკარ გაგვევრცელებინა ჩვენი ურთიერთობა. ორივეს გვინდოდა გამოგვეცადა ჩვენი გრძნობები. ნებისმერი ჩემი გადაწყვეტილება არის დაგეგმილი, კარგად გააზრებული და მოფიქრებული, თუმცა სიყვარულს წინასწარ ვერ დაგეგმავ, ვერ მოიფიქრებ, ვერ გაანალიზებ, ისე შემოვა შენთან და თავბრუს დაგვახვევს. თურმე, სიყვარულს ასაკი არ სცოდნია. მე და მამუკამ ერთმანეთი ზუგდიდში გავიცანით. მან ყველაფერი იცოდა ჩემს შესახებ. დაახლოებით ერთი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს. კარგად შევისწავლეთ ჩვენი დადებითი და უარყოფითი მხარეები და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღეთ გადაყვეტილება. მამუკამ კარგად შეისწავლა ჩემი დაძაბული დღის რეჟიმი, ცხოვრება და რიტმი. შევქმენით ოჯახი “არა მოსტუმრების”და “მოვალეობის” მიზნით. ჩვენი ცხოვრების ახალი ეტაპი სიყვარულით, ურთიერთგაგებით და პატივისცემით დავიწყეთ. მე ძალიან ბედნიერი და კამყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით.
მამუკა:– სანამ, ხათუნას შევხვდებოდი, მეგობრები და ნათესავები ხშირად მეუბნებოდნენ, რატომ არ ხარ დაოჯახებული, დროა, ოჯახი შექმნაო. ალბათ, ხათუნას ველოდებოდი. ძალიან ბედნიერი მამაკაცი ვარ, რომ ხათუნასნაირი ქალი მყავს გვერდით. გარდა მეუღლისა, ის ჩემი მეგობარი და დიდი გულშემატკივარია. ხათუნათი ძალიან ვამაყობ.
-“ფეისბუქზეც” არ გედოთ ფოტოები, არც პოსტები…
ხათუნა: – ეს ძალიან პირადული იყო. მე მინდოდა ჩემი პირადი ჩემთან დარჩენილიყო. მე არ მივეკუთვნები ისეთი კატეგორიის ადამიანებს, რომლებიც ნებისმიერ „რაღაცას“ სოციალურ ქსელში დებენ. პირად გრძნობებზე და სხვადასხვა საკითხზე საუბრობენენ. ეს ჩემს ხასიათში არ ზის. ჩვენი ცხოვრების წარმართვას სოციალური ქსელით არ ვაპირებ. ჩვენი ოჯახის შექმნამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მე ძალიან ძლიერი ვარ, რადგან ძალიან ბევრი მეგობარი და კეთილისმსურველი ყოფილა ჩემს გარშემო არა მარტო ქვეყანაში, არამედ ქვეყნის გარეთაც და მე ამით ძალიან ვამაყობ. ჩვენი ამბავი ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა. ოჯახის შექმნა მართმადიდებლური წესით გადავწყვიტეთ.
– სანამ ჯვრისწერაზე მომიყვებოდეთ, ბატონ მამუკას მინდა ვკითხო, რითი მოგხიბლათ ხათუნამ?
-ყველაფრით. მოქცევით, ურთიერთობებით და რაც მთავარია, ადამიანობით. ხათუნას ყველა ის თვისება აღმოაჩნდა, რაც ქალის ხასიათში მომწონს და ვაფასებ.
