იმდენი თქვენ… “გიცხონდათ მამა“!


“ვისაც აინტერესებს, საკრებულოს სხდომები არის ღია”,- განაცხადა  პასუხად ზუგდიდის საკრებულოს ,,ნაციონალმა” წევრმა ანა წითლიძემ, როცა მისმა კოლეგამ „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან,” თენგიზ ხარჩილავამ, დეპუტატებს შესთავაზა – საზოგადოებისათვის, პერიოდულად,  მიეწოდებინათ საკრებულოს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები და გადაწყვეტილებები რომელიმე ადგილობრივი ბეჭდვითი  მედიის საშუალებით, რადგან ზუგდიდელებმა უნდა იცოდნენ, თუ რას აკეთებენ მათ მიერ არჩეული დეპუტატები მათთვისო.

ხარჩილავას წინადადებას წითლიძის მიყოლებით საკრებულოს სხვა ,,ნაციონალი” დეპუტატებიც შეეპასუხნენ და რატომღაც  (რატომ, ნეტავ?) იერიში  გაზეთ ,,ზუგდიდზე” მიიტანეს. ,,ზუგდიდს” არავინ კითხულობსო,- ბათუკა შელიამ. მარტო ზუგდიდელების 5 პროცენტი (შენს პირს შაქარი,- ზუგდიდის 105 040-მდე მოსახლის 5 პროცენტი?!) კითხულობსო ,-  დააზუსტა ანა წითლიძემ,  „ზუგდიდის“ დაფინანსებას და მერე „ზუგდიდის“ მხრიდან მაამებლური განცხადებების გაკეთებას ხელისუფლებისთვის,  ჯობია იყოს სადაც არის ეხლა.“-ო, მაგი (,,ზუგდიდი”) არის ,,მებრძოლი”  და დარჩა ,,მებრძოლადო”-ბრძანა  ისევ ბათუკა შელიამ (,,მაგი”ეტყობა, მკითხველთა  5 პროცენტშია!). არასდროს არ დაგვიფინანსებია და არც დავუჭერ მხარს ამისთვის ფულის გამოყოფასო(!),- განაცხადა წინა მოწვევის საკრებულოს ექსთავმჯდომარემ ლევან კონჯარიამ. უხერხულობაში ჩავარდნილმა თენგიზ ხარჩილავამ უკან არ დაიხია –   კარგია საკრებულოს საქმიანობიდან მთელი რიგი საინტერესო საკითხების გამოქვეყნება, საზოგადოება ინტერნეტიდან ვერ ეცნობა ყველაფერს, ვერ იქექება, ვერ პოულობს საკითხებსო და იქნებ, რამე სახით დავბეჭდოთ, მივაწოდოთ ხალხს ინფორმაციაო.  თუ საინტერესოა, დაბეჭდოს იმ მამაცხონებულმაო – კონჯარიამ. ვის გულისხმობთ, ვისო,- ხარჩილავამ. ვის და ნანისო  (ანუ მე, გაზეთის რედაქტორს – ნანი მოსიძეს). რისთვის უნდა ამის დაბეჭდვას ფულიო ,- დააკონკრეტა ბათუკა შელიამ, – აიღოს და დაბეჭდოსო. საუბარში საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია ჩაერთო, – იქნებ უფასო ბიულეტენების სახით გამოვცეთ და ხალხს მივაწოდოთ ინფორმაციაო. მაშინ რას იტყვის ,,ლაივპრესი” და სხვა გამოცემებიო – არ დაუთმო შელიამ. ვიფიქროთ ამაზეო, ხალხს სჭირდებაო, აინტერესებსო,- ლამის ყელი გამოიწია თენგიზ ხარჩილავამ, –  ,,ზუგდიდზე” არ მაქვს საუბარი, ზოგადად ვამბობო, მაგრამ  ,,ნაციონალების” ერთ -ერთ ლიდერს, ანა წითლიძეს, მაინც მიაჩნია, რომ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნებულ ზუგდიდის საკრებულოს ნორმატიულ აქტებსა და გადაწყვეტილებებს, ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებს, რადგან ,,კანონმდებლობა ითხოვს” ასე, ინტერნეტით  უკეთესად წაიკითხავენ მისი  მეზობლები, სამეგობრო და ამომრჩეველი, ან ეს უკანასკნელი თუ უფრო დაინტერესდება საკრებულოს მიერ განსახილველი, ან განხილული საკითხებით, ,,საკრებულოს სხდომა არის ღია” და შეუძლიათ მობრძანდნენო. ასე ფიქრობს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორანტი, საკრებულოს წევრი ანა წითლიძე და იმედია, მან კარგად იცის,ზუგდიდელი საზოგადოების  დამოკიდებულება საკრებულოს სხდომების საჯაროობასა და ინტერნეტწვდომაზე.  ერთისიტყვით, ქალაქის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, სხდომაზე,  იმის გარკვევაში, გადაიხადონ თუ არა, ხალხის ფული, ხალხისთვის იმ ნორმატიული აქტების მიწოდებაში, რომლის მისაღებად,  შესასრულებლად და ანგარიშის ჩასაბარებლად არიან დაქირავებული,  კიდეც “უჭირისუფლეს” დ აკიდეც ,,დაასაფლავეს” ერთადერთი ადგილობრივი გაზეთი ,,ზუგდიდი” სრულიად უბრალოდ და უმიზეზოდ. სხვათაშორის, სწორედ ჩვენი ოპონენტების, ,,ნაციონალების” მმართველობის პერიოდში დაიწყო კვდომა ადგილობრივმა გაზეთებმა ზუგდიდში და სრულიად საქართველოში. სწორედ მათი მმართველობის პერიოდში უმალავდნენ მოსახლეობას საკრებულოს სხდომის ჩატარების  თარიღს და დროს, სწორედ მათი მმართველობის პერიოდში ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებს კი არა, საკუთარი ქუჩის შეცვლილ სახელს თვეობით ვერ იგებდნენ ზუგდიდელები.   სწორედ მათი მმართველობის პერიოდში არც ის იცოდნენ ზუგდიდელებმა,  ვინ იყო ზუგდიდიდს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, სწორედ, მათი მმართველობის პერიოდში ადგილობრივი  მედიის განვითარებისათვის ბიუჯეტში გამოყოფილი  თანხები გაუხარჯავი რჩებოდა, ტენდერი რომ გამოვაცხადოთ  საინფორმაციო უზრუნველყოფაზე, ვაითუ, ვინმე ,,იმისთანა” მედიაჯგუფმა მოიგოსო, უარეს შემთხვევაში, არამიზნობრივად იხარჯებოდა.  ვინ იყო ვინ ვინ და, ანა წითლიძემ უნდა იცოდეს, რა აქტივობის სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს საქართველოს და ზუგდიდს, რომ ისინი, საკრებულოს სხდომებზე, კარგა 10 წლის შემდეგაც არ ივლიან თავიანთი სურვილით, თუ მიზანმიმართულად არ მოიწვევენ იმის გასარკვევად, აბა, ერთი ვნახოთ, რას აკეთებენ მანდ ჩვენი  არჩეულებიო. სწორედ ქალბატონი ანა წითლიძე უნდა იბრძოდეს კანონმდებლობით დაშვებულ იმ სიმახინჯეზე, როგორიცაა ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” სრულიად საქართველოს მუნიციპალიტეტების ნორმატიული დოკუმენტების ატვირთვის აუცილებლობა და ამისთვის ბიუჯეტიდან, ხარკის სახით, რამდენიმე ათასი ლარის გადახდა. როგორც ბათუკა შელიამ შეუძახა ,,ზუგდიდს” და მის რედაქტორს – დაბეჭდოს თუ საინტერესოა, რისთვის უნდა ამას  ფულიო, დეპუტატებმა სწორედ ასე უნდა შეუძახონ  ცენტრის კანონმდებლებს ,,მაცნესთვის” პრიორიტეტის მინიჭების გამო,- დაბეჭდონ  თუ აინტერესებთ და თუ ხალხისთვის უნდათ, თუ არადა, ჩვენ ჩვენი ხალხისთვის ადგილზე დავბეჭდავთ და იმაში გადავიხდით, ხალხიც გაიგებს და მედიაც გაძლიერდებათქო. ხმას ვერ მიაწვდენთ, თუ რა? მაგრამ თქვენ ადგილობრივი მედია არ გაინტერესებთ, მით უფრო ბეჭდვითი! ერთი რომ დავაფინანსოთ, რას იტყვის ,,ლაივპრესი” და კიდევ სხვებიო, – იკითხა შელიამ,- რომლებიც ისე (უფულოდ) აშუქებენ საკრებულოს ამბებსო. არაფერს არ იტყვიან, ბატონო დეპუტატო, კონკრეტულად ,,ლაივპრესი” არაერთი  ფონდის მიერ  დაფინანსებული წარმატებული პროექტია, რომლის პრიორიტეტული საგანი სწორედ ადგილობივი თვითმმართველობის მუშაობის დროულად და ოპერატიულად  გაშუქებაა და ახერხებს კიდეც. აქვე უნდა განვმარტო – საკრებულოს ,,საქმიანობის გაშუქება“ სხვაა და ნორმატიული აქტების გამოქვეყნება სხვა. ან ,,ლაივპრესს” ვინ უკრძალავს გგონიათ ნორმატიულიაქტების გამოქვეყნებას, თუ მასთან ოფიციალურად გააფორმებთ ხელშეკრულებას. ეჭვი არ შეგეპაროთ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე” უკეთესად სწორედ ,,ლაივპრესში” ჩაიხედავენ ზუგდიდელები. ამ საქმისათვის ჩვენი ვებგვერდიც გეყოფათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს-ესაა ფეხს იდგამს თუ მაინც და მაინც ინტერნეტგამოცემაში გინდათ დოკუმენტები გამოაქვეყნოთ.

