ციალა ჩხეტია: თუ არ შევიკვრებით, ვითარც ისრების კონა, მტერი დაგვჯაბნის…


  • “ხელოვნება უკვდავია, მე ამ ხელოვნებას უფალმა მაზიარა”, – აღნიშნავს პოეტი ციალა ჩხეტია “ზუგდიდელებთან“ საუბარში. მის ერთ კრებულს ასეთი წინასიტყვაობა აქვს: „ქალბატონ ციალას მიერ გამოცემულმა ლექსთა კრებულმა იხილა დღის სინათლე. მან ამჟამადაც თქვა თავისი ჯადოსნური სიტყვა პოეტურ სამყაროში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქალბატონი ციალა დაჯილდოებულია უშრეტი შემოქმედებითი ნიჭით, მისი თითოეული ლექსიდან წყაროს წყალივით მოედინება მებრძოლი სულისკვეთება, მის მიერ გადმოცემული სტრიქონები მისი სულის ამოძახილია, რომელიც იბადება უფლისგან ნაბოძები მუზით. იგი ეფერება ყოველ ბწკარს და თავის ჩანაფიქრს – გულისტკივილსა თუ სიხარულს ანდობს ქაღალდის ფურცლებს, რაც გულწრფელად და დიდი სიფრთხილით მიაქვს მკითხველამდე, ამიტომაცაა განსხვავებული და გამორჩეული.

პოეტი მხატვრული ხერხით ამბობს მთავარ სათქმელს, სადაც იგრძნობა მკითხველის მიმართ მოწიწება და უანგარო სიყვარული. ის თავისი ცხოვრების დიდ დროს შემოქმედებას უთმობს და მოთმინებით ელოდება ყოველ მორიგ წიგნს, რითაც ცდილობს მოგვეფეროს, მოგვესათუთოს. ქალბატონი ციალა ყველა კრებულში აღნიშნავს სამშობლოს სიყვარულზე, წუხს თავის ოდაბადეზე, სამურზაყანოზე, ჯერ კიდევ ვერ ეგუება მის გარეშე ცხოვრებას, ადარდებს თანამოძმეების ბედი, უნდა ქვეყანაში მშვიდობა სუფევდეს, ამიტომაც, ერთმანეთის თანადგომისაკენ მოგვიწოდებს. ქალბატონ ციალას სახით, ქართულ ხელოვნებას, ჰყავს უპრეტენზიო, ნიჭიერი და ღვთისმოშიში ადამიანი“.

– ქალბატონო ციალა, თქვენი ბიოგრაფია სამურზაყანოდან იწყება…

 – დიახ, დავიბადე აფხაზეთში, ქ.გალში. გარკვეული დროის შემდეგ, საცხოვრებლად გადავედი ქ. ოჩამჩირეში. ვცხოვრობდით კომკავშირის ქუჩაზე. დავამთავრე ოჩამჩირის იაკობ გოგებაშვილის სახელობის საშუალო სკოლა, შემდეგ, დავეუფლე ბუღალტრის სპეციალობას, მაგრამ არ მიმუშავია ამ პროფესიით. 1961 წელიდან, ჩემი მეორე მშობლიური ქალაქი გახდა ზუგდიდი. შემიყვარდა ძალიან ქალაქიც და ზუგდიდელებიც, მაგრამ ძალიან მტკივა აფხაზეთზე ფიქრი, სადაც ავიდგი ფეხი და რომელიც მხოლოდ მოგონებად შემრჩა.

 – წერა როდის დაიწყეთ?

– წერა, ჩემდა გასაოცრად, დამაწყებინეს ზეციურმა ძალებმა და ეს არის ჩემთვის დიდი საჩუქარი ღვთისგან. ჩემი სულის წყარო, სულის დამპურებელი, ჩემი სიცოცხლის გაგრძელება. ეს მოხდა ჩემი მეუღლის ჟოდიკო (ამირან) ჭკადუას გარდაცვალების შემდეგ. ჟოდიკო, 1985 წელს, სვანეთის გზატკეცილზე, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, ტრაგიკულად დაიღუპა. უფალი დამეხმარა გადამელახა ეს ტრაგედია. რთული აღმოჩნდა უძილო ღამეები, სულიერი ტკივილი… ერთხელაც, დილის 5 საათზე, ჩემდა მოულოდნელად, მომევლინა მუზა, რომელსაც ვეკითხები: “-რად დამტოვე უაზროდ? … და უძილო ღამის შემდეგ დაიწერა ჩემი პირველი ლექსი, რომელიც მივუძღვენი ჩემს მეუღლეს. შემდეგ ასე, სულისმიერად, განცდებით იბადებოდა ჩემი დანარჩენი სტრიქონები.

მოგვიანებით… იყო კიდევ უფრო დიდი ტკივილი. 2018 წელს, ემიგრაციაში გარდაიცვალა ჩემი ქალიშვილი მარინა ჭკადუა. მარინას დარჩა ოჯახი –  მეუღლე და ორი შვილი, შვილიშვილი მარიამი. ამ დროისთვის, უკვე მზად მქონდა გამოსაცემად ჩემი სამი კრებული, მაგრამ არაფერი მინდოდა აუწონავი ტკივილის ფონზე. შემდეგ, ისევ მიემატა ტკივილიანი სტრიქონები ჩემს შემოქმედებას, ისევ პოეზია მომევლინა სულის სალბუმად და ისევ გაჩნდა სურვილი წარვმსდგარვიყავი მკითხველის წინაშე უკვე სამი კრებულით: “ფიქრების აივანი”, “სულის კიდობანი” და “ჩირაღდანი”. ვნახოთ, როგორი იქნება მკითხველის ემოცია ჩემი ცხოვრებისა და სულიდან ამოწურული სტრიქონების წაკითხვისას.

