,,შეკავშირების მომენტი’’, ანუ ჟურნალისტთა რიგგარეშე ყრილობის კვალდაკვალ


ყველაფერს თავისი ბედი აქვს, მათ შორის… ჟურნალისტთა კავშირს. თითქოს, დროსთან ერთად ვითარდები, თავისუფლების სიოთი ტკბები, 9 აპრილს დანთებული ცეცხლით ძლიერდები, კვალდაკვალ მიყვები ეროვნულ გმირებს, თავადაც იბრძვი, დამოუკიდებელი ხდები, საერთო კატაკლიზმებში, დაპირისპირებაში შენს ადგილს იკვალავ, ეძებ…

და მერე, რაღაც შეუმჩნევლად იკარგები-რაღაცით განაწყენებული? იმედგაცრუებული? მუდმივი ქიშპობის პირობებში გეზდაკარგული? იარლიკმიკერებული? პასუხისმგებლობა დაკარგული? თავდაკარგული?… მოკლედ, იკარგები, ვიწრო სივრცეში მშვიდად-ან არც ისე მშვიდად მოკალათებული…

ეს, ცხადია, ემოციებია, მათ უკან კი, კონკრეტული ფაქტები, სახელები, პრობლემებია… ისტორიაა, რომელსაც ყოველთვის სჭირდება გააზრება… მაგრამ ახლა მთავარია, რომ გაჩნდა სტიმული განახლებისა…ისევ ,,შეკავშირებისა’’…

როდესაც დამირეკეს, რომ “საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის” რიგგარეშე ყრილობა ტარდება, გამოგიტყდებით, დავიწყე ინტერნეტში ქექვა-ეგ ის კავშირი იყო, რომლის წევრი და დელეგატი ოდესღაც ვიყავი… ერთ სტატიაში ამოვიკითხე, რომ ჟურნალისტთა ფედერაციის ბოლო თავმჯდომარე აკაკი სიხარულიძე იყო და შემდეგ მან ფუნქციონირება შეწყვიტა (მერე, მართლაც, თითქმის არავინ შეგვხმიანებია, ყოველ შემთხვევაში, გაზეთ ,,ზუგდიდის’’ რედაქციაში, სადაც ყველაზე მეტი კავშირის წევრი ირიცხებოდა). მეორე სტატია იუწყებოდა, რომ საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელმა ასოციაციამ (IAGJ) ჩაანაცვლა საბჭოთადროინდელი გაერთიანება, თუმცა არ გამხდარა მისი აქტივების სამართალმემკვიდრე, კერძოდ, “ჟურნალისტთა სახლი” გაიყიდა და თავისი ფუნქცია დაკარგაო…
“ჟურნალისტთა სახლი”, ვიცოდი, რომ სამწუხაროდ, ნამდვილად გაიყიდა… რაც შეეხება “სამართალმემკვიდრეს”, აღმოჩნდა, რომ ეს სწორედ “ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი” იყო, რომელიც ამჟამად ფლობს საოფისე ფართს ჭავჭავაძის გამზირზე. სწორედ ამ კავშირის თავმჯდომარის, ბატონ ჰ. გეგიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რიგგარეშე ყრილობაზე იწვევდნენ, მათ შორის ,,ძველ სიებში აღმოჩენილ წევრებს’’, რათა დებულების თანახმად, აერჩიათ ახალი ხელმძღვანელი.
ყრილობას, ცხადია, მოსამზადებელი პერიოდი უძღოდა წინ, რომლის დროსაც, ძირითადი პრობლემების გააზრება, თუ დაპირისპირება-კონკურენცია, ეტყობა, თითქმის მომთავრებული იყო, რადგან ყრილობაზე, მიუხედავად გარკვეული წინააღმდეგობისა, თითქმის ერთხმად, მიიღეს გადაწყვეტილება წესდებაში გარკვეული ცვლილებების შეტანის შესახებ, მათ შორის გადაწყდა, რომ მომდევნო პერიოდს “ჟურნალისტთა კავშირს” უხელმძღვანელებს ორი თანათავმჯდომარე, ეს აიხსნა კავშირის წინაშე მდგარი ამოცანების სირთულით და კოლეგიალობის განმტკიცების აუცილებლობით.
ჩატარებული არჩევნების შედეგად, ოთხი წარმოდგენილი კანდიდატიდან აბსოლუტური უმრავლესობით, თანათავმჯდომარეებად, აირჩიეს ქალბატონები: მარინა თექთუმანიძე და მარინე გიგინეიშვილი. ორივე დიდი პროფესიული გამოცდილების მქონეა. ქალბატონი მარინა თექთუმანიძე წლების განმავლობაში, კავშირის გამგეობის წევრი და ჟურნალისტების ერთგული მხარდამჭერი იყო. ქალბატონი მარინე გიგინეიშვილი, რომელიც დამოუკიდებელი გამოცემების რედაქტორობის ტვირთის გაწევას არ შეუშინებია და არ დაუღლია, “ჟურნალისტთა კავშირის” განახლების იდეით ,,დაავადებულა’’… რაც მთავარია, ეს ტანდემი თვლის, რომ ერთმანეთის, გამგეობის, ჟურნალისტების მხარდაჭერით ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჭავჭავაძის 17A -ში ყველა ჟურნალისტს მიესვლებოდეს… ყრილობამ მათ ნდობა გამოუცხადა…

