- ნიკა ხუბუას ფოტოებმა სოციალურ ქსელში ჩვენი ყურადღება მიიქცია. ახალგაზრდა ფოტოგრაფი ობიექტივში ზუგდიდის ქუჩებს, ძველ ეზოებსა და სოფლის სახლებს აქცევს. მისი კადრები მშობლიური გარემოს ყოველდღიურობას, დროის კვალსა და იმ სივრცეებს ინახავს, რომლებიც ნელ-ნელა კარგავს ძველ სახეს. ნიკა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში დაიბადა. ამჟამად ემიგრაციაში ცხოვრობს, თუმცა სამშობლოში დაბრუნებისას კამერით კვლავ მშობლიური ქალაქისა და სოფლის ქუჩებს უბრუნდება.
ნიკა ხუბუა: – დავიბადე ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკში. მეოთხე კლასამდე სოფლის სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ კი სამტრედიის N11 საჯარო სკოლაში გადავედი, რომელიც წარმატებით დავამთავრე. უმაღლესი განათლება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე მივიღე.
სტუდენტობის წლები სხვადასხვა საქმიანობით იყო დატვირთული – მარკეტიდან დაწყებული, არაერთი სამუშაო გამოვცადე. ეს ძიების პერიოდი იყო: ვცდილობდი, ღირსეული ანაზღაურება მეპოვა, თუმცა უშედეგოდ.
საბოლოოდ, ემიგრაციაში წასვლა გადავწყვიტე. თავიდან სამშობლოსგან შორს ყოფნა ძალიან მიჭირდა, თუმცა წლებმა შეგუება მასწავლა. თავისუფალ დროს ყოველთვის ვცდილობ, დავბრუნდე ჩემს ქალაქსა და სოფელში, იმ ფესვებთან, საიდანაც ჩემი ისტორია დაიწყო.
–როგორი ადამიანია თქვენი ფოტოების მიღმა?
-ამბიციური ადამიანი, რომელსაც საკუთარი საქმე ძალიან უყვარს.
– რა ემოცია ახლავს ზუგდიდში დაბრუნებას?
– სამწუხაროდ, უკეთესობისკენ თითქმის არაფერი იცვლება. ეს გულს მტკენს. პირველ რიგში, ინფრასტრუქტურაა მოსაწესრიგებელი. ეკონომიკურ მდგომარეობასა და ადამიანების ყოველდღიურ ყოფაზე კი საუბარიც ზედმეტია.

–რა უფრო გიზიდავთ – ადამიანების ისტორიები თუ ადგილების ხასიათი?
-ხედვასა და განცდებზეა დაფუძნებული.
–გაქვთ კადრი, რომლის გადაღებაც ემოციურად განსაკუთრებით გაგიჭირდათ?
– კი, ძალიან მიჭირს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველოში ვარ. ემოციურად მძიმეა იმ სახლებისა და ეზოების გადაღება, რომლებიც ოდესღაც სავსე იყო სიცოცხლით, დღეს კი დაცარიელებული და მიტოვებულია.

–რამდენად ჰგავს თქვენი ფოტოები თქვენს შინაგან სამყაროს?
– ჩემი თითოეული ფოტო ჩემი შინაგანი სამყაროს ანარეკლია. ვიღებ იმ ფერებითა და ხედვით, რომლებიც ჩემთვისაა დამახასიათებელი.
–რა ვერ გადაიღეთ, თუმცა დღემდე გახსოვთ?
– ბავშვობაში ხშირად დავდიოდით ექსკურსიებზე და ბევრი ადგილი მაშინ თავისი ბუნებრივი სილამაზით მახსოვს. განსაკუთრებით სვანეთის ტური მახსენდება. დღემდე მწყდება გული, რომ მაშინ ნანახი სილამაზის კადრებად აღბეჭდვა ვერ შევძელი.

– AI-ის მიერ შექმნილი გამოსახულება ფოტოგრაფიაა?
-არანაირად. ხელოვნური ინტელექტი ადამიანი არ არის და ფოტოგრაფის ადამიანურ ხედვას ვერ ჩაანაცვლებს.
–რამდენად დიდია AI-ის საფრთხე ფოტოგრაფიისთვის?
– ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ ფოტოგრაფიას კი არა, ადამიანებს საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში უქმნის საფრთხეს. ეს სამწუხაროა.
– ფირი თუ ციფრული ფოტოგრაფია?
-ვისაც ნამდვილი ფოტოგრაფია ესმის და უყვარს, მისთვის ფირზე გადაღება ერთი სიამოვნებაა. თუმცა საქართველოში ფირის დამუშავება და ბეჭდვა თითქმის შეუძლებელია, ამიტომ ამ მიმართულებით ჯერ არ ვმუშაობ.
–შეცვალა ფოტოგრაფიამ თქვენი დამოკიდებულება ადამიანებისა და სამყაროს მიმართ?
-ძალიან. ფოტოგრაფიამ ადამიანებისა და სამყაროს მიმართ ჩემი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეცვალა. როცა მეკითხებიან, გადაღება არ გეზარებაო, ვხვდები, რომ ზოგიერთისთვის ფოტოგრაფია მხოლოდ ფოტოს გადაღებაა და არა ის დაკვირვება, შრომა და შინაგანი კულტურა, რასაც ეს პროცესი მოითხოვს.

–რამდენად კრიტიკული ხართ საკუთარი ნამუშევრების მიმართ?
-ძალიან კრიტიკული ვარ. ყოფილა შემთხვევა, როცა ფოტო გამომიქვეყნებია, შემდეგ წამიშლია, იმავე ადგილზე დავბრუნებულვარ და თავიდან გადამიღია.
–რა გაძლევთ შემოქმედებით მოტივაციას?
– საკუთარი საქმის სიყვარული.
– როგორ გინდათ, დაიმახსოვრონ თქვენი ფოტოები?
– მინდა, რომ ჩემი ფოტოები ერთი ნახვით იყოს ცნობადი თავისი უბრალოებით – რადგან გულით გაკეთებული ნებისმიერი რამ ყოველთვის ლამაზი და კარგი გამოდის.
მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ
