- ჩვენი საინფორმაციო პორტალის რუბრიკის “ჩვენი ბოსტანი” ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში, ესართიების ოჯახში, ქეთევან ხარჩილავას ვესტუმრეთ. ოჯახის დიასახლისი 58 წლისაა, პროფესიით ბუღალტერია. წლების განმავლობაში, მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციაში. ქალბატონი ქეთევანი, კარიის ეკლესიის მრევლი და მგალობელია. სოფელში ცნობილია, როგორც კარგი დიასახლისი და კარგი მეოჯახე.
ქალბატონი ქეთევანი ოჯახში სიამოვნებით გვმასპინძლობს და ბოსტანში მის ნახელავს მოკრძალებით გვათვალიერებინებს. მიწის დამუშავებას თებერვლის თვიდან ვიწყებო,–როგორც ოჯახის დიასახლისი ამბობს, პირველად სათბური მუშავდება, სადაც სხვადასხვა ბოსტნეულის თესლი ითესება ჩითილების გამოსაყვანად. დიასახლისის თქმით, მისი ბოსტანი არის ეკოლოგიურად სუფთა ნიტრატების გარეშე. თვალცრემლიანი ამბობს, რომ ადრე, ამ ყველაფერს, მეუღლესთან, ბატონ ამირანთან ერთად აკეთებდა, მაგრამ რამდენიმე თვის წინ, ოჯახის უფროსი 64 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა. “წარმოშობით წალენჯიხელი ვარ, 37 წელია ამ ოჯახის რძალი ვარ. ყოველთვის მიყვარდა მიწასთან მუშაობა. რა თქმა უნდა, ყველაფერს დიდი შრომა სჭირდება. ადრე, ამ ყველაფერს, მეუღლესთნ ერთად ვაკეთებდი, თუმცა მისმა მოულოდნელმა წასვლამ ამქვეყნად, ყველას დიდი ტკივილი მოგვაყენა. ახლა, ბოსტანის მოვლაში მეხმარებიან შვილები და რძლები. მინდა, შვილიშვილებმა ჯანსაღი საკვებით იკვებონ, ამიტომ ბოსტნისთვის არანაირ შხამ-ქიმიკატებს არ ვიყენებ, მარტო საქონლის ნაკელისგან “ჟიჟას” ვაყენებთ.”
ქალბატონი ქეთევანი ამბობს, რომ ბოსტანი შარშანდელთან შედარებით, წელს უკეთესი აქვთ. ზამთრისთვის პომიდვრის წვენი, კიტრის მწნილი და აჯაბსანდალი უკვე ქილებში აქვს უსაფრთხოდ ჩალაგებული. კიტრი, პომიდორი, ბადრიჟანი, ლობიო, ხახვი, ბულგარული წიწაკა, კარტოფილი, ყველანაირი მწვანილია მის ბოსტანში. ჭყინტი სიმინდი და საზამთროც ოჯახმა უკვე დააგემოვნა. სიმინდის მოსავალს იმდენს იღებენ, ოჯახსაც ჰყოფნის და გასაყიდადაც აქვთ. “ნიორი და კარტოფილი უკვე ავიღეთ. კვახსაც კარგი პირი უჩანს, გვალვას რომ არ შეეშალა ხელი, კიდევ უკეთესი ბოსტანი უნდა მქონოდა. ხელით ვრწყავდით, მადლობა უფალს ამისთვისაც”.
ოჯახი მეცხოველეობას და მეფრინველეობას მისდევს,–ათ სულ საქონელს უვლიან. ყველს და ნადუღს გასაყიდად აბარებს. “დილით ადრე ვდგები, სხვაგვარად ვერ მოვასწრებ ყველაფრის მიხედვას. ეს ერთგვარი სამსახურია ჩემთვის. თუ უფალმა ინება და ჯანმრთელობა მომცა, მომავალი წლისთვის უკეთესი ბოსტნის გაკეთება მინდა. ერთი რამ მინდა გითხრათ, ამქვეყნად შეუძლებელი არაფერია, მთავარია მონდომება და ადამიანს ყველაფერი გამოუვა.”
ა. აბულაძე,
სპეციალურად “ზუგდიდელებისთვის”
ზუგდიდი–დიდინეძი