ხათუნა: – მამუკა ჩემთვის პირველი სიყვარულია. ყოველთვის მინდოდა ჩემს გვერდით ისეთი მამაკაცი ყოფილიყო, რომელსაც ექნებოდა პასუხისმგებლობა, არ იქნებოდა ეჭვიანი, არ ყოფილიყო დისკრიმინაციული ხასიათის და მე არ ვყოფილიყავი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, რადგან ამ თემაზე წლებია მუშაობს “თანაზიარი”. ყოველთვის მინდოდა, ისეთი მამაკაცი ყოფილიყო ჩემს გვერდით, რომელმაც იცოდა ქალის ფასი, უფლება და რაც მთავარია, საკუთარი უფლებები სცოდნოდა. ამ მხრივ, მე ნამდვილად, გამიმართლა, რადგან მამუკა ჩემზე ძლიერი, განათლებული და ჭკვიანია, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მამაკაცის სიძლიერე არ გამოიხატება “ვიზუალით” და ტონით. მამაკაცის სიძლიერე გამოიხატება ქალის პატივისცემაში და დაფასებაში. ოჯახი იქმნება თანასწრობაზე. მამუკა ის მამაკაცია, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდი. მამუკაში აღმოვაჩინე ის, რაც მამაკაცში ყველაზე მეტად მომწონდა და მხიბლავდა. მე არ მინდოდა ჩემი მეუღლე გამხდარიყო “ვინმე”, მე მინდოდა “ვიღაცის” მეუღლე გავმხდარიყავი, მიუხედავად იმისა, რომ მე ცნობადი სახე ვარ.
-ბატონო მამუკა, როგორ აუხსენით ხათუნას სიყვარული, დიდხნას ხომ არ გაწვალათ?
-როდესაც, ვიგრძენი ხათუნას გარეშე ცხოვრება არ შემეძლო, მაშინ გავუმხილე და გავუზიარე ჩემი გრძნობები. თავიდან არაფერი მიპასუხა, ორი თვე „მაწვალა“, მაგრამ მზად ვიყავი ცხოვრების ბოლომდე მას დავლოდებოდი.
ხათუნა, რატომ “აწვალეთ” მამუკა თუ ქალურ კეკლუცობას ჰქონდა ადგილი…
-კიდევ ერთხელ მინდოდა საკუთარ თავში და გრძნობებში საბოლოოდ, დარწმუნებული ვყოფილიყავი. დიდხანს ვფიქრობდი და საკუთარ თავს ხშირად ვეკითხებოდი, ხომ არ იყო ეს ემოცია, გატაცება, ან გრძნობების აყოლა, მიუხედავად ჩემი ასაკისა, მაგრამ დავრწმუნდი, რომ ეს იყო მყარი გრძნობა, რომელსაც მამუკას მიმართ განვიცდიდი.
-ხათუნა, ჯვრისწერაზე, განსაკუთრებულად გამოიყურებოდით. სოციალურ ქსელში თქვენმა ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა…
-სანამ ჯვრისწერა გვექნებოდა, მომავალი მეუღლე გავაცანი ჩემს მოძღვარს მამა ფრიდონ ასათიანს. მინდოდა, სანამ ჯვარს დავიწერდით, მამაოსგან კურთხევა აგვეეღო. მოგვიანებით, მამა ფრიდონმა დაგვწერა ჯვარი. ჩვენი მეჯვარეები არიან მამუკას უახლოესი მეგობარი კახა ქვარცხავა და ჩემი ბავშვობის მეგობარი ბერიტა კაკაბაძე. მეჯვარეებად შევარჩიეთ ისეთი ადამიანები, ვისთანაც წლების ურთიერთობა გვაკავშირებს და ჩვენთვის საიმედო ადამიანები არიან.
მამუკა: – ის დღე ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული იყო და იმავდროულად, ემოციური. ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ხათუნა ძალიან ლამაზი იყო. ჩვენთვის მნიშვნელოვან და განსაკუთრებულ დღეს გვერდით გვედგნენ ის ადამიანები, ვისთანაც დიდი ხნის მეგობრობა გვაკაშირებს.
– ხათუნა, თქვენი გადაწყვეტილება ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა ბევრისთვის.
