- თუ გნებავთ, ნამდვილი სოფლის იერით დატკბეთ, დილაუთენია, უნდა ეწვიოთ სოფელს,- რომელსაც ჯუმი ჰქვია (ადრე კოლხიდა) ერქვა. სოფელი გონიერია მაშინ, როცა ერთმუშტად არის შეკრული და ერთმანეთის სიხარულის და გაჭირვების გაზიარება შეუძლიათ. აი, სწორედ ისე, როგორც ეს სოფელ ჯუმში, ხდება. სოფელში ჩასულებს, დიდი პატივისცემით შეგვხვდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში ჯამბულ ჯიქია.
ჯამბულ ჯიქია:- “მე გახლავართ ჯამბულ ჯიქია, სოფელ ჯუმში (კოლხიდაში) დაბადებული და გაზრდილი. პროფესიით ვარ ექიმ – სტომატოლოგი. მიმუშავია წლების მანძილზე ამ სფეროში, მაგრამ 2014 წლიდან, ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში დავინიშნე სპეციალისტად. 2022 წელს კი, დავინიშნე ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლად. რადგანაც მე ამ სოფელში დაბადებული და გაზრდილი ვარ, ვიცნობ მის თითოეულ მაცხოვრებელს. ვიცი, მათი პრობლემებისა და სიხარულის შესახებ. ვცდილობ, გვერდით დავუდგე მათ, რომ სოფელში ცხოვრება სასიამოვნო იყოს.
-სტატისტიკა აჩვენებს, რომ ახალგაზრდები სოფლიდან მიდიან, ხომ შეიძლებოდა თქვენც სხვაგან გეპოვათ თქვენი ადგილი?
-როგორც გითხარით, მე აქ დავიბადე, აქ გავიზარდე და ვალდებულად ვთვლი ჩემს თავს, ახლა მე უნდა ვიზრუნო ჩემი სოფლის მომავლისთვის, რომ მომავალ თაობას აქვე, ამ სოფელში შეექმნას ისეთი პირობები, რომ მათ სურვილი არ გაუჩნდეთ დატოვონ აქაურობა. ეს რა თქმა უნდა, ერთბაშად ვერ მოხდება, მაგრამ ყველა საჯარო მოხელის და სოფლის მაცხოვრებლის სახელმწიფოებრივი ხედვა უნდა იყოს სწორედ ეს – ზრუნვა სოფლის მომავალზე მომავალ თაობებთან ერთად.
-როგორ იწყება თქვენი დილა?
-ჩემი დილა იწყება ჩემი ოჯახით. შემდეგ კი მივდივარ სამსახურში, ვხვდები მოსახლეობას. ვისმენ მათ პრობლემას და მათთან ერთად ვგეგმავ, თუ როგორ და რა გზით შეიძლება მოვაგვაროთ ეს პრობლემები.
–როგორი უნდა იყოს სოფლის ხელმძღვანელი?
-სოფლის ხელმძღვანელს, უპირველესად, უნდა უყვარდეს თავისი სოფელი, თავისი ხალხი და უნდა შეეძლოს მათი მოსმენა. მე ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება შევიტანო მცირეოდენი წვლილი ჩემი სოფლის განვითარებასა და გაძლიერებაში. ვფიქრობ, ვარ ჩემი თანასოფლელებისთვის საიმედო და გვერდში მდგომი ხელმძღვანელი.
-მითხარით, ბოლო დროს, სოფელში, რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა?
-ჩემი და ყოფილი სოფლის გამგებლის ზურა ფაჟავას ინიციატივით, სოფელში 50 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშო ბაღი აშენდა. დაგეგმილია ახალი ამბულატორიის მშენებლობა, ასევე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად, ვგეგმავთ შიდა გზების ასფალტირებას და ბეტონის საფარის დაგებას.
–ბატონო ჯამბულ, არის რაღაცა რაზეც გული გწყდებათ და ნანობთ?
-რა თქმა უნდა, არის მაგრამ არ დავკონკრეტდები.
-რას ვერ აპატიებთ ადამიანს?
-ჩემი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრის გაგება შემიძლია, ღალატის და ტყუილის პატიება ნამდვილად არ შემიძლია.
-მოგვიყევით ოჯახზე...
-მყავს მშობლები: მამა ჯუმბერ ჯიქია გახლავთ, დედა ტანია კაკულიაა. ორივე სოფლის მშრომელები იყვნენ. მყავს მეუღლე ქეთევან ოთხოზორია, პროფესიით არის საერთაშორისო ურთიერთობების დიპლომატიის სპეციალისტი. ამჟამად მუშაობს ჯუმის საბავშვო ბაღში აღმზრდელ – პედაგოგად. შვილები: უფროსი ქეთა, 13 წლისაა, უმცროსი, ნია 9 წლის. სწავლობენ N1 საჯარო სკოლაში. მყავს და ხათუნა ჯიქია, რომელიც ჯუმის საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებელია. დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და შვილები.
-რას უსურვებთ ზუგდიდელებს?
-ზუგდიდელებს ვუსურვებ მშვიდობას და ერთიანობას.
მასალა მოამზადა როზა როგავამ