,,იგი ,,მებრძოლი” იყო და ,,მებრძოლად” დარჩა”. – ეს ფრაზა, ბატონო დეპუტატო ბათუკა შელია, რბილად რომ ვთქვათ, ზეწოლაა მედიაზე, მაგრამ ამჯერად, ამ კუთხით ნუ განვიხილავთ. უბრალოდ, ეს ფრაზა უპატივისცემლობაა ჩვენი ქალაქის წარსულის,  რომლის განუყოფელი ნაწილია გაზეთი ,,მებრძოლი” თავისი ტრადიციებით, ურთიერთობებით, კრიტიკული და თუნდაც ,,მაამებლური” წერილების კლასიკური ნიმუშებით და ხაზგასმით აღვნიშნავ, იმ კვალიფიციური ჟურნალისტებით, რომლებიც საქართველოს ყველა კუთხეში დღესაც ითვლებიან  რეგიონული მედიის კორიფეებად. სწორედ ,,მებრძოლის” გვერდებზე ისწავლა, ასე ვთქვათ, ,,წერა-კითხვა” ჩვენმა უფროსმა თაობამ არა მარტო ზუგდიდში,  და დარწმუნებული ვარ, მათ შორის იქნებოდნენ თქვენი ღრმად პატივცემული მშობლები და სავარაუდოდ, თქვენი ასაკიდან გამომდინარე, ალბათ თქვენც. მაგრამ, თქვენი და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ერთი ნაწილის ბეჭდვითი მედიისადმი ასეთი ,,აგდებული” დამოკიდებულება, ,,გაზეთს არავინ არ კითხულობს,”    სათავეს  იღებს ბატონი მიხეილ სააკაშვილის ცნობილი ფრაზიდან ,,მე არ ვკითხულობ გაზეთს”  და თქვენ, უბრალოდ, ბევრი თქვენი კოლეგის მსგავსად, ძალიან მახინჯი, გაურანდავი ფორმით ბაძავთ მას და ასე მიამიტად იმიტომ შემოგელანძღათ ჩვენი ქალაქის ისტორია და მისი აწმყო. თუმცა რატომ მიამიტურად, იქნებ შეგნებულადაც, რადგან საკრებულოს ამ  სხდომაზევე, თქვენმა კოლეგამ, თქვენივე პარტიიდან, ქალბატონმა ანა წითლიძემ ,,სახამუშო” ფრაზა წარმოთქვა ,,საზოგადოება ,,ზუგდიდელისადმი”, როცა საკითხი მათი ნაშრომის წილობრივ დაფინანსებას ეხებოდა,- „ზუგდიდელების“ წევრების ობიექტურობა ყველამ იცის და „საინტერესოა, როგორ იქნება ასახული ამ წიგნში ზუგდიდის წარსული და აწმყო“-ო. ბრავო! ეს უკვე თაობათა ბრძოლაა, ბრავო! ისევ ,,ჩარეცხილები?!”