-ყველა ფიქრობდა, რომ ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი ჩემი საქმიანობიდან და ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ამიტომ ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. არ ვიცი, რა შევარქვა ჩვენს ამბავს,- ამდენი წელი ვიცხოვრე, ვიმოგზაურე სხვადასხვა ქვეყანაში, ჩემი ცხოვრება დავუკაშირე პიროვნებას, რომელმაც წლები გაატარა რუსეთში. ყველაფერი ღვთის ნებითაა, ალბათ, მან მოისურვა ასე ყოფილიყო. რაც შეეხება ოჯახს, ჩემი გადაწყვეტილება დიდი სიყვარულით და პატივისცემით მიიღეს. მშობლებმა ყოველთვის იციან, რომ გადაწყვეტილებას სპონტანურად არასოდეს მივიღებ, ისინი მკაცრად მზრიდნენ, მაგრამ თავისუფლება ყოველთვის მქონდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, მომცეს იმის უფლება, რომ ჩემს გადაწყვეტილებებში და არჩევანში თავისუფალი ვყოფილიყავი.
ბატონო მამუკა, ქორწილმა როგორ ჩაიარა?
-საქორწილო სამზადისი, სტუმრები, მენიუ, ცოტა დამღლელი პროცესია, მაგრამ გვინდოდა ეს დღე ჩვენთვის და სტუმრებისთვის განსაკუთრებული ყოფილიყო. ქორწილი გადავიხაეთ „სანქტპეტრბურგში“. დავპატიჟეთ მეგობრები და ძალიან ახლობელი ადამიანები. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და სტუმრებიც კმაყოფილები დარჩნენ.
ხათუნა: – გაგვიჭირდა სტუმრების შერჩევა. ძალიან ბევრი თანამაშრომელი მყავს. ქორწილში მოწვეული გვყავდა უახლოესი ადამიანები, რომლებთანაც ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს. გულწრფელად რომ გითხრათ, ის ხალხი, რომელიც მინდოდა ქორწილში რომ მყოლოდა, ყველა, რომ მომეწვია, ალბათ 2000 კაცი უნდა ყოფილიყო. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ პომპეზურობა საჭირო არ იყო. ვიღაცა მაინც დაგვრჩებოდა ნაწყენი. ქორწილში გვყავდა მხოლოდ თანამშრომლები და ოჯახის წევრები. კარგი იქნებოდა რომ გვქონოდა გრანდიოზული ქორწილი, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არ იყო იმის აუცილებლობა, რომ “ვიღაცა” ხათუნა ბეჭვაიამ ზუგდიდში გადაიხადოს “ათასკაციანი ქორწილი”. ყველამ მომილოცა, ყველამ გაიზიარა ჩემი ბედნიერება. იმ დღეს, ბევრი სითბო და სიყვარული მივიღე, რომელიც წლების განმავლობაში გამყვება.
-ბატონო მამუკა თქვენ შვილი გყავთ…
-დიახ. გიორგი 18 წლისაა. ჯვრისწერაზე და ქორწილში გვერდით მედგა და მამხნევებდა. ჩემი გადაწყვეტილებით გიორგი ძალიან კმაყოფილია.
ხათუნა: – სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი მანამდე, შევხვდი გიორგის და გავიცანი. როგორც კი გავხდით ერთი ოჯახი, ძალიან კარგი და თბილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე გაგრძელდება.
მამუკა: – გიორგი ძალიან ჭკვიანი და თბილი ბიჭია. თავიდანვე, ხათუნა და გიორგი დაუმეგობრდნენ ერთმანეთს. ხათუნა ბრწყინვლე ადამიანია და მას ყველასთან შეუძლია საერთო ენის გამონახვა და მეგობრობა.
-როგორ ფიქრობთ, ოჯახში მთავარი რა არის?
მამუკა: – სიყვარული, ნდობა და ურთიერთპატივისცემა.
ხათუნა: – ურთიერთობაში ყველაზე მთავარი ნდობაა. ოჯახში როცა ნდობა და სიყვარულია, სხვა დანარჩენი, ყოველდღიური პრობლემები მოგვარებადია.
