ზაურ შეროზია: იარეთ ფეხით, ეს დიდი განტვირთვაა, ჯანმრთელობაა

zaur sheroziaaaa

ბავშვთა პოლიკლინიკის დირექტორი, ბატონი ზაურ შეროზია 77 წლისაა, პროფესიით ექიმ-პედიატრია, უყვარს თავისი პროფესია, ბავშვები, თავისი ქალაქი, ზუგდიდელები.
- ექიმობაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. ერთ სახლში ვცხოვრობდით ჩვენი და ბიძაჩემის — ამირან ნინუას ოჯახი, რომელიც, საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების გამგედ მუშაობდა მაშინ, მამაჩემი კი, კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო. როცა ბიძაჩემი ღებულობდა ავადმყოფებს, მეც ვესწრებოდი. მე-4 კლასში რომ ვიყავი, ინფექციური დაავადებების უმრავლესობას კარგად ვიცნობდი. სწორედ ჩემი ბავშვობისდროინდელი «რაქტიკიდან» გამიჩნდა სურვილი ექიმი გავმხდარვიყავი და, რა თქმა უნდა, ბიძაჩემის მხარდაჭერით, ჩავირიცხე სამედიცინო ინსტიტუტში. ექიმს უნდა უყვარდეს თავისი საქმე. ავადმყოფის გარშემო უნდა ტრიალებდეს და ისე აფასებდეს, რა ხდება მის ორგანიზმში. სწორედ ასეთი დაკვირვების შედეგად უნდა გადაწყვიტოს მან, როგორ და რითი უნდა უმკურნალოს პაციენტს. ეს თვისებები ექიმს თუ არ გააჩნია, მას ექიმი არ უნდა ერქვას. ხუთ ათეულ წელზე მეტია ექიმი ვარ და ჯერ არ ყოფილა არც ერთი შემთხვევავა, პაციენტის მშობლები უკმაყოფილო ყოფილიყვნენ ჩემზე, არც დიაგნოსტიკაში, არც ორგანიზაციულ საკითხში და არა მარტო ჩემზე, საერთოდ, დაწესებულებაზე, რომელსაც ვხელმძღვანელობ. ბავშვთა პოლიკლინიკის დირექტორობასთან ერთად, წლების განმავლობაში, ვიყავი ქალაქის მთავარი პედიატრიც. 1964 წელს დავიწყე მუშაობა ზუგდიდის ბავშვთა პოიკლინიკაში უბნის ექიმ-პედიატრად. შემდეგ გადამიყვანეს ამავე პოლიკლინიკის პედიატრიული განყოფილების გამგის თანამდებობაზე. 1975 წელს ადგილობრივი ჯანდაცვის განყოფილების ბრძანებულებით, გადამიყვანეს ამავე პოლიკლინიკის მთავარ ექიმად, 1975 წლიდან, დღეის ჩათვლით, ვარ ამ თანამდებობაზე.
ბავშვებთან ურთიერთობა რთულია. მათ ყოვლთვის უნდა მოეფერო, გაუღიმო. ბავშვი გრძნობს ამ სიყვარულს. მე, ზოგადად, მიყვარდა და მიყვარს პატარა ბავშვები. როცა ჩემს ძმასთან სტუმრად მივდივარ, ჩემი ძმის შვილთაშვილი მოფერებით მეძახის მის მიერ შეთხზულ უცხო სახელს და უხარია, რომ მხედავს, მეთამაშება. იქნებ, ჩემი პროფესიის დამსახურებაცაა — გასაკვირად ვუგებთ ერთმანეთს.
- მედიცინა სპეციფიკური სფეროა, კიდევ რა გიტაცებთ ცხოვრებაში?
- მიყვარს ბუნება, დავდივარ ფეხით, რამდენჯერმე შემოვუვლი ქალაქს, რაც გადაღლის ფონზე დიდი განტვირთვაა. ამით კომპენსაციას უკეთებ შენს ორგანიზმს, ათავისუფლებ ყოველგვარი ზედმეტი ემოციებისგან. თქვენც გირჩევთ — იარეთ ფეხით.
- თვასუფალ დროს როგორ და ვისთან ერთად ატარებთ?
- თავისუფალ დროს ვატარებ ჩემს მეგობრებთან, ერთმანეთს ვუზიარებთ აზრს ქვეყნისა და ქალაქის შესახებ, ჩვენი პრობლემისა თუ სიხარულის შესახებ.
- სიყვარული როგორ მოვიდა თქვენს ცხოვრებაში? — ეს ჩემი ტრადიციული შეკითხვაა.
- ადრე, ჩვენი პოლიკლინიკა იყო იქ, სადაც ახლა ილია ჭავჭავაძის ბიუსტი დგას, ორსართულიან შენობაში, ზედა სართულზე იყო სტომატოლოგიური კლინიკა, მაშინ ამირან აბრამია იყო მისი უფროსი. ქვემო სართულზე ვიყავით ჩვენ, ბავშვთა პოლიკლინიკის კოლექტივი. სტომატოლოგიურ კლინიკაში მუშაობდა ჩემი მეუღლე ლაბორანტად, სწორედ იქ შევხვდით ერთმანეთს და დიდი სიყვარულით შევქმენით ოჯახი. მაშინ ვიყავი 31 წლის. მყავს ორი ქალიშვილი. ეთერი მუშაობს რაიონის გამგეობაში მთავარ სპეციალისტად, თამარი კი, საკრებულოში, საქმის წარმოებისა და იურიდიულ საკითხთა განყოფილების მთავარ სპეციალისტად.
- ბატონო ზაურ, როგორი უნდა იყოს ადამიანი, რა თვისებას აფასებთ ადამიანში?
- ჩემი აზრით, ადამიანი უნდა იყოს სპეტაკი, არ უნდა ტყუოდეს. ადამიანი უნდა იყოს განათლებული. ბაბუაჩემმა სერგო ნინუამ, რომელიც გერმანიაში სწვალობდა და დაამთავრა ორი უმაღლესი, 9 ენა იცოდა და განათლებას დიდ პატივს სცემდა, რამაც დიდი გავლენა იქონია ჩვენი, ძმების მომავალზე.
როზა როგავა

 

მოგეწონა სტატია? - გააზიარე!

Powered by WordPress | Designed by: wordpress themes free | Thanks to Find Free WordPress Themes, wordpress themes 2012 and WordPress Themes