ხმაურიანი აქცია გაერთიანებული ოპოზიციის ოფისთან


დღეს, გაერთიანებული ოპოზიციის შტაბთან, საპროტესტო აქცია გაიმართა. შტაბთან შეიკრიბნენ ახლადშექმნილი ონლაინმედია “მეველეს”ჟურნალისტები და მათი მხარდამჭერები. მათ ცენტრალური ხეივნიდან შტაბამდე, ფეხით მსვლელობა გამართეს. 

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აპროტესტებდნენ წუხელ ღამით მომხდარ ინციდენტს, როცა მათ ოპოზიციამ სიტყვის თავისუფლება შეუზღუდა და არ მისცა მუშაობის საშუალება. აქციის მონაწილეებმა, ასევე, გააპროტესტეს “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის ცხრა წელი. მათ პლაკატები ეჭირათ ხელში შემდეგი წარწერებით: “არა ნაცებს”, “ჩვენ გვაქვს კითხვები”.

აქციის მონაწილეები მივიდნენ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბთან. შტაბის ხელმძღვანელს ანა წითლიძესა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ანა წითლიძე დაინტერესდა აქციის მონაწილეთა ვინაობით. “გვითხარით თქვენი სახელი და გვარი და სად მუშაობთ. თქვნ ხართ “ოცნების” აქტივისტები და ზონდერები”, – მიმართა ანა წითლიძემ აქციის მონაწილეებს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

“ზუგდიდლებმა იციან თქვენი წარსული. რატომ უნდა გიპასუხოთ. არ მიცნობ ხომ? სად ნახე შენ ჩემი “ზონდერობა”,-უთხრა წითლიძეს აქციის მონაწილემ ალექსანდრე მოლაშხიამ.

აქციაზე იმყოფებოდა ნიკა მაქაცარია, რომელმაც დაადასტურა, რომ ის ერთ-ერთი ააიპის თანამშრომელია. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ეს იყო მშვიდობიანი აქცია და მათ ჰქონდათ კითხვები გაერთიანებულ ოპოზიციასთან.

თავის მხრივ, გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ აქციის მონაწილეები არიან “ქართული ოცნების” აქტივისტები და ზონდერები. მისი თქმით, ისინი ასრულებენ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას დავალებას.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა აქციის მონაწილეები ტაშით გააცილეს.

აქციაზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. აქცია ამ წუთებში დასრულებულია.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!