რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“, მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან, ევროკავშირის მხარდაჭერით, ახორციელებს ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც მოიცავს სამეგრელო-ზემო სვანეთის ათივე მუნიციპალიტეტს.
პროგრამის სერვისებია: დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაც გულისხმობს, სტაჟირებას, ტრენინგებს, ხელობის დაუფლებას. თვითდასაქმებას, მცირე ბიზნესის წამოწყების ხელშეწყობას, სოციალურ საწარმოში დასაქმებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას და იურიდიულ დახმარებას. პროექტის ფარგლებში, ჩატარებულ აქტივობებზე, განხორციელებულ და განსახორციელებელ საქმიანობებზე, „ზუგდიდელებთან“ საუბრობს „თანაზიარის“ ხელმძღვანელი ხათუნა ბეჭვაია.
“-პროექტი დაიწყო მიმდინარე წლის თებერვლის თვეში და გაგრძელდება 2019 წლის ბოლომდე. „თანაზიარი“ მსგავსი სახის პროექტს ახორციელებდა ბოლო სამი წლის განმავლობაში. პროექტი იყო ძალიან წარმატებული იმით, რომ ძალიან ბევრ ადამიანს მივეცით შესაძლებლობა, დასაქმებულიყო, ახალი პროფესიები მიეღო. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა სამედიცინო გამოკვლევა ჩაეტარებინათ და წამლებით ყოფილიყვნენ უზრუნველყოფილი.
პროექტის ფარგლებში, 15-მდე ადამიანს ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევა, 8 ადამიანს გავუკეთეთ წამლებით უზრუნველყოფა, 3-მა ადამიანმა ფსიქოლოგიური კონსულტაცია გაიარა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იმით, რომ ადამიანებისთვის, ვინც საპყრობილეში იყო, არ ნიშნავს, რომ დამთავრდა ცხოვრება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ჩვენგან გარიყულები უნდა იყვნენ, პირიქით, ეს ადამიანები ჩვენს გვერდით და ჩვენთან ერთად უნდა იყვნენ. ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა უნდა მივცეთ მათ. რისთვისაც ფინანსური შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. სწორედ ეს პროექტი ითვალისწინებს მათ რესოლიზაციას, რეინტეგრაციას საზოგადოებაში.
-ქალბატონო ხათუნა, პროექტის ფარგლებში, რამდენმა ბენეფიციარმა მოგმართათ?
– ორგანიზაციაში 100-მდე ბენეფიციარი უკვე მოსულია. ყოფილი პრობაციონერი, პატიმარი და მათი ოჯახის წევრი. ამ ადამიანებისთვის ჩვენი კარი მუდამ ღიაა. ცენტრში არიან სოც. მუშაკები, რომლებიც ეხმარებიან, რომ მათი თვითშეფასება ამაღლდეს, დარწმუნდნენ იმაში, რომ ეს არ არის მხოლოდ პროექტი პროექტისთვის. პროექტი ითვალისწინებს მათ სამედიცინო გამოკვლევას და წამლებით უზრუნველყოფას, ახალი პროფესიების მიცემას, არის ფასიანი სტაჟირება დასაქმების პერსპექტივით. ეს არის ახალი იდეების დაფინანსება. როცა ადამიანს აქვს სურვილი, მოტივაცია, თავისი იდეა განახორციელოს, ჩვენ ვაძლევთ ამის შესაძლებლობას, თუმცა, არ მინდა მოლოდინი ჰქონდეთ, რომ ათასობით, ათიათასობით თანხაზეა საუბარი. აქ საუბარია მცირე თანხებზე, როცა ადამიანს პატარა რაღაცით შეუძლია დაიწყოს და შემდგომ, ეტაპობრივად, გააძლიეროს თავისი საქმიანობა.
ჩვენ უკვე გვქონდა ტრენინგები, მოვიწვიეთ ექსპერტი, ვისაც აქვს გამოცდილება ამ კატეგორიის ადამიანებთან მუშაობის. ტრენინგის შემდეგ შედგენილი იქნა ბიზნეს გეგმა, 16 იდეა დაფინანსდა და იდეის ავტორებს მიეცათ შანსი, დასაქმდნენ. ამ ეტაპზე გადამზადებისთვის განცხადება შემოიტანა 15 ადამიანმა და 15-ივე იქნება გადამზადებული. მონაცემთა ბაზაში ამ დროისათვის 110 ადამიანი ირიცხება.
-პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ საქმეებზეც გვითხარით…
– პროექტის ფარგლებში, ივლისის თვეში, სამეგრელოში, შეიქმნება სოციალური საწარმო. დასაქმებულების 80% იქნება ყოფილი პატიმარი, მისი ოჯახის წევრები და პრობაციონერები. ამ ადამიანებს ნდობას ვუცხადებთ იმისათვის, რომ იგრძნონ პასუხისმგებლობა, დაიწყონ საქმე და დასაქმდნენ. სოციალურ საწარმოში იმუშავებენ სხვადასხვა პროფილის ხელოსნები. ადამიანები, რომლებსაც აქვთ გარკვეული გამოცდილება. თვითმმართველობა გამოგვიყოფს ფართს, გარკვეულ ადგილს, საუბარია ერთ ოთახზე, სადაც ხელოსნები შეიკრიბებიან. პროექტის ფარგლებში, შეძენილი იქნება ყველა საჭირო ტექნიკა, ინვენტარი, რომელიც სჭირდება ხელოსნებს იმისთვის, რომ ჯგუფი გავიდეს სამუშაოდ. ამის გარდა, იგეგმება რამდენიმე სოციალური საწარმოს გახსნა სამეგრელოში, იმის მიხედვით, თუ რა სურვილი ექნება ადგილობრივ საზოგადოებას და რაც ყველაზე მთავარია, სურვილი უნდა ჰქონდეთ უკვე აღნიშნული კატეგორიის ადამიანებს, რომ დასაქმდნენ.
– საწარმოში დასაქმებული ბენეფიციარები ვის მოემსახურებიან?
– ჩვენი ხელოსნები, უსასყიდლოთ მოემსახურებიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებს. ბაღებში თუ რაღაცა გაფუჭდა, ან შეკეთებას საჭიროებს, ისინი მოაწესრიგებენ და პრობლემაზე სწრაფ რეაგირებას მოახდენენ. რაც შეეხება მათ ხელფასებს, ხელფასები ჩვენს მიერ იქნება პროგრამულად გადახდილი. ვფიქრობთ, მოგვიანებით, ხელოსნები კერძო შეკვეთებსაც მიიღებენ. ყველაფერი გამჭირვალედ და კანონის სრული დაცვით მოხდება. ეს იქნება ურთიერთთანამშრომლობა არასამათავრობო სექტორსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის.
– მოგვიყევით რა სახის პროექტები დააფინანსეთ?
-პროექტის ფარგლებში, დაფინანსდა ხელოსნების ჯგუფი, ჩვენს მიერ შეძენილ იქნა სამუშაო აპარატი, კონკრეტულად, ბენეფიციარებისთვის შევიძინეთ საკერავი მანქანა და სხვა საჭირო ინვენტარი. მოქალაქის სურვილი იყო ჰქონოდა მეფრინველეობის მინი ფაბრიკა და მის შეძენაში შევუწყვეთ ხელი. გვყავდა ისეთი ბენეფიციარი, რომელსაც ჰქონდა მეფუტკრეობა, მაგრამ არ ჰქონდა თაფლის საწური აპარატი და ჩვენს მიერ იქნა შეძენილი. იყო ადამიანი, ვისაც ყავდა მინი ტრაქტორი, მაგრამ გუთნის საყიდი ფული არ ჰქონდა. პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარები დაფინანსდნენ მარტვილიდან, წალენჯიხიდან, უმეტესობა ჩვენი თემიდან არის დაფინანსებული. ამ ეტაპზე დაფინანსებული გვყავს ოთხი ქალბატონი. ვცდილობთ, პროექტის ფარგლებში, დავაფინანსოთ ის იდეები, რომელიც არის ინოვაციური. დავაფინანსოთ ისეთი ადამიანები, რომელსაც უნდათ რესოლიზაცია და გრძნობენ პასუხისმგებლობას დონორი ორგანიზაციის წინაშე. პროექტის დაფინანსებამდე ვახორციელებთ მონიტორინგს. მონიტორინგის მიზანი ის გახლავთ, რომ რაც ხარვეზები აქვთ მუშაობის პერიოდში, ან პრობლემის შექმნის შემთხვევაში, გამოვუსწოროთ. ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი დონორი ორგანიზაციის წინაშე. ჩვენ გვინდა პასუხისმგებლობა იგრძნოს ბენეფიციარმა როგორც ორგანიზაციის, ასევე დონორის წინაშე, რადგან ეს არ არის წყალში გადასაყრელი ფული. პროგრამა, რომელიც ევროკავშირის მხადაჭერით ხორციელდება, კარგად უნდა გამოვიყენოთ, რომ მოგვცეს შესაძლებლობა სხვა დონორები მოვიზიდოთ და დონორსაც ვუჩვენოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში, თითოეული თეთრი, რომელიც იხარჯება, არის გამჭირვალე და ვაძლევთ ისეთ ადამიანებს, ვისაც აქვს მოტივაცია და ახალი ცხოვრების დაწყების სურვილი.