ცხოვრება გრძელდება. ჩემს ქალიშვილს, როგორც გითხარით, ორი შვილი დარჩა – გიორგი და თათია გუჯაბიძეები. გიორგი ცხოვრობს თბილისში, დაამთავრა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, მუშაობს ერთ-ერთ ტელევიზიაში ოპერატორად. რაც შეეხება ჩემს ვაჟიშვილს, მერაბს, მას მეუღლე გარდაეცვალა. ჰყავს ერთი შვილი, რომელიც ცხოვრობს ამერიკაში და არის მომღერალი. მე კი, ვცხოვრობ მათი მომლოდინე ჩვენს პატარა ქალაქში… იმედით და ვცდილობ, გავუძლო ჩემი ცხოვრების ტრაგედიებს და მარტოობას. დიდება უფალს, ვარ ოპტიმისტი და მათი სიყვარულით ვძლიერდები.

– რას იტყვით თანამედროვეთა შემოქმედებზე?

– მე ვეცნობი ავტორების შემოქმედებას. ნაცნობებისას, თუ უცნობებისას. გამსჭვალული ვარ მათდამი პატივისცემით, ნებისმიერი შემოქმედი, ჩემთვის, არის დიდად საამაყო, იმიტომ რომ ეს ადამიანები დაჯილდოებულნი არიან უფლისმიერი ნიჭით. ყველა პოეტს, თუ მწერალს გააჩნია ორიგინალური ხედვა. ყველა წერს თავისებურად და არა სტანდარტულად. მუზა არის შემოქმედის სულის წყარო. ამიტომ მე არ ვარჩევ… ყველას შემოქმედება, ჩემთვის, ძვირფასია და ყურადსაღები. ყველას ვუსურვებ შემდგომ  წარმატებას.

– რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

– სურვილები ულევი მაქვს, და არამარტო ზუგდიდელებისთვის… უპირველეს ყოვლისა, ქართველები, უნდა ვიყოთ ჭეშმარიტი მართლმადიდებლები. ჩვენი სავალი გზა ორია: – გზა ტაძრისაკენ, – მშვიდობისთვის, ქართველი ერის კარგად ყოფნისთვის სალოცავად და გზა ევროპისკენ! ვისურვებ, ურთიერთთანადგომას. აი,ეს არის სიყვარული. გვახსოვდეს, ,,სიყვარულს უშენებია”! გისურვებთ, გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრებას. სამწუხაროდ, მესმის სიტყვები: „ჩვენ“ და „თქვენ“, რაც ჩემთვის მიუღებელია. ნუ გვავიწყდება, რომ ჩვენ ერთნი ვართ, განურჩევლად ყველა, ღმერთის შვილები ვართ. ვისურვებდი, უფრო მეტ ყურადღებას ურთიერთმიმართვაში, უნდა ვიყოთ სიკეთისა და სიახლის ძიებაში. ჩვენი გაკეთებული საქმე, ჩვენი ქმედება, ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ქალაქს უნდა გამოადგეს. მინდა, უფრო მეტად დამშვენდეს ჩვენი ზუგდიდი, ბოტანიკური ბაღი, რომელიც არის ზუგდიდისთვის საამაყო. ვისურვებდი, იქ უფრო მეტი გასართობები იყოს ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. ბოლოს, მინდა დავამატო: – თუ არ შევიკვრებით, ვითარც ისრების კონა, მტერი დაგვჯაბნის, გავხვდებით მათი მონა, ღმერთმა არა ქნას, ქართველმა დაკარგოს წონა, თორემ განრისხდება ზენა და… არ აგვცდება ჯვარის წყრომა. შევუნდოთ ერთმანეთს და ვისწავლოთ მხარში დგომა!

მასალა მოამზადა როზა როგავამ

გთავაზობთ პოეტ ციალა ჩხეტიას ერთ-ერთ ლექსს.

ერთგული მატარებელი

წარსულს გამოცდა ჩემი მატარებელი,

მაგრამ პერონზე ჯერ არ ჩავდივარ,

ჯერ მხრებზე მაწევს მძიმე ხურჯინი,

ლექსებით სავსე, მძიმედ დავდივარ.

ღმერთმა ინება და მიწყალობა მის

კიბეებზე ნელა ავდივარ, ჩემი ბედის

და ჩემი სამშობლოს, მოუშუშებელ გულის დარდი ვარ.

არ ედარდებათ ზოგიერთ მავანთ…

მე, ბეწვის ხიდზე როგორ გავდივარ, იდუმალება ჩემი ხვედრია.

და არა ვიღაც მაცდურ ფანდი ვარ.

პერონს გამოცდა მატარებელი

ვერ მელევა და… ჯერ არ ჩავდივარ!


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!