 მიუხედავად ყველაფრისა,  ბატონო ბათუკა, იმედიანად ვარ,-ზუგდიდელების  5 პროცენტში მეგულებით… დრო და დრო თვალი გადაავლეთ ,,მებრძოლად” დარჩენილ ,,ზუგდიდს”, რომელსაც ძველი ,,მებრძოლისაგან” სულ ცოტა 4-5 თაობა აშორებს, აქვს განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკა და ჟურნალისტური ეთიკა. რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უჭირს, პატარა მედიაჰოლდინგადაა ჩამოყალიბებული, საკმაოდ პოპულარულ ჟურნალ ,,ზუგდიდელებსაც” გამოსცემს (მერე რაა, რომ დროდადრო სტამბის ვალები აქვს?) ინტერნეტსივრცეშიც  www.zugdidelebi.ge სახელით  მიიწევს წინ და  საერთაშორისო ორგანიზაციები და მედიაკოლეგები შეხვედრებზე, კონფერეციებზე, არაკივით  ყვებიან, როგორ იბრძვის მისი უქონელი კოლექტივი, იყოს მიუკერძოებელი მედიაჯგუფი, რომელიც რევოლუციისა თუ არჩევნების წინ, არცერთი ფონდისგან არ დაფინანსებულა, მიუხედავად პრობლემებისა, არც „მხარე“ გამხდარა, პერიოდულად, თქვენდაგასაკვირად, უფასოდაც  აშუქებს ზუგდიდის ორივე საკრებულოსა და ორივე ხელისუფლის საქმიანობას,  გამოირჩევა თავისუფლების ხარისხით და სანდოობით. …და მაინც გგონიათ,  არ გვენდობიან და არ გვკითხულობენ? გასაკვირია, ,,ნაკომკავშირალ”, ,,ნამოქალაქარ”, ,,ნამემარჯვენალ” ,,ნაციონალებს” გენდნენ ზუგდიდელები და ჩვენ რა შეგვეშალა, ,,ნამებრძოლარები” რომ ვართ? თუ ,,ზუგდიდს” სხდომაზე, მხოლოდ იმიტომ ,,გაუტყლაშუნეთ”, რომ ოპოზიციონერები ხართ და თქვენი როლი ასე უნდა შეასრულოთ?  იმდენი თქვენ  “გიცხონდათ მამა“,  ის გაწუხებდეთ, ბიუჯეტის ფული არამიზნობრივად არ გაიხარჯოს, ან საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტები ზუგდიდელებს არ გამოეპაროთ. თქვენ მხოლოდ ის გაინტერესებთ, თქვენი ყაყანი საკრებულოში თბილისმა გაიგოს და რამენაირად პოლიტიკაში სავარძლები მყარად მოირგოთ. და კიდევ ბევრი რამ, რომლის უთქმელობაც ამ ეტაპზე უკეთესია…

გმადლობთ,

თითოეული თქვენგანის აზრისადმი ღრმა პატივისცემით

ნანი მოსიძე,

შპს. ,,გაზეთ ,,ზუგდიდის“ რედაქციის“ რედაქტორი


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!