-ქალბატონო ხათუნა, ბენეფიციარები კიდევ რა პრობლემებით მოგმართავენ?
– 30-მდე ადამიანმა მოგვმართა, რომელსაც უნდა სამართლებრივი დახმარება. ისინი სხვადასხვა პრობლემით მოგვმართავენ. პატიმრის ოჯახის წევრებმა შეწყალების დოკუმენტაციის მომზადება გვთხოვეს. ზოგს აქვს რაღაც შეზღუდვები და უნდათ, რომ ეს შეზღუდვები მოეხსნათ. ზოგს მართვის მოწმობაზე აქვს შეზღუდვა, მემკვიდრეობასთან და ოჯახის გაყოფასთან დაკავშირებით. პროექტის ფარგლებში, აყვანილი გვყავს იურისტთა ჯგუფი, რომლებიც დოკუმენტაციას ამზადებენ, საბოლოოდ, რამდენს დაუდგება დადებითი გადაწყვეტილება, მოგვიანებით იქნება ცნობილი. საპყრობილედან მოგვმართა ერთმა ბენეფიციარმა, რომელსაც ხობში მამა ჰყავდა მძიმე მდგომარეობაში, ფინანსურად ძალიან უჭირდა და ითხოვდა ჩვენგან დახმარებას. პირველ რიგში, შევისწავლეთ ოჯახური მდგომარეობა და ჩავედით ადგილზე. დაველაპარაკეთ მეზობლებს და თვითონ ამ პიროვნებას. გვაინტერესებდა მისგან მოგვესმინა პრობლემები. მან გვითხრა, მისთვის სასიცოცხლოდ რა იყო მნიშვნელოვანი. ის ითხოვდა საკვებს და მედიკამენტებს. ჩვენ მას 250 ლარის პროდუქტი, საჭირო მედიკამენტები და პირველადი მოხმარების ნივთები მივუტანეთ. ამის გარდა, ჩვენ ხობის თვითმმართველბა დავაინტერესეთ, რომ ბენეფიციარისთვის ერთჯერადი დახმხარება გაეწია, დავაინტერესეთ სოციალური სააგენტო ამ ოჯახით, რომ მისთვის კიდევ ერთხელ განაცხადის შევსების შესაძლებლობა მიეცა. მსგავსი სახის აქტივობები პროექტში არ გვიწერია, მაგრამ როცა გადაუდებელი აუცილებლობაა, ჩვენ, შეძლებისდაგვარად, ვცდილობთ პრობლემის მოგვარებას. ჩვენ არ გვაქვს იმის ამბიცია, რომ ყველა ყოფილ პატიმარს, რომელიც ჩვენ მოგვმართავს, ყველა პრობლემა გადაეიჭრება, ყველას ბიზნესი იქნება დაფინანსებული, მაგრამ ჩვენ შევძლებთ და ხელს შევუწყობთ ადამიანებს გარკვეული პრობლემების მოგვარებაში.
საუბარი ჩაიწერა ეკა ფარულავამ