მახსოვს, 35 წლის წინ , ჟურნალისტთა ყრილობაზე, ,,ახალგაზრდათა კვოტით’’ გამოსვლისას, იქნებ, ცოტა კატეგორიულად, განვაცხადე, ,,თუ გვინდა განახლება და წინსვლა, უნდა განვაახლოთ რედაქციები ახალგაზრდა კადრებით’’… რთული არაა, ჩემი ასაკის გამოთვლა, მაგრამ დღესაც ასე ვფიქრობ… თუმც არც მაშინ, და არც დღეს არ მიგულისხმია, რომ ეს უფროსი თაობის უგულვებელყოფას ნიშნავს და ამართლებს… ახალგაზრდობა თავისთავად, არც პროგრესულობას ნიშნავს ყოველთვის…
ეს იმიტომ გამახსენდა, რომ ყრილობაზე, სიხარულის გარდა, ამდენი ჩემი და უფროსი თაობის ცნობილი ჟურნალისტი, რედაქტორი რომ ვნახე, რომლებიც თავის დროში თავის გასაკეთებელს ღირსეულად აკეთებდნენ და ახლაც პროფესიის ერთგულნი დარჩნენ, სინანულიც ვიგრძენი… ახალგაზრდა სახეების ნაკლებობის გამო… თუმც, ეს არც იყო გასაკვირი… კავშირი ახლა იწყებს იზოლაციიდან გამოსვლას… მასზე იქნება დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ის თავისი ადგილის განმტკიცებას, გაძლიერებას, საერთო პროფესიული პლატფორმის შექმნას … ეს უკანასკნელი, ხანდახან, ვაღიარებ, თითქმის შეუძლებლად მიმაჩნია, იმდენად მკვეთრია, ისევე როგორც საზოგადოებაში, დაპირისპირება თავად მასმედიაში… საკამათო ისიცაა, რა არის ,,ობიექტური’’ თუ ,,სუბიექტური’’ ინფორმაცია, ჟურნალისტური ეთიკა … თავისთავად აზრთა თუ პოზიციათა თავისუფალი ჭიდილი არის კიდევაც დემოკრატია… ოღონდ აუცილებელი ,,შეკავშირების მომენტები’’ არ უნდა გამოგეპაროს, რომ შედეგად მთავარი ღირებულებები-პროფესიული, თუ ეროვნული-არ დათმო.
18 მარტს ჩატარებულ ჟურნალისტთა რიგგარეშე ყრილობას, არც შემდეგ, ქართული ჟურნალისტიკის დღეს, დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია თავად მასმედიის მხრიდანაც. ზოგი 21 მარტს მის აღნიშვნას არ ეთანხმება, ზოგი მხოლოდ ბეჭდური მედიის დღედ თვლის… და კიდევ არაერთი სხვა მიზეზია საგულისხმო…
საქართველოში არის ჟურნალისტური გაერთიანებები, რომლებიც სერიოზულ როლს ასრულებენ სიტყვის თავისუფლების განმტკიცებაში, ჟურნალისტების პროფესიულ ზრდაში… არიან პროფესიონალები, რომლებიც თავიანთ კონკრეტულ სივრცეში ,,საქვეყნო ხმაურის’’ გარეშე, ბევრისთვის შეუმჩნევლად, თავდადებით შრომობენ… საერთო საქმეს წაადგება, თუ ძლიერ ,,მოთამაშედ’’ მოგვევლინება ავტორიტეტული, თავისუფალი ჟურნალისტთა კავშირი, რომელიც დემოკრატიის პრინციპებს და ჟურნალისტთა უფლებებს დაიცავს… განსხვავებების მიუხედავად… მათ შორის გაჭირვების დროს… მათ შორის კონკრეტული დახმარებით… ადვოკატირებით… პატივის მიგებით… გახსენებით… თუ მოვინდომებთ, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის წიგნაკი, თუ სამკერდე ნიშანი ყველა ჟურნალისტისთვის იქნება პროფესიული სიამაყის და დაცულობის გარანტი. რატომაც არა?!

მარინა ქარდავა


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!