შეხვედრა “ზუგდიდის პოლიტექნიკური კოლეჯის რეაბილიტაციისათვის”


დღეს, საინიციატივო ჯგუფმა “ზუგდიდის პოლიტექნიკური კოლეჯის რეაბილიტაციისათვის” სამუშაო შეხვედრა გამართა თემაზე “რეგიონის ეკონომიკური განვითარება და პროფესიული განათლება”. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ პოლიტექნიკური კოლეჯის რეაბილიტაციისათვის შექმნილი ჯგუფი და ქ. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიურო.  საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი და კოლეჯის ყოფილი დირექტორი იზოლდა ხასია ითხოვს ზუგდიდში თავიდან დაფუძნდეს პროფესიული სასწავლებელი, რომელიც 80 წელი ემსახურებოდა ქალაქს. “ერთი წუთითაც არ შეჩერებულა ამ სასწავლებლის აღდგენაზე მოთხოვნა. სასწავლებელი უნდა იყოს ტექნიკური და აგრო მიმართულების. გვინდა ისეთი სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შესძლებენ დასაქმებას ყველა სფეროში და ეს სასწავლებელი ურთიერთობაში იქნება, როგორც დამსაქმებლებთან, ასევე საზოგადოების წარმომადგენლებთან.” შეხვედრაზე იზოლდა ხასიამ ყურადღება გაამახვილა პრემიერ -მინისტრის მამუკა ბახტაძის ინიციატივაზე, რომ ზუგდიდში უნდა აშენდეს პროფესიული სასწავლებელი. “პრემიერმა აღნიშნა, რომ ზუგდიდში უნდა აშენდეს პროფესიული სასწავლებელი. ჩვენ პრემიერს იმაზეც უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ჩვენ ასაშენებელი არაფერი არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს შენობა, რომელსაც სჭირდება რეაბილიტაცია”-აღნიშნა ხასიამ.

საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრმა მათი მიმართვა გადაუგზავნა განათლების მინისტრს. “განათლების მინისტრისგან მივიღეთ პასუხი, რომ მიესალმებიან ისინი ზუგდიდში პროფესიული სასწავლებლის დაფუძნებას და ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს”.

ყოფილ პოლიტექნიკურ სასწავლებელში ამჟამად იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ. იზოლდა ხასიას განმარტებით, შენობიდან აუცილებლად უნდა მოხდეს დევნილების გაყვანა. “მანამდე დევნილები არავის შეუსახლებია. დევნილები შესახლდნენ 2012 წლის 5 ოქტომბრიდან”.

თავის მხრივ, მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია არსებობდეს ისეთი ტიპის პროფესიული სასწავლებელი, რომელიც კვალიფიციურ -პროფესიულად მომზადებულ ადამიანებს მიაწვდის განვითარების შრომით ბაზას. “ძალიან მნიშვნელოვანია, მაღალი დონის პროფესიონალური სასწავლებელი არსებობდეს ჩვენს რეგიონში. რადგანაც ყველა ანალიზი აჩვენებს, რომ ესეთი მოთხოვნილება რეალურად დგას ჩვენი მოსახლეობის წინაშე. თუ როგორი იქნება კონფიგურაცია, რა ფორმით იქნება შესაძლებელი მისი ჩამოყალიბება, როგორი იქნება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ამაზე მსჯელობა და მუშაობაა საჭირო.”

დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საწარმოო სფეროს ხელმძღვანელები და სხვა დაინტერესებული პირები.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!