– წყვილებს რას ეტყოდით?
ხათუნა: – ვინც ოჯახის შექმნას აპირებს მინდა ვუთხრა, რომ აუცილებლად უნდა უყვარდეთ ერთმანეთი. სიყვარულზე დაფუძნებულია ნდობა და პატივისცემა, როდესაც ოჯახში სიყვარული არ არის, მაშინ კვდება ყველაფერი. მთავარია გიყვარდეს და გენდობოდეს.
-ისე, ბატონო მამუკა, ეჭვიანი თუ ხართ?
-არა. არც ეჭვიანი ქალები მიყვარს.
ხათუნა: – მე არ ვარ ეჭვიანი. ყოველთვის მითქვამს და ვიტყვი, კაცი, რომელიც ქალს არ ენდობა, უმჯობესია დაშორდეს. როცა მამაკაცს ქალში რაღაცა „ეეჭვება“, მაშინ ერთად ცხოვრებას არავითარი აზრი არ აქვს.
-სახლში ვინ დაგხვდათ?
ხათუნა: – მამუკას დედა გარდაცვლილი ჰყავს. მყავს მამამთილი, არაჩვეულებრივი პიროვნებაა, მაგრამ ჩვენთან არ ცხოვრობს. მამუკას ჰყავს გამზრდელი დეიდა აზა ბაძაღუა, პროფესიით პედაგოგი, ზუგდიდელებისათვის კარგად ცნობილი,. ძალიან თბილი და მოსიყვარულე ქალბატონი, რომელიც დედობას მიწევს. ძალიან ბევრ რაღაცას მასწავლის, ხომ გაგიგიათ: “სწავლა სიბერემდეო”. ქალბატონი აზა, ყოველთვის, ჩემს მხარესაა, ძალიან ახლობელი ადამიანი გახდა.
-გათხოვების შემდეგ, რამე თუ შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში?
-არა, როგორც ადრე, აქტიური ცხოვრებით ვიყავი დაკავებული. ისევ ისე განვაგრძობ ცხოვრებას. საერთოდ არ მიგვრძნია ის, რომ სხვის ოჯახში შევედი და სხვისი წესებით უნდა ვიცხოვრო. ზოგჯერ მგონია, რომ მთელი ცხოვრება მათთან ვცხოვრობდი. ოჯახში მათი მიმღებლობა ჩემდამი ძალიან მაღალ დონეზეა, მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ოჯახში, მოვხვდი. მათ იციან ჩემი სამსახური, მაგრამ ჩემზე უფრო მაღალი თანამდებობები ჰქონიათ ოჯახის წევრებს ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთში. ასე, რომ მათთვის ჩემი თანამდებობა არ იყო გასაკვირი, როგორც ჩემთვის მათი თანამდებობები.
მამუკა: – ვიცი, ხათუნას რა დაძაბული გრაფიკი აქვს, მაგრამ მთავარია აკეთებს იმ საქმეს, რაც ყველაზე მეტად უყვარს -ადამიანებს ეხმარება. ხათუნა რასაც ხელს მოკიდებს, ყველაფერი გამოსდის. მე მის ნებისმიერ წამოწყებულ საქმეს მხარს დავუჭერ და გვერდში დავუდგები.
ბატონო მამუკა, სამომავლოდ რას აპირებთ?
-რამდენიმე თვეა შევუღლდით. გვინდა ტკბილად და ბედნიერად ვიცხოვროთ. თუ უფალი ინებებს, შვილიც გვეყოლება.
ხათუნა: – ვაპირებთ ზუგდიდში ცხოვრებას. ერთად ყოფნის დროს გაგვიჩნდა იდეები, რომლის განხორციელებსაც ვაპირებთ საზოგადოებისთვის და ზუგდიდელებისთვის. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.
ეკა ფარულავა

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!