- უფლის დედის სამოსი საქართველოში 1453 წელს ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ მოხვდა. იგი ჯერ ბედიის ტაძარში, შემდეგ ხობის ეკლესიაში ყოფილა. 1533 წლიდან კი ლევან დადიანს სამთავრო სასახლეში დაუბრძანებია.
გადმოცემის მიხედვით, ძმები გალბიუსი და კანდიდი წმინდა ადგილების მოსალოცად კონსტანტინეპოლიდან პალესტინაში გაემგზავრნენ. ერთ სახლში სტუმრების ყურადღება ანთებულმა სანთლებმა და საკმევლის სურნელებამ მიიპყრო. კეთილმსახურმა ქალმა ძმებს გაუმხილა რომ ძვირფას სიწმინდეს, ღვთისმშობლის სამოსელს იცავდა. ძმებმა ძვირფასი კიდობანი წმიდა სამოსელით კონსტანტინეპოლში გადაასვენეს და საგვარეულო ტაძარში დააბრძანეს. 469 წლის 2 ივლისს წმინდა გენადი კონსტანტინეპოლელმა ახალ კიდობანში ჩაბრძანებული სიწმინდე შესაფერისი პატივით გადაასვენა ვლაქერნაში, ზღვის სანაპიროზე.
ღვთისმშობლის კვართის საქართველოში მოხვედრის რამდენიმე ვერსია არსებობს. ჩვენი აზრით, ყველაზე სარწმუნო თეატინელთა მისიის პრეფექტის, ჯუზეპე მარია ძამპის ცნობა გახლავთ: “კოლხეთში ბევრი რელიქვიაა. მათ მთავრებს კავშირი ჰქონდათ კონსტანტინოპოლის იმპერატორებთან, რომლებიც ისევე, როგორც სასულიერო პირები, ბევრ რელიქვიას უგზავნიდნენ საჩუქრად. სიწმინდეები მიიღეს იმ წმინდა მამათაგან, რომელნიც თურქებისაგან კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ მაჰმადიანთაგან თავის დასაღწევად სამეგრელოში გადაიხვეწნენ. ამბობენ, რომ მაშინ კოლხეთში ერთმა მთავარეპისკოპოსმა ჩაიტანა ერთი მტკაველი ნაჭერი ძელი ჭეშმარიტისა და კვართი, რომელიც ღვთისმშობელს ეკუთვნოდა. ჩვენს პატრებს იგი უნახავთ. ტილო, რომლისგანაც შეკერილია ყვითელი ფერისაა, აქა-იქ დაჩითულია ყვავილებით და მოქარგულია. სიგრძით რვა რომაული მტკავლის ოდენაა, განით კი ოთხისა, აქვს ერთი მტკაველი მოკლე მკლავები და ვიწრო საყელო. მეც მინახავს იგი ხობის ეკლესიაში… კვართი ინახება ვერცხლით მოჭედილ, ყვავილებით მორთულ აბანოზის ყუთში”.
ქრისტიანული ხელოვნების ფონდის მცველი ლილი ბერაია